ტკიპას ნაკბენი - ბორელიოზი (ლაიმის დაავადება)

24-08-2022

რა უნდა გავაკეთოთ ტკიპას ნაკბენის შემთხვევაში, რომ თავიდან ავიცილოთ გართულებები 

ამ თემაზე გვესაუბრება პედიატრი, ლიკა თედიაშვილი. 

ბუნებაში ტკიპას სხვადასხვა სახეობა არსებობს, ტკიპას გარკვეულ წარმომადგენლებს  შეუძლიათ ინფექციის გადატანა ადამიანის ორგანიზმში. აქ საგულისხმოა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება: გეოგრაფიული მდებარეობა (ე.წ. ინფექციის ენდემური კერა), ტკიპას სახეობა, სეზონი და ლაიმის დაავადების (ბორელიოზის) შემთხვევაში, თუ რა ხანგრძლივობით იყო ტკიპა მიმაგრებული კანზე.
სხეულზე ტკიპას აღმოჩენა უამრავი ადამიანის შეშფოთების მიზეზია. აღსანიშნავია, რომ ინფექციის გადატანის რისკები საკმაოდ მცირეა. ტკიპას მიერ ინფექციის გადატანა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ტკიპა მიმაგრებულია კანზე  >36 სთ. კანზე პარაზიტის დროულად აღმოჩენის და მოცილების შემთხვევაში (როდესაც ტკიპა არ არის ჯერ გაჯირჯვებული), ინფექციის გადატანის შანსი მინიმალურია და არის 1.2-1.4 %. ლაიმის დაავადების გამომწვევი ბაქტერია (ლათ: Borrelia burgdorferi)  გვხვდება ტკიპას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, ტკიპას ნაწლავებში თბილი სისხლის მოხვედრის შედეგად (როდესაც ტკიპა ჯირჯვდება), ის აქტიურდება და ხვდება პარაზიტის სანერწყვე ჯირკვლებში. აქედან კი ნერწყვის მეშვეობით ხვდება ადამიანის ორგანიზმში.

ტკიპას ნაკბენი, ტკიპა, ბორელიოზი, ლაიმის დაავადება,

ტკიპას კბენის შემთხვევაში ექიმმა საჭიროა მისდიოს შემდეგ ორ რეკომენდაციას:
•    გამოავლინოს ინფექციის არსებობა და უმკურნალოს   შესაბამისად
•    ჩაატაროს პროფილაქტიკური ღონისძიებები (მათ შორის ანტიბაქტერიული თერაპია).

არ აქვს აზრი წინასწარ ლაიმის დაავადების  გამოსავლენი ტესტების ჩატარებას. აღსანიშნავია, რომ დაინფიცირების შემთხვევაშიც კი აღნიშნული ტესტები  მგრძნობიარეა ინფიცირებიდან 2-6 კვირის შემდეგ.

რა უნდა გავაკეთოთ თუ სხეულზე ტკიპას შევამჩნევთ?

სხეულზე ტკიპას აღმოჩენის შემთხვევაში პირველ რიგში მას ფრთხილად ვიცილებთ, შემდეგ  ხდება დიფერენცირება, რომელი სახეობის ტკიპასთან გვაქვს საქმე. მხოლოდ ე.წ. ირმის ტკიპა (ინგ: deer tick, ლათ: Ixodes species) იწვევს  დაავადებას, ბორელიოზს. მოსაცილებლად ყველაზე კარგი საშუალება არის წვრილი პინცეტი, რომლითაც შეძლებისდაგვარად კარგად მოხდება ტკიპაზე მოჭიდება. არ გამოიყენოთ ლაქი, ვაზელინი, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება, რადგან ისინი იწვევენ პარაზიტის გაღიზიანებას, შედეგად ახდენს  მეტი რაოდენობით ნერწყვის გამოყოფას ჭრილობაში. მოკიდეთ პინცეტი რაც შეიძლება  კარგად და რაც შეიძლება კანთან ახლოს აკურატულად, მაგრამ ძლიერად გამოქაჩეთ კანიდან (არ დაატრიალოთ). არ გახეთქოთ და არ დაანაწევროთ ტკიპას სხეული. მოცილების შემდეგ კარგად დაიბანეთ ჭრილობა და ხელები წყლით და საპნით.
თუ ტკიპას ნაწილი ჩარჩა კანში, ის  თავისით მოსცილდება. არ დააზიანოთ კანი ზედმეტად უხეში მოძრაობებით.

ტკიპას ნაკბენი, ტკიპა, ბორელიოზი, ლაიმის დაავადება,

როდესაც ტკიპას მოვაცილებთ

საჭიროა განვსაზღვროთ ტკიპას მახასიათებლები: რომელი სახეობის ტკიპასთან გვაქვს საქმე, გაჯირჯვებულია თუ არა და დაახლოებით რამდენ ხანს იყო მიმაგრებული კანზე.
ტკიპა, რომელიც ყავისფერი შეფერილობის და ყაყაჩოს მარცვლის ან ფანქრის წვერის ოდენაა,  არის ირმის ტკიპა. ეს ტკიპა ბორელიოზის გადამტანი და ასევე შესაძლებელია სხვა ინფექციების გავრცელების წყაროც იყოს. ტკიპა, რომელსაც ყავისფერი შეფერილობა და ტანზე თეთრი ფერის საყელო აქვს,  ძაღლის ტკიპაა. ეს სახეობა ბორელიოზის გადამტანი არ არის, თუმცა შესაძლებელია გაავრცელოს ისეთი იშვიათი და საშიში დაავადება , როგორიცაა კლდოვანი მთების ლაქოვანი ცხელება. ტკიპა, რომელიც არის მოყავისფრო-მოშავო შეფერილობის, მოთეთრო ლაქით სხეულის ზედაპირზე, არის მდედრი, ლათ: Amblyomma americanum, მასთან ასოცირდება დაავადება - სამხრეთის ტკიპას მიერი გამონაყრით მიმდინარე დაავადება, ხასიათდება ასევე ბეჭდისებრი გამონაყარით, თუმცა არ ვითარდება ლაიმის დაავადებისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები.

ტკიპას ნაკბენი, ტკიპა, ბორელიოზი, ლაიმის დაავადება,

ტკიპა, რომელიც ჯერ არ არის მიმაგრებული სხეულზე, ან მიმაგრებულია,მაგრამ არ არის გაჯირჯვებული (რაც ნიშნავს, რომ მცირე დროა გასული კანზე მიმაგრებიდან) - არ წარმოადგენს ინფექციის გადამტანს (ბორელიოზის გამომწვევის გასააქტიურებლად საჭიროა, რომ ტკიპას ორგანიზმში მოხვდეს საკმარისი რაოდენობით სისხლი). ინფექციის გავრცელება ხდება მაშინ, როდესაც ტკიპა საკმარისად გაჯირჯვებულია.
კანზე მოხვედრის შემდეგ ტკიპას სჭირდება დაახლოებით 24 საათი, რათა მიემაგროს კანს.  თავდაპირველად ის მხოლოდ მოძრაობს კანზე, შემდეგ სასურველ უბანზე ახდენს მიმაგრებას.
სხეულზე მიმაგრების შემდეგ ტკიპა 36-48 სთ-ის განმავლობაში ახდენს სისხლის გამოწოვას ორგანიზმიდან (ამ დროს ის იღებს გაჯირჯვებულ შესახედაობას), რის შემდეგაც ხდება სპიროქეტას გააქტიურება ტკიპას ორგანიზმში და შესაძლებელია მოხდეს ადამიანის დაინფიცირება.

მკურნალობის საჭიროება

ამერიკის ინფექციურ სნეულებათა ასოციაცია იძლევა ანტიბაქტერიული თერაპიის რეკომენდაციას ყველა აღნიშნული ფაქტორის არსებობის შემთხვევაში (უნდა იყოს ყველა):
•    ტკიპა იდენტიფიცირებულია როგორც Ixodes scapularis(deer) tick.
•    ტკიპა კანზე მიმაგრებულია ≥36 სთ და მეტი ( შეფასება ხდება ტკიპას გაჯირჯვების მიხედვით).
•    ანტიბაქტერიული მკურნალობა უნდა ჩატარდეს ტკიპას მოცილებიდან არაუგვიანეს 72 სთ. განმავლობაში.
•    ტკიპას აღმოჩენა მოხდა გავრცელებულ ენდემურ რეგიონში (სადაც ხშირია ბორელიოზის შემთხვევები).
•    კონკრეტულ ადამიანს შეუძლია მიიღოს ანტიბიოტიკი - დოქსიციკლინი (არ აქვს რაიმე ალერგია ამ უკუჩვენება ამ წამლის მიმართ).
ყველა ამ ფაქტორის არსებობის შემთხვევაში ნაჩვენებია ანტიბაქტერიული მკურნალობა ერთჯერადად-დოქსიციკლინით. ზრდასრულებს 200 მგ, ბავშვებში 4 მგ/კგ დოზაზე გადაანგარიშებით, მაქს. დოზა-200 მგ.

ტკიპას ნაკბენი, ტკიპა, ბორელიოზი, ლაიმის დაავადება,
დაკვირვება დაავადების გამოვლენაზე

აღსანიშნავია, რომ დაავადება ადრეულ და გვიან სტადიაზეც განკურნებადია, შესაბამისი ანტიბაქტერიული თერაპიის შედეგად.

ტკიპას კბენის შემდეგ, დაავადების განვითარების ერთ-ერთი პირველი სიმპტომი არის ბეჭდისებრი გამონაყარის გაჩენა. ლათ: „erythema migrans”, რომელიც უვითარდება ინფიცირებულთა 80 %-ს, ხოლო 10-20 % ში ვითარდება მრავლობითი დაზიანებები.
ბეჭდისებრი ერითემა ვითარდება კბენიდან 1-4 კვირის განმავლობაში, აქედან აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 1/3 ადამიანებისა ადასტურებს ტკიპას კბენის შემთხვევას ანამნეზში (2/3 ვერ იხსენებს ფაქტს). გამონაყარი ვარდისფერი, ან მკვეთრი წითელი შეფერილობისაა, შესაძლებელია ჰგავდეს კანის ინფექციის კერას, მოიმატოს ზომაში რამდენიმე დღის განმავლობაში და მიაღწიოს 20 სმ დიამეტრს.  ზომაში მატებასთან ერთად გამონაყარის ცენტრი იღებს კანის შეფერილობას, ხოლო კიდეები რჩება მუქი (რაც აძლევს გამონაყარს ბეჭდისებურ შესახედაბას) . გამონაყარს, როგორც წესი, არ ახლავს კანის გაღიზიანების სიმპტომები, თუმცა შესაძლებელია ერთოდეს წვის ან ქავილის შეგრძნება.
სხვადასხვა ხასიათის გამონაყარი შესაძლებელია გამოიწვიოს ტკიპას ნერწყვის კომპონენტებმა, თუმცა ეს გამონაყარი არ წარმოადგენს ლაიმის დაავადებისთვის დამახასიათებელ ბეჭდისებრ ერითემას. სხვა სახის გამონაყარი (მაგ. ალერგიული) ვითარდება ტკიპას ჯერ ისევ კანზე არსებობისას, ან მოცილებისთანავე. ასეთ გამონაყარს არ ახასიათებს ზომაში მომატება. გამონაყარის განვითარების ან ბორელიოზზე რაიმე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, საჭიროა დროულად მოხდეს ექიმთან კონსულტაცია,  ჩატარდეს შესაბამისი დიაგნოსტირება და მკურნალობა.

 

(სტატია ნათარგმნია სამედიცინო პორტალ uptodate 2022 წლის განახლების მიხედვით)