ხელის, ფეხის და პირის დაავადებაზე გვესაუბრება პედიატრი ლიკა თედიაშვილი. (hand-foot-and-mouth disease) ხელის, ფეხის და პირის დაავადება - ეს ერთ-ერთი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ხშირად გვხვდება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუმცა შესაძლებელია დაავადდეს 5 წელზე მეტი ასაკის ბავშვიც და ასევე ზრდასრულიც. დაავადება, როგორც წესი, მიმდინარეობს მსუბუქად, თუმცა ხასიათდება ძლიერი გადამდებლობით (კონტაგიოზურობით). სწრაფად ვრცელდება და უმეტესად გვხვდება ბავშვთა თავშეყრის ადგილებში - ბაღისა და სკოლის კონტიგენტში.
გამომწვევი მიზეზი ვირუსებია, ყველაზე ხშირად კი ეს არის კოქსაკის ვირუსი 16, რომელიც ენტეროვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება. თუმცა შესაძლებელია ენტეროვირუსების სხვა წარმომადგენელი იყოს ამ დაავადების მიზეზი. ხელის, ფეხის და პირის დაავადება მაღალი კონტაგიოზურობით (ანუ გადამდებლობით) ხასიათდება, დაინფიცირება ხდება დაავადებული ადამიანიდან ადამიანზე, ვირუსის სასუნთქ გზებში მოხვედრით. ასევე ხველის ან ცემინების შედეგად გამოყოფილი წვეთებით, კონტაქტური გზით - დაინფიცირებული ადამიანის ახლო კონტაქტის შედეგად, ბუშტუკებიდან გამოყოფილი სითხის გზით, დაინფიცირებული ნივთებიდან (პირადი ნივთები, ჭურჭელი, სათამაშო). დაავადებას ახასიათებს სეზონურობა და გვხდება უხშირესად გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომაზე.
სიმპტომები:
ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები: დაინფიცირებიდან 3-6-დღიანი ინკუბაციური პერიოდის შემდეგ ვითარდება დაავადების პირველი ნიშანი ცხელება, რასაც ერთვის სხვა „გრიპის მსგავსი“ სიმპტომები: კვების და სითხის მიღებაზე უარის თქმა, ყელის ტკივილი, სისუსტე.
პირის ღრუს სიმპტომატიკა: ცხელებიდან 1-2 დღეში ვითარდება პირის სიმპტომატიკა - ყელის ძლიერი ტკივილი და მტკივნეული გამონაყარი პირის ღრუში და ტუჩების ირგვლივ. გამონაყარი იწყება წითელი ლაქების სახით უპირატესად ყელში, შემდეგ კი ჩნდება მტკივნეული, სითხის შემცველი ბუშტუკები. ამ დროს ბავშვი უარს ამბობს საკვებისა და სითხის მიღებაზე, მომატებული აქვს ნერწყვდენა, იღებს მხოლოდ გრილ სითხეებს.
გამონაყარი: ვითარდება დამახასიათებელი გამონაყარი - ხელისა და ფეხისგულებზე, შესაძლებელია განვითარდეს ასევე იდაყვებზე, მუხლებზე, დუნდულოების და სასქესო ორგანოების მიდამოში. გამონაყარი იწყება ლაქის გაჩენით და შემდეგ ვითარდება სითხის შემცველი ბუშტუკები, აღნიშნული სითხე შეიცავს დაავადების გამომწვევ ვირუსს.
დიაგნოსტიკა: დიაგნოზის დასმა ძირითადად ხდება ანამნეზის და ობიექტური მონაცემების საფუძველზე: დაავადებული ადამიანის ასაკის გათვალისწინებით, გამონაყრის ხასიათის და სიმპტომების ერთობლიობის მიხედვით.
ვირუსის იდენტიფიცირება შესაძლებელია PCR კვლევის მეთოდით.
მკურნალობა: დაავადების სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, საჭიროა ცხელებისა და ტკივილის მართვა (გამოიყენეთ სტანდარტული დოზით იბუპროფენი ან პარაცეტამოლი) და ადექვატური რაოდენობით სითხის მიღება.
არ გამოიყენოთ ასპირინი ბავშვებში.
ხელის, ფეხის და პირის დაავადება, როგორც წესი მიმდინარეობს მსუბუქად და 7-10 დღეში სრული გამოჯანმრთელებით სრულდება. თუმცა იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს გართულება.
მიმართეთ ექიმს თუ:
• ბავშვი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით სითხეს.
• არ გაუმჯობესდა მდგომარეობა 10 დღის განმავლობაში.
• ბავშვს აღენიშნება რაიმე თანმხლები დიაგნოზი.
• სიმპტომები არის საყურადღებო (მაგ: ცხელება არის 39-40 გრადუსი და არ ემორჩილება ანტიპირეტულ საშუალებებს, გრძელდება 3 დღეზე ხანგრძლივად, გამონაყარი არის მთელ სხეულზე... და ა.შ)
• თუ ბავშვი არის 6 თვემდე ასაკის.
დაავადების პრევენციისა და თავიდან აცილების მიზნით მიზანშეწონილია:
• ხელების ხშირი დაბანა, ალკოჰოლის შემცველი ხელის ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება.
• ზედაპირების ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავება.
• სახესთან ხელის მიტანის თავის არიდება.
• დაინფიცირებულთან კონტაქტის თავის არიდება.
• დაინფიცირებული ბავშვის იზოლირება დაავადების სიმპტომების გაქრობამდე.
ამ ეტაპზე დაავადების თავიდან აცილების მიზნით ვაქცინა არ არის შემუშავებული.
გისურვებთ ჯანმრთელობას!