შეერთებულ შტატებში ბავშვების დაახლოებით 20% სახლში ინგლისურისგან განსხვავებულ ენაზე საუბრობს. კვლევები მუდმივად ადასტურებს ბაშვებისთვის ბილინგვიზმის (ორენოვნების) სარგებლიანობას - ის ეხმარება ბავშვებს შეინარჩუნონ ძლიერი კავშირები ოჯახის ყველა წევრთან, ოჯახის კულტურასთან და მათ ეთნიკურ ჯგუფთან (ეს ყოველივე მნიშვნელოვანია ბავშვის იდენტობის განვითარებისთვის).
მითი: ჩვილი ბავშვისთვის ერთზე მეტი ენის გაცნობამ შეიძლება მისი მეტყველების განვითარების შეფერხება გამოიწვიოს.
ფაქტი: ენობრივი განვითარების ეტაპები ყველა ენის შემთხვევაში იდენტურია. სხვა ბავშვების მსგავსად, ორენოვანი ბავშვების უმეტესობა პირველ სიტყვებს ერთი წლის ასაკში წარმოთქვამს. ორი წლის ასაკისთვის ორენოვანი ბავშვების უმეტესობას შეუძლია გამოიყენოს ორსიტყვიანი ფრაზები. ეს განვითარების ეტაპები იდენტურია იმ ბავშვების მეტყველების განვითარებასთან, რომლებიც მხოლოდ ერთ ენას შეისწავლიან. ორენოვანმა ბავშვმა შეიძლება შეურიოს ერთი ენის სიტყვები სხვა ენის სიტყვებს. მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება ზოგიერთი ადამიანისთვის გაართულოს ბავშვთა კომუნიკაცია, ეს არ არის ანომალური ან შეფერხებული განვითარების ნიშანი.
მითი: ბავშვისთვის ორ ენაზე საუბარმა შეიძლება გამოიწვიოს მეტყველების დარღვევა.
ფაქტი: თუ ორენოვან ბავშვს აქვს მეტყველების პრობლემა, ეს ორივე ენაზე საუბრისას გამოჩნდება. თუმცა ეს პრობლემები ორი ენის სწავლით არ არის გამოწვეული. ბილინგვიზმი არასოდეს უნდა იქნას გამოყენებული მეტყველების დარღვევის ასახსნელად.
მითი: ორი ენის სწავლა ბავშვს დააბნევს.
ფაქტი: ზოგიერთმა ორენოვანმა ბავშვმა შეიძლება დროდადრო აურიოს გრამატიკული წესები, ან გამოიყენოს ორივე ენის სიტყვები ერთსა და იმავე წინადადებაში. ეს ორენოვანი ბავშვის მეტყველების განვითარების ნორმალური ნაწილია და არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი შვილი დაბნეულია. როგორც წესი, 4 წლის ასაკში ბავშვებს შეუძლიათ სხვადასხვა ენის გამოყოფა, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა ორივე ენა ერთსა და იმავე წინადადებაში აურიონ. ისინი საბოლოოდ ისწავლიან ორივე ენის სწორად გამიჯვნას.
მითი: მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვებს შეიძლება უფრო გაუჭირდეთ მეორე ენის შესწავლა.
ფაქტი: მეტყველებისა განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს შეიძლება უფრო გაუჭირდეთ მეორე ენის შესწავლა, მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ მათ უმეტესობას ეს მაინც წარმატებით გამოსდის.
მითი: ორენოვან ბავშვებს სკოლის დაწყებისას აკადემიური პრობლემები ექმნებათ.
ფაქტი: ის თუ როგორი სკოლა და გარემო შეეფერება ორენოვან ბავშვს, დამოკიდებულია მის ასაკზე. ოჯახის წევრების ენისგან განსხვავებულ ენაზე სწავლა საუკეთესო მიდგომაა უმცროსი ასაკში ბავშვებისთვის, მაგრამ ნაკლებად ეფექტურია უფროსი ასაკის მოსწავლეებისთვის - მათთვის უმჯობესია, განათლება მათთვის დომინანტურ ენაზე მიიღონ და პარალელურად მეორე ენა შეისწავლონ. კვლევები აჩვენებს, რომ მრავალენოვან ბავშვებს ბევრი აკადემიური უპირატესობა გააჩნიათ: მათ აქვთ პრობლემის გადაჭრისა და მრავალი დავალების ერთდროულად შესრულების შესანიშნავი უნარი და გაზრდილი კოგნიტური მოქნილობა.
მითი: თუ ბავშვი მეორე ენას ადრეულ ბავშვობაში არ ისწავლის, ის ვერასოდეს შეძლებს ამ ენაზე გამართულად მეტყველებას.
ფაქტი: მიუხედავად იმისა, რომ ენის სწავლისთვის იდეალური დრო ცხოვრების პირველი რამდენიმე წელია - ეს ტვინის განვითარებისთვის ყველაზე ინტენსიური პერიოდია - უფროს ბავშვებსა და მოზარდებს მაინც შეუძლიათ ისწავლონ და თავისუფლად ისაუბრონ მეორე ენაზე.
მითი: თუ ბავშვი ერთნაირად თავისუფლად არ ფლობს ორივე ენას, ის სინამდვილეში ორენოვანი არ არის.
ფაქტი: ბევრ ორენოვან ადამიანს აქვს დომინანტური ენა, რომელიც შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ხშირად იყენებს მას. მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი ან ზრდასრული ადამიანი ერთნაირად თავისუფლად არ ფლობს ორივე ენას, არ ნიშნავს, რომ ის არ არის ორენოვანი. ვერბალური კომუნიკაციის რეგულარული პრაქტიკა, წერასა და კითხვასთან ერთად, დაეხმარება ბავშვებს (და უფროსებს) შეინარჩუნონ მეორე ენის გამოყენებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები.
წყარო: healthychildren.org