ომიკრონი და ბავშვები - ყველაფერი რაც ვირუსის შესახებ უნდა იცოდეთ. გვესაუბრება პედიატრი, ლიკა თედიაშვილი:
ომიკრონი SARS-CoV-2-ის შტამია, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პირველად სამხრეთ აფრიკის კონტინენტზე 2021 წლის 24 ნოემბერს იქნა დაფიქსირებული. ომიკრონი მახასიათებლებით განსხვავდება SARS-CoV-2-სგან, 70-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე დელტა ვარიანტი, გამრავლება უპირატესად ხდება ზედა სასუნთქ გზებში, ბრონქებში და დელტა ვარიანტთან შედარებით ნაკლებად აზიანებს ფილტვებს. ომიკრონს ახასიათებს 91%-ით ნაკლები ფატალური შედეგების მაჩვენებელი, 51%-ით ნაკლები ჰისპიტალიზაციის მაჩვენებელი. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ხასიათდება ძალიან სწრაფი გავრცელებით, მათ შორის ბავშვებშიც, განაპირობებს ექიმთან მომართვიანობის და ჰოსპიტალიზაციის მნიშვნელოვან ზრდას.
რა სიმპტომებით ხასიათდება ომიკრონი:
➔ ცხელება
➔ ხველა
➔ ცხვირის გაჭედვა/გამონადენი ცხვირიდან
➔ თავის ტკივილი
➔ ყელის ტკივილი
➔ კუნთების ტკივილი/სახსრების ტკივილი
➔ ყნოსვის და გემოს დაკარგვა გვხვდება ამ შტამის დროსაც, თუმცა ნაკლები სიხშირით.
➔ სიმპტომები უფრო ხშირად ვლინდება, მსუბუქი მიმდინარეობით, განსაკუთრებით ვაქცინირებულ ადამიანებში და გრძელდება დაახლოებით 3-5 დღე.
საყურადღებოა ის, რომ შესაძლებელია განვითარდეს დაავადების საშუალო ან მძიმე მიმდინარეობაც, რაც შესაბამის სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.
რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა, როგორ მოუაროთ ბავშვს რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა?
ექსპერტების თქმით, არ არსებობს ვირუსის საწინააღმდეგო რაიმე სპეციფიკური საშუალება. ყველაზე სწორი რჩევა ამ შემთხვევაში არის, რომ მშობელი დაუკავშირდეს ბავშვის პედიატრს და მიიღოს კონკრეტულ ბავშვთან დაკავშირებული რჩევა და რეკომენდაციები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვს აღენიშნება რაიმე თანმხლები დიაგნოზი.
ვინაიდან ვირუსის მიმდინარეობა ჰგავს ჩვეულებრივ ზედა სასუნთქი გზების ინფექციას, რომელიც ხშირად გვხვდება ბავშვთა ასაკში, რეკომენდაციებიც იგივეა: ადექვატური რაოდენობით სითხეების მიცემა, ცხელების მართვა (38.5 და მეტ სიცხეზე პარაცეტამოლის ან იბუპროფენის გამოყენება) და ზოგადი მდგომარეობის მონიტორინგი.
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს დაერთო რომელიმე აღნიშნული სიმპტომი, სასწრაფოდ დაუკავშირდით პედიატრს ან გამოიძახეთ სასწრაფო (მიუხედავად დღის ან ღამისა):
• ხანგრძლივი დროის განმავლობაში სითხის მიღებაზე უარის თქმა
• ცნობიერების შეცვლის ნიშნები, გაღიზიანება ან ძილად მივარდნა.
• სუნთქვის გაძნელება, გახშირება, სწრაფი ხმაურიანი სუნთქვა.
• ცხელება მეტი 38.4 -ზე სამ დღეზე ხანგრძლივად.
• ცხვირის გაჭედვის გახანგრძლივება მეტი 14 დღისა.
• ყურის ინფექციის ნიშნების არსებობა-ტკივილი, გაღიზიანება, გამონადენი ყურიდან
• ახალშობილებში ძუძუზე უარის თქმა.