ერთი შეხედვით საშიში სიმპტომები და დაავადება, რომელიც 100 ბავშვიდან 15-ს უვითარდება. ცრუ კრუპის ნიშნებსა და გადაუდებელ დახმარებაზე გვაესაუბრება პედიატრი, ლიკა თედიაშვილი. სიმპტომები, რომლებიც ცრუ კრუპის დაავადებას ახლავს, არაერთ მშობელს აშფოთებს. ცრუ კრუპი ყოველი 100 ბავშვიდან დაახლოებით 15-ს უვითარდება. დაავადება ღამით, უმეტესად, გამთენიისას იწყება - პატარა მოულოდნელად იღვიძებს, ყეფისმაგვარ ხველას იწყებს და უჰაერობით შეწუხებული საწოლზე ჯდება.
ხველა მშრალია, სუნთქვა კი - ხშირი. ეს ცრუ კრუპია! მიუხედავად ამ სიმპტომებისა, მისი გადალახვა ადვილად შეიძლება.
ცრუ კრუპი წარმოადგენს სასუნთქი გზების დაავადებას, რომელიც ძირითადად გვხვდება წელიწადის ცივ დროებში და ვლინდება განსაკურებით ღამის საათებში. თუკი თქვენ ღამით გაღვიძებთ ბავშვის შემაწუხებელი მშრალი, შეცვლილხმიანი ხველა, ეს შეიძლება იყოს სწორედ ცრუ კრუპი. ზოგიერთი მშობელი ამ ხმიანობას ადარებს ძაღლის ყეფასაც კი, ბავშვი ჩასუნთქვის დროს გამოსცემს მსტვინავ ხმას. შეტევა განსაკუთრებით ვლინდება 1-5 წლამდე ასაკის ბავშვებში; შესაძლოა გამოვლინდეს უფრო პატარა ასაკიდან. ეს გამომდინარეობს სასულის სივიწროვიდან. ნებისმიერი ვირუსული ინფექცია იწვევს მისი ლორწოვანის შეშუპებას, გაღიზიანებას, რაც თავის მხრივ იწვევს ხველას და ხმის ჩახლეჩას.
ტერმინი კრუპი აერთიანებს ვირუსული ინფექციების ჯგუფს, რომელთა ზემოქმედება იწვევს ხორხისა და ტრაქეის ლორწოვანის შეშუპებას, შედეგად კი ვითარდება კრუპისთვის დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექსი: მყეფავი ხასიათის ხველა, ხმის ჩახლეჩა, ტემპერატურა (38º ან 100.4ºF-ზე მეტი), ხმაურიანი გაძნელებული ჩასუნთქვა (რომელიც ძლიერდება დატვირთვისას-მაგალითად ტირილი, გაღიზიანება). კრუპი უხშირესად ვითარდება ღამის პერიოდში, სეზონის მიხედვით კი გვხვდება ძირითადად შემოდგომასა და ზამთარში. უხშირესად წარმოადგენს ვირუსულ ინფექციას და ვრცელდება დასნებოვნებული ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით. კრუპის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ვირუსებია, იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს ბაქტერიული ან ალერგიული წარმოშობისაც. გვხვდება უფრო ხშირად 6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს 6 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშიც. ცრუ კრუპის სიმპტომები, ვითარდება ეტაპობრივად, დასაწყისი ისეთივეა, როგორიც ჩვეულებრივი, მარტივი გაციების დროს: ცხვირის გაჭედვა, გამონადენი ცხვირიდან, გაღიზიანებადობა, რასაც მოსდევს მყეფავი ხველა, ხოლო მყეფავი ხველის დაწყებიდან 12-48 საათში შესაძლებელია განვითარდეს სუნთქვის გაძნელება.
ცრუ კრუპი შესაძლებელია მიმდინარეობდეს მსუბუქი სიმპტომატიკით, ხოლო 2 დღეში სრულიად უკუგანვითარდეს. გახსოვდეთ, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო, თუ ბავშვს შეამჩნევთ რომელიმე ჩამოთვლილ სიმპტომთაგან:
• ძლიერ სიფერმკრთალეს ან კანის მოლურჯო შეფერილობას,
• გაძნელებულ სუნთქვას,
• ძლიერ გაღიზიანებას,
• უჩვეულო ძილიანობასა და მოთენთილობას,
• ასევე თუ ბავშვს უჭირს ლაპარაკი ან ტირილი ჰაერის უკმარისობის გამო.
• გახანგრძლივებული ხველა,
• მსუბუქი კრუპის ნიშნები, რომლებმაც არ გაიარა 1 კვირის განმავლობაში (აქ იგულისხმება მხოლოდ მსუბუქი მყეფავი ხველის ეპიზოდები, რომელსაც არ ახლავს ზოგადი მდგომარეობის დარღვევა),
• მომატებული დორბლდენა და ყლაპვის გაძნელება.
• აგრეთვე, თუ აღინიშნება ხმაურიანი სუნთქვა მოსვენებულ მდგომარეობაში,
• გულმკერდის ქვედა ნაწილის ან ნეკნთაშუა არეების ჩადრეკა სუნთქვის დროს,
• 3 თვემდე ასაკის - ბავშვებში ტემპერატურა 38º (ან მეტია) თუნდაც 1 დღე,
• 3 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში ტემპერატურა 38º (ან მეტი) 3 დღე და მეტი.
პირველ რიგში დაამშვიდეთ ბავშვი (როგორც წესი, ცრუ კრუპის გამოსავალი არაა ცუდი. უხშირესად ბავშვზე მოქმედებს არა რეალურად კრუპის შეტევა, არამედ მშობლების პანიკა და შიში. როცა ბავშვი ხედავს, რომ დედ-მამა არის მშვიდად და იციან როგორ მოიქცნენ, მასაც ეუფლება ნდობის შეგრძნება და მშვიდდება);
ჩააცვით ბავშვს თბილად და გაიყვანეთ ეზოში ან გამოაღეთ ფანჯრები და ასუნთქეთ პატარას ცივი ჰაერი; მეორეს მხრივ, შეგიძლით ბავშვს ასუნთქოთ დატენიანებული ჰაერიც. ამისთვის შეიყვანეთ პატარა აბაზანაში, სადაც მოშვებულია ცხელი წყლის ჭავლი. (აღნიშნული ღონისძიებები სასულის შეშუპებას ამცირებს); თუკი თქვენ ხედავთ, რომ ბავშვს არ ეხსნება შეტევა გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან მიმართეთ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. კრუპის მკურნალობა მოიცავს: დატენიანებული ჰაერის ან ჟანგბადის მიწოდებას სუნთქვის გასაუმჯობესებლად და მედიკამენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ შეშუპების შემცირებას სასუნთქ გზებში. კრუპის გამომწვევი არის ვირუსი, შესაბამისად, ამ დროს ანტიბიოტიკი არის არაეფექტური სამკურნალო საშუალება, რადგან ანტიბიოტიკები არ მოქმედებენ ვირუსებზე.
• დაატენიანეთ ბავშვის ოთახი ან მოუშვით აბაზანაში თბილი წყალი და დაყოვნდით ბავშვთან ერთად.
• ეცადეთ შეუქმნათ მშვიდი გარემო,
• უმკურნალეთ ცხელებას: გამოიყენეთ აცეტამინოფენი ან იბუპროფენი . (არ გამოიყენოთ ასპირინი),
• თუ ბავშვი 12 თვეზე მეტი ასაკისაა, დაალევინეთ დიდი რაოდენობით თბილი სითხე, ეს ლორწოვანის დატენიანებას და სუნთქვის გაადვილებას შეუწყობს ხელს.
• 12 თვეზე მეტი ასაკის ბავშვს დაადებინეთ თავი ამაღლებულად - ბალიშზე,
• 12 თვემდე ასაკის ბავშვებში ბალიშის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
• დაიძინეთ ოთახში ბავშვთან ერთად, რათა მყისიერად შენიშნოთ მდგომარეობის გაუარესება და საშიშროების ნიშნები (მაგ: სუნთქვის გახშირება, გაძნელება).
• არ მოწიოთ იმ ოთახში, სადაც იმყოფება ბავშვი.
• დარწმუნდით, რომ ბავშვი იღებს საკმარისი რაოდენობით სითხეს.
• როცა ბავშვი კრუპისადმი მიდრეკილია, შესაძლოა, შეტევა განმეორდეს. ამის თავიდან ასაცილებლად გაცივების პირველი ნიშნებისთანავე (უგუნებობა, უმადობა, სურდო, ყელის ტკივილი) ბავშვი უნდა მოვარიდოთ ცივ ჰაერსა და ცივ სითხეს;
• იმ ოთახში კი, სადაც პატარას სძინავს, გამათბობელთან წყლით სავსე თასი უნდა იდგას, ჰაერი რომ არ გამოშრეს.
• თუ ბავშვი ადვილად იღლება, აქვს ასაკისათვის უჩვეულოდ დიდი წონა, არის ნაკლებად მოძრავი და ა.შ., უნდა მოვარიდოთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას.
ასაკის მატებასთან ერთად, ცრუ კრუპის პრობლემა თავისთავად, შეუმჩნევლად მოიხსნება.
• დაიბანეთ ხელები ხშირად, ასევე დაბანეთ ხელები პატარას გამდინარე წყლით და საპნით.
• მოერიდეთ ვირუსით დასნებოვნებულ ადამიანებს.
• ჩაუტარეთ ბაშვს ყველა რეკომენდებული ვაქცინაცია.
გისურვებთ ჯანმრთელობას!