როდის უნდა დაიგეგმოს პირველი ვიზიტი ორთოპედთან? საჭიროა თუ არა მენჯ-ბარძაყის ექოსკოპია 2 თვემდე და რატომ? ამ და სხვა საინტერესო შეკითხვებზე ბავშვთა ორთოპედ ტრავმატოლოგი, გიორგი ჭუმბურიძე გვესაუბრება.
- პირველი ვიზიტი ბავშვთა ორთპედთან საჭიროა შედგეს თვე, თვე-ნახევრის ასაკში. თუ გამოხატულია კიდურის თანდაყოლილი დეფორმაცია (ტერფმრუდობა, მტევანმრუდობა, კისერმრუდობა, ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა ან სხვა თანდაყოლილი პათოლოგიები, ტრავმული დაზიანებები და ა.შ.), საჭიროა პაციენტი გაისინჯოს სამშობიაროშივე.სასურველია, ყველა სამშობიაროს ჰყავდეს თავისი კონსულტანტ ორთოპედი.
- წამყვან განვითარებულ ქვეყნებში ყველა ბავშვის მენჯ-ბარძაყის სახსრის ექოსკოპია ტარდება თვე, თვე-ნახევრის ასაკში. ექოსკოპია საჭიროა იმისთვის, რომ ადრეულ ასაკში მოხდეს მენჯ-ბარძაყის დისპლაზიის დიაგნოსტირება და დაიწყოს დროული მკურნალობა. ბუნებრივია, შედეგიც უკეთესი იქნება.
- სასურველია მშობელმა გაიაროს ორთოპედთან ტრენინგი ბავშვის მოვლის შესახებ, არ აქვს მნიშვნელობა, გამოხატულია თუ არა რაიმე კლინიკური ნიშნები. პირადად მე არასწორად მიმაჩნია ონლაინრეჟიმში კონსულტაციის ჩატარება, რის ტენდენციაც არის, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში.
- წლამდე ასაკში საკმაოდ ხშირად არის გავრცელებული მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია, ტერფმრუდობა და ნევროლოგიური სტატუსის მქონე ბავშვებში სხვადასხვა ორთოპედიული პათოლოგია.
- რა შემთხვევაში სჭირდებათ პატარებს მასაჟი?
- პატარებს მასაჟი სჭირდებათ როგორც პროფილაქტიკურად, ასევე მენჯ-ბარძაყის სახსრის მსუბუქი დისპლაზიის დროს. სასურველია, სამკურნალო მასაჟი გაკეთდეს იმ ვადებში, რასაც მიიჩნევს სწორად ორთოპედი.
- როგორი უნდა იყოს ბავშვის პირველი ფეხსაცმელი?
- ბავშვის პირველი ფეხსაცმელი სასურველია იყოს ქუსლის ნაწილში მყარი, ოდნავ შემაღლებული, ფეხსაცმლის წინა მხარე - მობილური.
- კარგია თუ არა ბავშვის ფეხშიშველა სიარული და მითია თუ რეალობა, რომ ბავშვმა ფეხი ფეხშიშველმა უნდა აიდგას?
- ბავშვის ფეხშიშველი სიარული ატრენირებს ტერფის პლანტარული ნაწილის კუნთებს, რაც ტერფის მედიალური თაღის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
- როდის უნდა დაჯდეს და დადგეს ბავშვი და რომელ ასაკში უნდა გაიაროს?
- 6-7 თვის ასაკში ბავშვი იწყებს დაჯდომას. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს დაძალებით ფეხზე დაყენება. 11-12 თვის ასაკში ბავშვი იწყებს თანდათანობით სიარულს.
- რამდენად უწევთ რეკომენდაციას კენგურუებს, რა ასაკიდანაა დასაშვები მისი გამოყენება?
როდესაც ბავშვი დაახლოებით 6 თვის ასაკში იწყებს ჯდომას, კენგურუს გამოყენება ნებადართულია, მხოლოდ კენგურუებით, რომელსაც აქვს ფართო ჩასაჯდომი (M sitting postion).