მაიმუნის ყვავილი და ბავშვები - საეჭვო სიმპტომები

22-08-2022

მაიმუნის ყვავილი და ბავშვები: რა უნდა იცოდნენ მშობლებმა

ალბათ ყველა მშობელს აინტერესებს როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს მაიმუნის ამჟამინდელმა ეპიდემიამ პატარებზე. 

რა არის მაიმუნის ყვავილი?

მაიმუნის ყვავილი ვირუსული დაავადებაა. მისი სახელის მიუხედავად, გაურკვეველია, პირველად ვირუსი მაიმუნებში წარმოიშვა თუ არა. მაიმუნის ყვავილი არ არის ახალი დაავადება. მკვლევარებმა ის ადამიანებში პირველად ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ აღმოაჩინეს, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში, შემთხვევები ძირითადად ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში გვხვდებოდა. თუმცა, ბოლო დროს მაიმუნის ყვავილი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.

მაიმუნის ყვავილი, პანდემია, მაიმუნის ყვავილი ბავშვებში,

მაიმუნის ყვავილის სიმპტომები ბავშვებში:

სიმპტომები შეიძლება ვირუსთან ექსპოზიციიდან ხუთი დღიდან სამ კვირამდე პერიოდში გამოვლინდეს. მაიმუნის ყვავილის სიმპტომებია:

  • ცხელება
  • თავის ტკივილი
  • კუნთების ტკივილი
  • ლიმფური კვანძების შესივება
  • შემცივნება
  • დაღლილობა
  • ბუშტუკის მსგავსი გამონაყარი  სახეზე, პირის ღრუში და სხეულის სხვა ნაწილებზე, როგორიცაა ხელები, ფეხები ან მკერდი

გამონაყარი მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებული ყველაზე ნიშანდობლივი სიმპტომია და ის გადის რამდენიმე ეტაპს - ბრტყელი ლაქებიდან, წითელ ბუშტუკამდე, რომელიც შემდეგ ივსება სითხით და უჩნდება ქერქი, რომელიც გამოჯანმრთელების პერიოდში კანის ზედაპირიდან ძვრება. ზოგიერთ ადამიანს გამონაყარი გრიპის მსგავს სიმპტომების გამოვლენამდე უვითარდება, ზოგს კი - პირიქით. სხვები მხოლოდ გამონაყარს უჩივიან. ჩვეულებრივ, დაავადება ორიდან ოთხ კვირამდე გრძელდება.

მაიმუნის ყვავილი, პანდემია, მაიმუნის ყვავილი ბავშვებში,

როგორ ვრცელდება მაიმუნის ყვავილი?

ვირუსი შეიძლება რამდენიმე გზით გავრცელდეს, მათ შორისაა:

  • პირდაპირი კონტაქტი გამონაყართან, ნაწიბურთან ან ინფიცირებული პირის ფიზიოლოგიურ სითხეებთან
  • გახანგრძლივებული პირისპირ კონტაქტი (ჰაერში აეროზოლური ნაწილაკების მეშვეობით). თუმცა, მაიმუნის ყვავილის პირისპირ კონტაქტით გადაცემას უფრო მეტი დრო სჭირდება ვიდრე COVID-19-ის.
  • ინტიმური ფიზიკური კონტაქტი, მათ შორის კოცნა, ჩახუტება და სექსი
  • ნივთების გამოყენება, რომლებიც დაბინძურებულია ინფექციური გამონაყრის ნაწილაკებით ან ფიზიოლოგიური სითხეებით
  • ტრანსპლაცენტარული გზა (ორსულიდან ნაყოფზე)
  • ინფიცირებული ცხოველებისგან დაკბენა ან დაკაწვრა, ან დაბინძურებული ხორცის მომზადება ან მირთმევა
  • მაიმუნის ყვავილის გავრცელების ფანჯარა ინფიცირებულ პირში სიმპტომების დაწყებიდან გამონაყარის შეხორცებამდე და კანის ახალი ფენის ჩამოყალიბებამდე პერიოდშია. მკვლევარები ჯერ კიდევ ცდილობენ დაადგინონ ვრცელდება თუ არა ვირუსი ასიმპტომური პაციენტისგან.

მაიმუნის ყვავილი, პანდემია, მაიმუნის ყვავილი ბავშვებში,

საშიშია თუ არა მაიმუნის ყვავილი ბავშვებისა და ორსული ქალებისთვის?

მაიმუნის ყვავილი ჯერ კიდევ იშვიათ დაავადებად ითვლება. პაციენტების უმრავლესობა მკურნალობის გარეშე გამოჯანრთელდება. ამჟამინდელი ეპიდემიის შედეგად დღემდე არავინ გარდაცვლილა, მაგრამ სერიოზული გართულებები, მათ შორის პნევმონია და ტვინის ან თვალის ინფექციები, შეიძლება განვითარდეს. ბავშვები (განსაკუთრებით 8 წლამდე ასაკის ბავშვები) და ორსული ქალები დაავადების მძიმე ფორმის განვითარების გაზრდილი რისკის ქვეშ იმყოფებიან, ისევე როგორც იმუნოკომპრომეტირებული პირები და ადამიანები, რომლებსაც ანამნეზში დერმატიტი ან ეგზემა აქვს.

ვირუსი შეიძლება დედიდან ნაყოფზე გადავიდეს და ორსული ქალი განიხილება ნაწილობრივ იმუნიტეტდაქვეითებულად. მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ორი ვაქცინა არსებობს - JYNNEOS და ACAM2000. ისინი ლიცენზირებულია ამერიკის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) მიერ.

სამწუხაროდ, ორსული ქალებისთვის ACAM2000-ის მიღება არ არის უსაფრთხო და ასევე არასაკმარისი ინფორმაციაა ცნობილი ორსულ და მეძუძურ ქალებში JYNNEOS-ის გამოყენების შესახებ.  ორსულ ქალებს შეუძლიათ მიიღონ მკურნალობა მონოკლონური ანტისხეულების სახით.

FDA-ს არ აქვს ლიცენზირებული JYNNEOS-ის 18 წლამდე ასაკის ადამიანებში გამოყენება, მაგრამ 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის ACAM2000 ვაქცინას შეუძლია უზრუნველყოს დაცვა, განსაკუთრებით ვირუსთან ექსპოზიციის შემთხვევაში.

ვაქცინა დაავადების დამძიმების თავიდან ასაცილებლად და გამოჯანრთელების ხელშეწყობის მიზნით ინიშნება.  თუმცა, ის არ არის მიზანშეწონილი გარკვეული ჯგუფებისთვის, მათ შორის იმუნოკომპრომეტირებული პირებისთვის.

მაიმუნის ყვავილი, პანდემია, მაიმუნის ყვავილი ბავშვებში,

ექსპერტები ამბობენ, რომ ყველას - მათ შორის მშობლებს, ბავშვებსა და ორსულებს - შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს მაიმუნის ყვავილით დაინფიცირების რისკი შემდეგი ქმედებებით:

  • მოერიდეთ მჭიდრო კონტაქტს დადასტურებულ ან საეჭვო შემთხვევებთან.
  • თუ ადამიანს აქვს გამონაყარი, რომელიც ჰგავს მაიმუნის ყვავილს, არ შეეხოთ გამონაყარს ან ნაწიბურებს. ანალოგიურად, მოერიდეთ მის კანთან მჭიდრო კონტაქტს (როგორიცაა ჩახუტება), არ გაიზიაროთ მასთან ჭურჭელი და თეთრეული.
  • ხშირად დაიბანეთ ხელები, გამოიყენეთ საპონი და წყალი, ან ალკოჰოლის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალება.
  • გაიკეთეთ ვაქცინა, თუ გქონდათ ვირუსთან ექსპოზიცია ან დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებით.
  • ამჟამად, დაავადებათა კონტროლის სამსახური რეკომენდაციას მხოლოდ გარკვეული ჯგუფების ვაქცინირებას უწევს, მათ შორისაა:
  • ადამიანები, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირების მიერ, როგორც მაიმუნის ყვავილთან კონტაქტის მქონე.
  • ადამიანები, რომლებსაც სქესობრივი კონტაქტი ჰქონდათ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მაიმუნის ყვავილით დაავადებულ პაციენტთან.
  • ადამიანები, რომლებსაც ჰყავდათ მრავალი სექსუალური პარტნიორი ბოლო ორი კვირის განმავლობაში 
  • ლაბორატორიის მუშაკები
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკები

მაიმუნის ყვავილი, პანდემია, მაიმუნის ყვავილი ბავშვებში,

როდის უნდა დავუკავშირდეთ ექიმს?

დაუკავშირდით ექიმს, თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევს კონტაქტი ჰქონდა მაიმუნის ყვავილით დაავადებულ პირთან. ანალოგიურად, თუ თქვენს ოჯახში ვინმეს განუვითარდება აკნე ან ბუშტუკოვანი გამონაყარი ან მაიმუნების ყვავილისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები.

ჯანდაცვის პროვაიდერს შეუძლია მაიმუნის ყვავილით ინფიცირება ქსოვილის და/ან სისხლის ნიმუშის ტესტირებით დაადასტუროს.

წყარო: whattoexpect.com