როგორ მოვიქცეთ როდესაც ბავშვს ექიმის ეშინია

07-02-2022

როგორ მოვიქცეთ როდესაც ბავშვს ექიმის ეშინია? მშობელს შეუძლია შეუმსუბუქოს შვილს სტრესი.  შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ამაში დაგეხმარებათ. 

ექიმთან წასასვლელად წინასწარ მოემზადეთ
ბავშვთან ურთიერთობის მთავარი პრინციპი სიმართლეს ეფუძნება. არასდროს მოატყუოთ. ეს ერთი შეხედვით რთული არ ჩანს, თუმცა, რეალურად ბავშვებს ხშირად ვატყუებთ და თავს იმით ვიმართლებთ, რომ ასე ბავშვისთვის უკეთესია. ამ დროს  დადებითი შედეგი მოჩვენებითი და დროებითია, რეალურად კი საფუძველი ეყრება უნდობლობას. 
როდესაც მშობელი ბავშვს ატყუებს და არ აფრთხილებს სამედიცინო მანიპულაციებთან დაკავშირებით,  ბავშვს უყალიბდება გარკვეული შიში. ბავშვს ეშინია ექიმის იმიტომ, რომ არ იცის, რა ელოდება იქ, ამიტომ ექიმის კაბინეტში შესვლა სერიოზული პრობლემაა. 

წინასწარ აუხსენით ბავშვს, სად მიდიხართ და რა შეიძლება მოხდეს იქ. გააფრთხილეთ, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს უსიამოვნო შეგრძნებებს. აღუწერეთ, რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ესა თუ ის პროცესი და ისიც უთხარით, რომ ექიმიც ჩვეულებრივი ადამიანია, ისიც ჭამს, სვამს და მასაც ჰყავს შვილები. 
ეთამაშეთ ექიმობანა და სათამაოებზე აჩვენეთ შესაძლო მანიპულაციები. მაგალითად, ერთად გაუზომეთ თოჯინას სიცხე, ჩააწვეთეთ ცხვირის წვეთები, ჩახედეთ ყელში. 

არასდროს შეაშინოთ ექიმით, ნემსით და მწარე წამლით!
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმთან წასვლის დროს ბავშვი იყოს ემოციურად მშვიდად. ნუ აუკრძალავთ ტირილს, წინააღმდეგობის გაწევასა და წუწუნს. 
სისხლის აღების დროს არ მოატყუოთ, რომ ვერაფერს გაიგებს და ნუ ეცდებით მისი ყურადღების გადატანას. აუხსენით, რომ ცოტა ეტკინება, მაგრამ საშიში არაფერია. ეცადეთ პროცედურის დროს მის გვერდით იყოთ და თანაუგრძნოთ. ეცადეთ კი არ შეაკავოთ, ჩაეხუტოთ. 

ეცადეთ, რომ ექიმთან ვიზიტის შემდეგ  მისთვის საყვარელი და სასიამოვნო პროცესით დაკავდეთ. ბავშვი თავად უნდა მიხვდეს, რომ ექიმთან მისვლა საშიში სულაც არ ყოფილა და თუ რამე ეტკინება, დედა ყოველთვის მის გვერდით იქნება.