გინეკოლოგიური დაავადებების დროული მკურნალობის მნიშვნელობაზე და ქირურგიული გინეკოლოგიის მიღწევებზე გვესაუბრება ღუდუშაურის კლინიკის გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, მამუკა მგელიაშვილი. 25-წლიანი პროფესიული პრაქტიკა უცხოეთის წამყვან კლინკებში, 5000-ზე მეტი წარმატებული ოპერაცია, მათ შორის უმაღლესი კატეგორიის ოპერაციები.
- ნებისმიერი დაავადების მკურნალობისას, ზუსტ და დროულ დიაგნოზს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რა ასაკიდან და რა პერიოდულობით ურჩევდით ქალბატონებს გეგმიურ გამოკვლევებს?
- პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ დაავადებების ადრეული გამოვლინება ეფექტური მკურნალობის საწინდარია, 10-დან 20 წლამდე ყალიბდება მოზარდთა სასქესო სისტემა, ხდება ჰორმონალური ტრანსფორმაცია. ამ პერიოდში თუ მოზარდ გოგონას ან მისი მშობლების მიერ იქნა აღმოჩენილი ნორმიდან რაიმე გადახრა, ეს შეეხება მეორადი სასქესო ორგანოების განვითარებას, მენსტრუალურ ფუნქციას, თმიანობას და ა.შ., აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია. ამ ასაკობრივ პერიოდში გინეკოლოგის კონსულტაცია აგრეთვე სავალდებულოა რეგულარული სქესობრივი ცხოვრების დაწყებისას.
- რამდენად მნიშვნელოვანია გინეკოლოგთან გეგმიური კონსულტაცია, თუ პაციენტს არ აღენიშნება ჩივილები?
- აუცილებელია, რომ ჩივილების არარსებობის შემთხვევაშიც 20-დან 45 წლამდე ახალგაზრდა ქალბატონები წელიწადში ერთხელ მაინც იღებდნენ გინეკოლოგის კონსულტაციას მინიმალური გამოკვლევებით (ულტრაბგერითი გამოკვლევა სასქესო ორგანოების, კოლპოსკოპია (მიკროსკოპული კვლევა საშოსი და საშვილოსნოს ყელის) და საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის ნაცხის გამოკვლევა). ეს საშუალებას იძლევა ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს ისეთი გავრცელებული დაავადებები, როგორიცაა მიომა, საშვილოსნოს ყელის კიბოს ფონური დაავადებები და საკვერცხეების ცისტები და სიმსივნეები.
გინეკოლოგის კონსულტაცია და მინიმალური გამოკვლევა აგრეთვე აუცილებელია ორსულობის დაგეგმვის დროს. 45 წლიდან ქალის ორგანიზმში ისევ იწყება ჰორმონალური ცვლილებები, იზრდება ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი და ამასთან დაკავშირებით გინეკოლოგის კონსულტაცია საჭირო ხდება უკვე 6 თვეში ერთხელ.
- რა შესაძლებლობებია დღეს გინეკოლოგიურ ქირურგიაში?
- მედიცინა ვითარდება და იხვეწება, ქირურგიული ტექნოლოგიებიც. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადებაა - საშვილოსნოს და საშოს კედლების დაწევა ან არასრული და სრული გამოვარდნა, დაავადება ვითარდება ნელ-ნელა. მიზეზებიდან აღსანიშნავია გენეტიკური ფაქტორი, მშობიარობა, მძიმე ფიზიკური შრომა და ზოგიერთი ქრონიკული დაავადება. ცნობილია მრავალი ოპერაცია ამ დაავადებათა სამკურნალოდ, მაგრამ რეციდივის სიხშირე ყოველთვის იყო მაღალი, 30%-დან 60%-ში პაციენტები განმეორებით ხდებოდნენ საოპერაციო. დღეისათვის შემუშავებულია პლასტიკური ოპერაციები სინთეტიკური, არა ალერგიული ბადეების გამოყენებით. ეს ოპერაციები სრულდება მაღალკვალიფიციური ქირურგების მიერ და გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით.
აგრეთვე აღსანიშნავია შარდის სტრესული შეუკავებლობა, როდესაც ქალი ხველების, ცემინების, ფიზიკური დატვირთვის დროს ვერ იჭერს შარდს, ბევრმა არ იცის, რომ ეს სერიოზული დაავადება იკურნება ქირურგიული გზით სინთეტიური მარყუჭის გამოყენებით.
- თქვენი 25-წლიანი სამედიცინი პრაქტიკიდან (მათ შორის უცხოეთის წამყვან კლინიკებში) ხომ ვერ გაიხსენებთ სირთულით ყველაზე მაღალი კატეგორიის ოპერაციებს?
- საშვილოსნოს საკეისროს შემდგომი ნაწიბურის არასრულფასოვნება არის ისეთი ორსულობის გართულების წინაპირობა, როგორიცაა პლაცენტის ჩაზრდა ნაწიბურში და ზოგჯერ შარდის ბუშტის კედელშიც კი. ამ დროს ორსულობა მთავრდება საკეისრო კვეთით და ხშირად საშვილოსნოს ამოკვეთით, რასაც თან ერთვება სისხლის მასიური დანაკარგი. ასეთ გართულებათა სიხშირის მინიმუმამდე დაყვანა შეიძლება ორსულობამდე არასრულფასოვანი ნაწიბურის გამოვლინებით და ოპერატიული გზით საშვილოსნოს კედლის აღდგენით.
დღეს საკეისრო კვეთის სიხშირე ძალიან მაღალია, იზრდება არასრულფასოვანი ნაწიბურის რაოდენობა და აქედან გამომდინარე პლაცენტის ნაწიბურში ჩაზრდის შემთხვევებიც მატულობს. როგორც აღვნიშნე, პლაცენტის ნაწიბურში ჩაზრდისას საკეისრო კვეთა დიდი ალბათობით საშვილოსნოს ამოღებით მთავრდება. საშვილოსნოს ამოკვეთა ახალგაზრდა ქალისთვის ყოველთვის ფსიქოლოგიური ტრავმაა, ტრაგედია კი იმ შემთხვევაში, როდესაც წინა ორსულობა ნაყოფის დაღუპვით დამთავრდა. საშვილოსნის შენარჩუნება შესაძლებელია, ამისათვის აუცილებელია ქირურგიული და ანესთეზიოლოგიური სამსახურის მაღალი დონე და საოპერაციოს შესაბამისი აღჭურვილობა.
ზემოთ ჩამოთვლილი ოპერაციები არის მცირე ნაწილი ქირურგიული ჩარევების იმ სპექტრისა, რომელიც რეგულარულად სრულდებოდა ჩვენ მიერ, პროფესიული საქმიანობის განმავლობაში.
ამგვარად სამედიცინო სამსახურის სწორი ორგანიზება და მოსახლეობის აქტიური ინფორმირება მოგვცემს საშუალებას, წვლილი შევიტანოთ როგორც მოსახლეობის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაში, ასევე დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუმჯობესებაში.