პედიატრიული პრივატ კლინიკის ბავშვთა და მოზარდთა ენდოკრინოლოგი, ანი მგელიაშვილი გვესაუბრება ბავშვის სწორი კვების რეჟიმის და ჯანსაღი კვების აუცილებლობის შესახებ.
რამდენად მნიშვნელოვანია კვების რეჟმი ბავშვისთვის? რა რეჟიმით უნდა იკვებებოდეს ბავშვი, როგორი უნდა იყოს კვებებს შორის შუალედები და რამდენჯერ უნდა იკვებებოდეს?
ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება. ბავშვთა ასაკში ჩამოყალიბებული სწორი კვების ჩვევები და გემოვნება ჯანმრთელობის საფუძველია ზრდასრულ ასაკში. ყოველდღიურად საჭიროა მრავალფეროვანი საკვების მიღება საკვების ოთხივე ძირითადი ჯგუფიდან: სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული, პურეული და მარცვლეული. რძე და რძის ნაწარმი ან მათი შესაბამისი შემცვლელები. სასურველია, დაბალი ცხიმიანობის პროდუქტი, მჭლე ხორცი, ფრინველის ხორცი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები. ბავშვმა საკვების ისეთი რაოდენობა უნდა მიიღოს, რომელიც საკმარისია ფიზიკური აქტივობისთვის და სხეულის ჯანმრთელი ზომა-წონის შესანარჩუნებლად. დღის განმავლობაში საჭიროა რეგულარული კვება, ანუ საუზმე, სადილი და ვახშამი. კვებებს შორის წახემსებები ხილით და ბოსტნეულით.
რა მოსდევს ურეჟმო კვებას?
ოჯახში დამკვიდრებული კვების წესები, ბავშვის მომავალი კვების ჩვევების ძირითადი საფუძველია. კვების ჩვევების და სწორი კვების კულტურის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა, როგორც ჯანსაღი პროდუქტების შერჩევა, ასევე შესაფერისი საკვები გარემოს შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ირგვლივ მხოლოდ ჯანმრთელი საკვები მოიპოვებოდეს. რთულია ბავშვს ჩამოუყალიბდეს სწორი კვების ჩვევები, როდესაც მის გარშემო არის დიდი რაოდენობით სხვადასხვა ტკბილეული (შოკოლადი, კანფეტი), არაჯანსაღი სასუსნავი და გაზიანი სასმელები. ბავშვის კვების ჩვევების ჩამოყალიბების პროცესში არც დასჯა და საკვების დაძალებაა სწორი და არც ზედმეტად ლოიალური მიდგომაა გამართლებული. მშობელმა უნდა შესთავაზოს ბავშვს მხოლოდ სასარგებლო პროდუქტები და არ დაუშვას მათი ჩანაცვლება კალორიული, მაგრამ საკვები ნივთიერებებით ღარიბი პროდუქტით.
რამდენად აუცილებელია ფიზიკური აქტივობა და როცა სახლშია დიდხანს ბავშვი , პანდემიის გამო, რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ იყოს უმოძრაოდ?
ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია ბავშვისთვის და მოზარდისთვის. ბავშვობისა და მოზარდობის ასაკი კრიტიკული პერიოდია მოძრაობითი უნარების განვითარებისთვის. დროულად დაწყებული ფიზიკური აქტივობა უმუშავებს ბავშვს ჯანმრთელი ჩვევევის ჩამოყალიბებას. რეგულარული ფიზიკური ატივობა აუმჯობესებს ძვალ-კუნთოვანი სისტემის სიმტკიცეს, კოგნიტურ უნარებს (აკადემიურ მოსწრებას), აუმჯობესებს ძილის რეჟიმს და ამცირებს დეპრესიის განვითარებას. ფიზიკური აქტივობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ასაკზე. 3-5 წლის ასაკში რეკომენდებულია დღეში სულ მცირე 1 საათი, 5-17 წლის ასაკში 1 საათი და მეტი. ჩვენს რეალობაში, პანდემიის მიუხედავად, რეკომენდებულია ფეხით სეირნობა, ფიტნესი, აერობიკა, ცურვა.
არასწორი კვების რეჟმი და უმოძრაობა იწვევს მრავალ ენდოკრინულ დაავადებას, როგორებიცაა ჭარბიწონა, სიმსუქნე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, II ტიპის დიაბეტი, პირდაპირ კავშირშია არასწორ კვებასთან. ამ დაავადებების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა ბავშვთა ასაკიდან ჯანმრთელი კვების ჩვევის ჩამოყალიბება. 3 წელზე უფროსი ბავშვებისთვის რეკომენდებულია სულ მცირე 3 საათის გატარებას ჰაერზე. სასურველია დატვირთული იყოს ფიზიკური აქტივობებით.
რას ურჩევთ მშობლებს პანდემიურ რეალობაში? როგორ შეუქმნან ბავშვებს მაქსიმალურად იდეალური გარემო კვებისა და ფიზიკური აქტივობისთვის?
მოამზადეთ ისეთი კერძები, ან აირჩიეთ ისეთი მზა საკვები, სასუსნავი და სასმელები, რომლებიც არის დაბალი ცხიმიანობის (განსაკუთრებით ნაჯერი ცხიმების დაბალი შემცველობით), ნაკლებ ტკბილი (განსაკუთრებით დამატებული შაქრით დამტკბარი), ნაკლებ მარილიანი. ბავშვმა დღის განმავლობაში უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით წყალი. შეზღუდეთ ისეთი სასმელები, როგორიცაა ხილის წვენი, შუშხუნა (გაზიანი) სასმელები, სპორტული სასმელები. ე.წ. ენერგეტიკული სასმელები. სასურველია, ბავშვმა დღის განმავლობაში ტელევიზორთან და კომპიუტერთან 2 საათზე ნაკლები დრო გაატაროს. ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. სასურველია ყოველდღიური, საშუალო ან ინტენსიური ფიზიკური აქტივობა 60 ან მეტი წუთის განმავლობაში. CDC-ის რეკომენდაციით, ფიზიკური აქტივობის იდეები სახლში დარჩენის დროს ასეთია: ოჯახური აქტივობის დაგეგმვა, რომელიც მოიცავს საოჯახო საქმეებში ჩართულობას, მაგალითად, ოთახის დასუფთავება. თამაშები, რომელიც ოჯახის ყველა წევრს ჩართავს, გარეთ გასვლა, ფეხით სეირნობა, ველოსიპედით სეირნობა და ა.შ. არ დაგავიწყდეთ დისტანციის დაცვა ირგვლივ მყოფ ხალხთან.