ენდომეტრიუმი არის ქსოვილი, რომელიც საშვილოსნოს ამოფენს. ენდომატრიოზი კი არის დაავადება, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის ქსოვილი საშვილოსნოს გარეთ, სხეულის სხვადასხვა ნაწილში იზრდება. ენდომეტრიოზი გავლენას ახდენს ქალის ფერტილობაზე, ორსულობის პროცესზე და განვითარებად ნაყოფზე.
ენდომეტრიოზი ყველაზე მეტად გვხდება საკვერცხეებზე, ფალოპის მილებზე, საშვილოსნოს გარეთა კედელზე და საშვილოსნოს საფიქსაციო აპარატზე. ასევე დაავადების კერა შეიძლება იყოს საშო, ვულვა, მსხვილი ნაწლავი, შარდის ბუშტი ან სწორი ნაწლავი. ენდომეტრიოზი იშვიათად გვხვდება სხეულის სხვა ნაწილებზე, მაგალითად კანზე, ფილტვებზე ან ტვინის ქსოვილებში. ენდომეტრიოზით დაავადებულია 15-44 წლის ქალების 11%.
ენდომეტრიoზის ზუსტი გამომწვევი ჯერ ცნობილი არ არის. გამოვლენილია რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც ენდომეტრიოზის განვითარებას უწყობს ხელს:
• რეტროგრადული მენსტრუაცია: მენსტრუაციის დროს იმის მაგივრად, რომ ჩამოშლილი ენდომეტრიუმის ქსოვილი საშვილოსნოდან გამოიდევნოს, ის ფალოპის მილებში გადაადგილდება და მენჯის ღრუს ორგანოებზე ხვდება.
• იმუნური სისტემის დარღვევები: იმუნური სისტემის არასრულფასოვნების შემთხვევაში ის ვერ აღმოაჩენს და ვერ ანადგურებს საშვილოსნოს გარეთ გაზრდილ ენდომეტრიუმის ქსოვილს. ენდომეტრიოზის მქონე ქალებს ხშირად აქვთ იმუნური დაავადებები ან სიმსივნეები.
• ჰორმონები: ესტროგენის დონის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ენდომტერიოზის განვითარება, თუმცა ამის ბოლომდე დასამტკიცებლად კიდევ მრავალი კვლევის ჩატარებაა საჭირო.
• ქირურგიული ჩარევა: მუცლის ღრუში წარმოებული ოპერაციის დროს შეიძლება ენდომეტრიუმის ქსოვილის გადაადგილება შემთხვევით მოხდეს, მაგალითად, საკეისრო კვეთის ან ჰისტერექტომიის დროს. ეს ენდომეტრიოზის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზია.
• სხეულის ფიზიოლოგიური სითხეები: ენდომეტრიუმის უჯრედები შეიძლება ორგანიზმში ფიზიოლოგიური სითხეების გზით გავრცელდეს, მაგალითად სისხლით ან ლიმფით.
• ოჯახური ისტორია
• ადრეული მენარქე (პირველი მენსტრუაცია)
• მტკივნეული და უხვი მენსტრუაცია
• მოკლე მენსტრუალური ციკლი (27 დღეზე ნაკლები)
• ხანგრძლივი მენსტრუაცია(ერთ კვირაზე მეტი)
• ალერგია, როგორიცაა კვებითი ალერგია, ეგზემა ან თივის ცხელება.
• სიმსუქნე
• ტოქსინებთან ექსპოზიცია
ენდომეტრიოზის სიმპტომები
ენდომეტრიოზით დაავადებულ ქალებს შეიძლება სხვადასხვა სიმპტომი ჰქონდეთ. ზოგ ქალს სიმპტომები თითქმის არ აწუხებს, ზოგს კი ძლიერი ტკივილები ტანჯავს და ყოველდღიურ ფუნქციონირებაში ხელს უშლის. ენდომეტრიოზის სიმპტომები შეიძლება იყოს:
• მტკივნეული მენსტრუაცია
• ტკივილი მენჯის ღრუს არეში, მუცლის ქვემოთ, რომელიც მენსტრუაციის დროს ძლიერდება.
• ტკივილი სექსის დრო ან მას შემდეგ
• ტკივილი ოვულაციისას
• წელის ან ბარძაყების ტკივილი
• ტკივილი დეფეკაციისას
• ტკივილი მოშარდვისას
• შემცირებული ფერტილობა
• გულისრევა
• ლეთარგიულობა
• პრემენსტრუალური სიმპტომები
• გულისრევის შეგრძნება, ყაბზობა, დიარეა ან სისხლიანი შარდი მენსტრუაციის დროს.
• ძლიერი მენსტრუალური სისხლდენა
• ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემები
ენდომეტრიოზმა შეიძლება დეპრესიული გუნებ-განწყობა გამოიწვიოს.
ენდომეტრიოზის კლასიფიკაცია ემყარება მის მდებარეობას, გავრცელების ხარისხს, გავრცელების სიღრმეს და ენდომეტრიული ქსოვილის ზომას.
ენდომეტრიოზის სიმძიმეს საზღვრავენ მენჯის ღრუს ორგანოების დაზიანების ხარისხის, მენჯის ღრუში ადჰეზიების და ფალოპის მილების ბლოკირების არსებობის მიხედვით.
ენდომეტრიოზის სტადიები ყოველთვის არ შეეფერება ტკივილის და დისკომფორტის ხარისხს, ან ქალის შვილოსნობის უნარს, მაგალითად, შეიძლება პირველი სტადიის ენდომეტრიოზის მქონე ქალს ძლიერი ტკივილები ტანჯავდეს, მეოთხე სტადიის მქონე კი სრულიად ასიმპტომური იყოს.
ენდომეტრიოზი გავლენას ახდენს ქალის შვილოსნობის უნარზე და ამცირებს მას, თუმცა ენდომეტრიოზით დაავადებულ ბევრ ქალს შეუძლია შვილების გაჩენა. ენდომეტრიოზის მსუბუქი და საშუალო ფორმის მქონე ქალების 70% დაორსულებას ახერხებს ყოველგვარი სამედიცინო ინტერვენციის გარეშე. ენდომეტრიოზის ყველაზე მძიმე ფორმის დროსაც კი არის შესაძლებელი, რომ ქალი დაორსულდეს.
ენდომეტრიოზით დაავადებულ ქალებს ნორმალური ორსულობა აქვთ და განსაკუთრებული მონიტორინგი არ სჭირდებათ. ექიმი მხოლოდ სისხლის არტერიულ წნევას გაზომავს რეგულარულად.
ენდომეტრიოზის მქონე ქალებს რამდენიმე გართულების ოდნავ მომატებული რისკი აქვთ:
• სისხლდენა ორსულობის გვიან ვადაზე
• პლაცენტის წინა მდებარეობა
• ექტოპიური ორსულობა
• მცირე წონის მქონე ახალშობილის დაბადება
• ნაადრევი მშობიარობა
ორსულობის დროს ენდომეტრიოზი ნაწილობრივ ლაგდება, მაგრამ მშობიარობის შემდეგ შეიძლება ისევ დარჩეს ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემები.
ექიმი აგროვებს ანამნეზს და გამორიცხავს სიმპტომების გამომწვევ ყველა სხვა შესაძლო მიზეზს. ძლიერი მენსტრუალური ტკივილი, რომელიც ჩვეულებრივ ტკივილგამაყუჩებლებს არ ემორჩილება, ენდომეტრიოზზე მიანიშნებს.
დიაგნოზის დასაზუსტებლად ტარდება შემდეგი გამოკვლევები:
• ლაპარასკოპიული პროცედურაა, რომელიც ზოგადი ანესთეზიის ქვეშ კეთდება და იკვლევს მენჯის ღრუს ორგანოებს. ექიმი იღებს ენდომეტრიული ქსოვილის ნიმუშს, რათა დაადგინოს ენდომეტრიოზის გავრცელების ხარისხი და დაავადების სტადია.
• ულტრასონოგრაფია - ულტრაბგერით ტალღებს იყენებს სურათის მისაღებად. ულტრასონოგრაფიული კვლევა ტარდება ტრანსდუსერის მუცლის ზედაპირზე დადებით ან ტრანსვაგინალურად.
• კოლონოსკოპია სედაციის ფონზე ტარდება და ამ დროს ხდება მსხვილი ნაწლავის კამერით გამოკვლევა. დგინდება, არის თუ არა ენდომეტრიოზი გავრცელებული მსხვილ ნაწლავზე.
• სისხლის ანალიზი ინფორმატიულია ენდომეტრიოზის გვიან სტადიებში.
• CT სკანირება, ანუ კომპიუტერული ტომოგრაფია იყენებს რენტგენის სხივებს და კომპიუტერულ ტექნოლოგიებს სხეულის ზუსტი სურათის ასაგებად. კომპიუტერული ტომოგრაფიით ისეთი ანომალიების დადგენა ხერხდება, რომლებიც ჩვეულებრივ რენტგენოლოგიურ გამოკვლევაზე არ ჩანს.
• MRI სკანირება არაინვაზიური პროცედურაა, რომელიც შინაგანი ორგანოების ორგანზომილებიან სურათს აგებს.
ენდომეტრიოზის მკურნალობის გეგმა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, სიმპტომებზე, გადატანილ დაავადებებზე, მედიკამენტების მიმართ პაციენტის ამტანობაზე და ქალის მიერ შვილების ყოლის სურვილზე. ენდომეტრიოზის მკურნალობა შეიძლება იყოს როგორც ქირურგიული, ასევე კონსერვატიული.
ენდომეტრიოზის სამკურნალოდ გამოიყენება შემდეგი მედიკამენტები:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიცაა იბუპროფენი.
• ესტროგენის და პროგესტერონის შემცველი ორალური კონტრაცეპტივები, რომლებიც ოვულაციის და მენსტრუაციის პროცესებს არეგულირებს.
• მხოლოდ პროგესტერონის შემცველი მედიკამენტები.
• გონადოტროპინ რილიზინგ ჰორმონის შემცველი მედიკამენტები, რომლებიც საკვერცხეების ჰორმონულ აქტივობას თრგუნავს და ქიმიურ მენოპაუზას იწვევს.
• დანაზოლი, მამაკაცის სასქესო ჰორმონის, ტესტოსტერონის სინთეზური ანალოგი.
ენდომეტრიოზის სამკურნალოდ მიმართავენ შემდეგ ქირურგიულ ჩარევებს:
3. ლაპარასკოპია
მუცლის ზედაპირზე მცირე ზომის განაკვეთით ტროაკარი შედის მუცლის ღრუში და კვეთს ენდომეტრიუმის ქსოვილებს.
4. ლაპარატომია
უფრო ფართო მასშტაბის ოპერაციაა დიდი განაკვეთით მუცლის ზედაპირზე. ქირურგი ამოკვეთს ენდომეტრიუმის ზედმეტ ქსოვილებს მუცლის ღრუს ორგანოებიდან.
5. ჰისტერექტომია
ჰისტერექტომიის დროს ხდება საშვილოსნოს და ზოგჯერ საკვერცხეების და ფალოპის მილების ამოკვეთა. ამ ოპერაციას მიმართავენ მაშინ, როცა ყველა სხვა მკურნალობის მეთოდი არაეფექტურია.
6. ოპერაცია მსხვილ ნაწლავზე
მსხვილ ნაწლავზე ოპერაცია ტარდება, როცა ენდომეტრიუმის ქსოვილი მსხვილ ნაწლავზეა გავრცელებული.
ენდომეტრიოზის განვითარების რისკი შეგიძლიათ შეამციროთ ორგანიზმში ესტროგენის პროდუქციის შემცირების გზით.
შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი ზომები:
• ჰკითხეთ ექიმს რჩევა ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღების შესახებ.
• ივარჯიშეთ რეგულარულად, კვირაში 4 საათი მაინც, რათა შეამციროთ ორგანიზმის ცხიმოვანი მასა და შესაბამისად ესტროგენის პროდუქცია.
• მოერიდეთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებას, რადგან მან შეიძლება ესტროგენის პროდუქცია გაზარდოს.
• დღის განმავლობაში დალიეთ მხოლოდ ერთი კოფეინის შემცველი სასმელი. ყავაში და გაზიან სასმელებში შემავალი კოფეინი ასევე ზრდის სისხლში ესტროგენის დონეს.
შემდეგი მეთოდები შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს ენდომეტრიოზის სიმპტომების შესამსუბუქებლად:
• მცენარეული სამკურნალო საშუალებები: ჰომეოთერაპია, სამკურნალო მცენარეები, ნატუროთერაპია შეიძლება ეფექტური იყოს ქრონიკული ტკივილის შესამცირებლად.
• ტრადიციული ჩინური მასაჟი: ტრადიციული ჩინური მასაჟი სახელად ტუი ნა, კუნთების გაჭიმვით და მოშვებით ამცირებს ქრონიკულ ტკივილს.
• კვებითი თერაპია: მცენარეული პროდუქტებით მდიდარი დიეტა, რომელიც ცხიმების შეზღუდულ რაოდენობას შეიცავს ამცირებს ესტროგენის პროდუქციას.
• იოგა: იოგა ეფექტურია მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილის შესამცირებლად. იოგა ასევე აუმჯობესებს ენდომეტრიოზით დაავადებული ქალების ცხოვრების ხარისხს.
წყარო: momjunction.com