როდესაც ბავშვს კონცენტრაცია და მობილიზება უჭირს

27-02-2022

როგორ ვასწავლოთ ბავშვს, ფოკუსირდეს მხოლოდ ერთ ნივთსა თუ მოქმედებაზე, მუდმივად სხვადასხვა რამეზე ერთვება. არსებობს მოსაზრება, რომ საკმარისია  კონცენტრაციის გასავითარებელი რამდენიმე სავარჯიშო და პრობლემა მოგვარდება.  თუმცა უფრო ეფექტური ვარიანტებიც არსებობს, უნდა მოიძებნოს დეფექტი და აღმოიფხვრას იგი. 
ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდის მომენტში მშობლის ჩართულობა. ამ შემთხვევაში მთავარია ის, თუ რამდენად ხარისხიანად იქნება ჩართული მშობელი და არა ის, თუ რა ხანგრძლივობით. უფროსებს ხშირად ჰგონიათ ხოლმე, რომ თუ დროს ბავშვთან ერთად ატარებენ, აუცილებლად უნდა გაართონ და გაამხიარულონ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს დამოუკიდებლად თამაშის საშუალებაც მისცენ. კონცენტრაციის განვითარების  საუკეთესო საშუალება ბავშვისთვის დამოუკიდებლად თამაშია. ამ დროს არ უნდა შეაწყვეტინოთ თამაში. თუ ხედავთ, რომ ბავშვი გატაცებულია რაიმე საგნით, იქნება ეს სათამაშო თუ წიგნი, ეცადეთ არ ჩაერიოთ და არ გაუფანტოთ ყურადღება. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვი შეცდომით აკეთებს რამეს თუ არა, სწორედ დამოუკიდებლად, ვინმეს ჩაურევლად შესრულებული სამუშაო იძლევა საბოლოოდ შედეგს. თუ ბავშვს დახმარება დასჭირდა, ის აუცილებლად დაგიძახებთ.  მიეცით ბავშვს საშუალება, მაქსიმალურად გაამახვილოს ყურადღება თავის საქმიანობაზე. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ბავშვი სერიოზულს არაფერს აკეთებს, უბრალოდ საკუთარ ფეხებს ათვალიერებს, თუმცა სწორედ ამ დროს ხდება მისი ყურადღების კონცენტრაცია.  თქვენი მოვალეობაა ამ დროს არ გაართოთ ბავშვი სხვა არაფრით, მისცეთ საშუალება, თავად დაასრულოს ეს პროცესი. თუ სადემე ძალიან გეჩქარებათ, ბოდიში უნდა მოუხადოთ, მაგალითად, უკაცრავად, რომ გაწყვეტინებ, მაგრამ უნდა წავიდეთ. 

გრძნობების ჰიპერსტიმულაცია
ბავშვები გარე სამყაროს ერთიანად აღიქვამენ, თავისი დეტალებით, სუნით, ხმებით. რაც მეტი სტიმული და ნივთია მის ირგვლივ, მით რთულად აღიქვამს გარე სამყაროს. ამიტომ ეცადეთ დაათვალიეროთ ბავშვის ოთახი და თუ ზედმეტი ნივთები აქვს,  აარიდოთ.
რა არ უნდა იყოს ბავშვის ოთახში:
•    ზედემტად მკვეთრი ინტერიერი
•    ფონური ხმა
•    ეკრანი
•    მრავალფუნქციური, მყვირალა სათამაშოები
•    ბევრი, უსარგებლო სათამაშო

მთავარი პრინციპი ამ დროს გახლავთ ის, რომ ბავშვის ოთახი უნდა იყოს მოწესრიგებული და არ იყოს გადატვირთული. რამდენიმე თარო რამდენიმე სათამაშოთი, რომელსაც ბავშვი მარტივად მისწვდება და აიღებს, აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვმა თავად აარჩიოს სათამაშო და მისთვის საყვარელი თუ საინტერესო საქმიანობა. გახსოვდეთ, რომ ადრეულ ასაკში ამა თუ იმ საქმის მიმართ მოტივაციას განსაზღვრავს მხოლოდ ინტერესი და არაფერი სხვა. ოთახის მოსაწყობად შეგიძლიათ გამოიყენოთ მონტესორის მეთოდი. 
დაუკვირდით ბავშვს, ეცადეთ გაარკვიოთ, ძირითადად რა სახის აქტივობები იტაცებს, მოსწონს და ეცადეთ, რომ იმ მხრივ წაახალისოთ ხოლმე. 
არ არსებობს კონცენტრაციის განვითარების უნივერსალური ვარჯიშები, რაც ერთ ბავშვს აინტერესებს, შესაძლოა მეორეს საერთოდ არ მოეწონოს. 
მშობელმა უნდა შესთავაზოს მრავალფეროანი არჩევანი, მაგალითად სენსორული ყუთები, წვრილი სათმაშოები, სხვადასხვა სახის თამაში, ხატვა, ძერწვა, გაფერადება და ა.შ.  შეგიძლიათ დაიხმაროთ საოჯახო საქმეებშიც, მაგალითად სადილის მომზადებაში, ფეხსაცმელების გაწმენდაში, სახლის დალაგებაში და ა.შ.