თმის ცვენა ბავშვებში - მიზეზები და მკურნალობა

03-10-2022

რატომ სცვივათ პატარებს თმები?

თმის ცვენა, ანუ ალოპეცია, სამწუხაროდ, მხოლოდ მოზრდილებს არ აწუხებს. კარგი ამბავი ის არის, რომ სწორი დიაგნოზით თმის ცვენის პრობლემა, უმეტეს შემთხვევაში, წარმატებით აღმოიფხვრება.

ბავშვებში თმის ცვენის სამედიცინო მიზეზებია:

  • ბუდობრივი ალოპეცია

ბუდობრივ ალოპეციას იწვევს იმუნური სისტემის მიერ საკუთარ თმის ფოლიკულებზე თავდასხმა. მას ახასიათებს თმის ცვენა მხოლოდ გარკვეულ უბნებში, რაც თავზე მრგვალ ან ოვალურ ლაქებს ტოვებს. ლაქები არის გლუვი და არ შეიცავს ქერცლს ან თმის ძირებს. ბავშვების დაახლოებით 25%-ს ამ დროს ასევე აღენიშნება ფრჩხილების მტვრევადობა და ნაპრალები. მიუხედავად იმისა, რომ ბუდობრივი ალოპეციის სრული განკურნება ვერ ხერხდება, სწორი მკურნალობით დაავადების კონტროლი შესაძლებელია. დაავადების განვითარების პროგნოზირება რთულია, ზოგ შემთხვევაში თმის ზრდა აღდგება, ბავშვების დაახლოებით 5%-ში კი დაავადება პროგრესირებს ტოტალური ალოპეციამდე. ასევე შეისაძლებელია განვითარდეს უნივერსალური ალოპეცია - სხეულის თმის სრული ცვენა. უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის მკურნალობა მოიცავს კორტიკოსტეროიდულ მალამოებს ან კრემებს. თინეიჯერებისთვის, რომლებიც შეიძლება უფრო მოტივირებულნი იყვნენ თმის დასაბრუნებლად, ასევე განიხილება სკალპში სტეროიდების ინიექციები. ნებისმიერ შემთხვევაში, მკურნალობას ექიმი ნიშნავს.

თმის ცვენა ბავშვებში, თმის ცვენა, ალოპეცია,

 

  • ტრიქოტილომანია 

ტრიქოტილომანია არის თმის ცვენა, რომელიც გამოწვეულია ბავშვის მიერ თავისივე თმის დაჭიმვით, მოჭრით, დაგრეხით ან ხახუნით, რაც ხშირია, ე.წ. ტიკების სახით. თმის ცვენა ბუდობრივია და დაზიანებულ უბნებში სხვადასხვა სიგრძის გატეხილი თმის ღერებია შესამჩნევი. დაზიანებული უბნები, როგორც წესი, ბავშვის დომინანტური ხელის მხარეს ჩნდება.
ტრიქოტილომანია შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის სტრესმა ან შფოთვამ, როგორიცაა ოჯახის წევრის დაღუპვა, და-ძმის დაბადება, მშობლების განქორწინება ან სკოლის სტრესი. 

  • ტელოგენური ალოპეცია

ტელოგენური ალოპეცია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც უეცარი და ძლიერი სტრესი, როგორიცაა მაღალი ცხელება, ოპერაცია ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, საყვარელი ადამიანის სიკვდილი, მძიმე ტრავმა ან გარკვეული მედიკამენტების გამოყენება, წყვეტს თმის ზრდის ნორმალურ ციკლს. თმის ფოლიკულების განვითარება ჩერდება და გადადის მოსვენების ფაზაში (ტელოგენური ფაზას). თმის ცვენა 6-16 კვირის განმავლობაში გრძელდება, რის შემდეგიც არის ნაწილობრივი ან სრული სიმელოტე.
სამწუხაროდ, ტელოგენური ალოპეციის დიაგნოსტიკის და მკურნალობის ზუსტი მეთოდები არ არსებობს. თუმცა სტრესული მოვლენის დასრულების შემდეგ, ჩვეულებრივ, თმის ზრდის პროცესი ნორმას უბრუნდება და თმა აღდგება ექვსი თვიდან ერთ წლამდე პერიოდში.


 თმის ცვენა ბავშვებში, თმის ცვენა, ალოპეცია,

  • კვებითი დეფიციტი

იშვიათ შემთხვევაში თმის ცვენის მიზეზი შეიძლება გარკვეული საკვები ნივთიერებების უკმარისობა იყოს, როგორებიცაა:
•    ვიტამინი H, ანუ ბიოტინი - B ჯგუფის ვიტამინების ერთ-ერთი კომპლექსი, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ნახშირწყლების გლუკოზად გარდაქმნაში.
•    თუთია, აუცილებელი მინერალი, რომელიც მონაწილეობს უჯრედული მეტაბოლიზმის მრავალ ასპექტში.
•    ზოგიერთ შემთხვევაში, თმის ცვენა შეიძლება A ვიტამინის სიჭარბით იყოს გამოწვეული.
თუ ეჭვი გაქვთ, რომ ბავშვს თმა არასრულფასოვანი კვების გამო სცვივა, საკვები დანამატების მიცემამდე აუცილებლად გაესაუბრეთ პედიატრს.

 

  • ენდოკრინული პრობლემები

ზოგიერთ შემთხვევაში თმის ცვენის გამომწვევი ჰიპოთირეოზია - მდგომარეობა, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი არასაკმარისად გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც საჭიროა მეტაბოლიზმის რეგულირებისთვის.
ჰიპოთირეოზის დიაგნოზი სისხლის ანალიზით დგინდება. მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ენდოკრინოლოგის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს დეფიციტური ჰორმონების ჩასანაცვლებლად, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება უამრავ ფაქტორზე, მაგალითად როგორიცაა: თქვენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და სამედიცინო ისტორია, დაავადების სიმძიმე, ბავშვის ტოლერანტობა კონკრეტული მედიკამენტების ან პროცედურების მიმართ, დაავადების პროგნოზი და ა.შ.

თმის ცვენა ბავშვებში, თმის ცვენა, ალოპეცია,

თმის ცვენის არასამედიცინო მიზეზები:

მიუხედავად იმისა, რომ თმის ცვენა უმრავლეს შემთხვევაში ექიმის ყურადღებას მოითხოვს, ის შეიძლება დროთა განმავლობაში თავისთავადაც მოგვარდეს.
ბავშვებში თმის ცვენის შესაძლო, არასამედიცინო მიზეზებია:

  • ახალშობილთა თმის ცვენა

ბევრი ახალშობილი კარგავს თმას სიცოცხლის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, რის შემდეგაც მუდმივი თმა ამოდის.

  • ხახუნი

3-დან 6 თვემდე ასაკში ბევრ ბავშვს აქვს ალოპეცია, რომელიც გამოწვეულია საწოლის ლეიბთან ან მანქანის სავარძელთან თავის ხახუნით.

  • თმის დაუდევარი მოპყრობა

თმის უხეშად დავარცხნამ, მჭიდროდ შეკვრამ ან აწევამ შეიძლება გამოიწვიოს მისი ცვენა. თმასთან უფრო ნაზი მოპყრობა საშუალებას მისცემს მას, რომ კვლავ გაიზარდოს.

ბავშვებში თმის ცვენის მრავალი მიზეზი არსებობს. თუ თქვენ სამედიცინო პრობლემაზე გაქვთ ეჭვი, ან გაქვთ შეკითხვები თმის ცვენასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ თქვენი შვილის პედიატრს დაუკავშირდეთ.

წყარო: webmd