ბავშვთა ორთოპედი, მედიცინის დოქტორი ლევან ქაჯაია გვესაუბრება, როდის უნდა გასინჯოს პირველად ბავშვი ორთოპედმა, როდის ვლინდება ბრტყელტერფიანობა და რა ნიშნებს უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება:
- ჯობს, ორთოპედმა ბავშვი 3 თვემდე ასაკში გასინჯოს, ჩატარდეს მენჯ-ბარძაყის სახსრის ულტრაბგერითი გამოკვლევა და დაისვას დიაგნოზი, აქვს თუ არა რაიმე სახის დარღვევა ამ მიმართულებით. წლების წინ, ვიდრე დიაგნოსტიკა მაღალ დონეზე განვითარდებოდა, ნაოჭების სიმეტრიულობას, რაოდენობას აკვირდებოდნენ, თუმცა, შეიძლება, პაციენტს თანაბარი სიგრძის კიდურები ჰქონდეს, განზიდვა დამაკმაყოფილებელი იყოს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ ნიშნავდეს, რომ ყველაფერი წესრიგშია, ან პირიქით. ამიტომ, ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს, აქვს თუ არა დისპლაზია. რა თქმა უნდა, ნაადრევი დიაგნოსტიკა პრობლემის მოგვარებას ხელს უწყობს. თუ აღნიშნულ ასაკამდე ულტრაბგერითი გამოკვლევა არ ჩატარდა, უმჯობესია, 6-7 თვის ასაკისთვის რენტგენოლოგიური კვლევა გავაკეთოთ, რომ დადგინდეს, რა სახის დისპლაზიასთან გვაქვს საქმე ან საერთოდ აღენიშნება თუ არა პაციენტს პრობლემა. ორთოპედებს კონსერვატიული მკურნალობისთვის 18 თვე გვაქვს. ამის ზემოთ კონსერვატიული მკურნალობა მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისთვის დაგვიანებულად ითვლება.
- რა არის საყურადღებო ნიშნები, როცა მშობელმა ეჭვი უნდა მიიტანოს და ბავშვი ორთოპედს აჩვენოს?
- მშობელზე მეტად პედიატრმა უნდა გაამახვილოს ყურადღება და შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს. თუმცა, გააჩნია ბავშვის ასაკს. ასაკობრივად დაბადებისთანავე, რაც შეიძლება თვალშისაცემი იყოს, ესაა კისერმრუდობა, ტერფის დეფორმაცია, ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა, სინდაქტილია, 5-ზე მეტი თითის არსეობა და სხვა. ძალიან ხშირად, როდესაც დედებს 6-7 თვის ბავშვები მოჰყავთ, ვამჩნევ, ორთოპედიული ფეხსაცმელი აცვიათ. კითხვაზე, თუ რატომ, მშობლები ძირითადად ამბობენ, რომ ექიმებმა ურჩიეს და მასაჟისტებმა გაუწიეს რეკომენდაცია. ყოველთვის ვცდილობ, ავუხსნა, რომ როცა ფიზიოლოგიურად ნორმალურად მიმდინარეობს განვითარება, წლის ასაკში ყველა ბავშვის ტერფი ბრტყელია და ეს ნორმალურია. შესაბამისად, წლისა და წლი-ნახევრის ასაკში, ის ტერფის ფორმა, რასაც ძირითადად ვაწყდებით, პათოლოგიად არ ითვლება. 4-5 წლამდე ტერფი ფორმირებას განიცდის და სწორედ ამ პერიოდშია გამოვლენა შესაძლებელი. ბრტყელი ტერფი ორ ნაწილად იყოფა. რიგიდულია ტერფი, როდესაც ხელის მოკიდებით ფორმას ვერ ვუცვლით. აქ შეიძლება ქირურგიული ჩარევის საკითხი დადგეს. ხოლო, მეორე შემთხვევაში, არსებობს ტერფი, რომელსაც შეგვიძლია ხელი მოვკიდოთ და არასწორი პოზიციიდან სწორ პოზიციაში დავაფიქსიროთ, რაც, თავის მხრივ, ორ ნაწილად, სიმპტომურად და ასიმპტომურად იყოფა. ბავშვი შეიძლება არაფერს უჩიოდეს ან კიდევ ამბობდეს, რომ დაიღალა, ფეხი სტკივა, უჭირს სიარული. აღნიშნული ჩივილები შესაძლოა უფრო ღამის საათებში იყოს გამოხატული და მშობელმა გამაყუჩებელი მისცეს. ხოლო, როცა ბავშვს არ აქვს ჩივილები, მკურნალობა არ სჭირდება და საჭიროა ფეხსაცმლის სწორად შერჩევა. ყოველთვის ვცდილობ, მშობელს ავუხსნა, რომ ორთოპედიული ფეხსაცმელი, სუპინატორი არის დამხმარე საშუალებები და ერთი წლის შემდეგ შეუძლებელია ამ გზით მისი ტერფი რადიკალურად შეიცვალოს. ვეხმარებით პაციენტს, რომ არ შეექმნას გადაადგილების პრობლემა, ადვილად არ დაიღალოს, დატვირთვის დროს ტკივილი არ გამოუვლინდეს და ასე შემდეგ. ძალიან ხშირად ამბობენ, თუ ტერფი პრობლემურია, მას აუცილებლად უნდა ახლდეს სქოლიოზი, რაც არასწორია. შეიძლება ტერფის პრობლემასთან დაკავშირებული იყოს ტანდეგობასთან არსებული ცვლილებები, მაგრამ არა იდიოპათიური სქოლიოზი, რომელიც ბევრად განსხვავებულ მკურნალობას საჭიროებს.
- წლამდე ასაკში რა ორთიპედიული პრობლემებია ყველაზე ხშირად გავრცელებული?
- წლამდე ასაკში ყველაზე ხშირია მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია.
- რა არის დისპლაზია, როდის ვლინდება და რა პრობლემებს იწვევს?
- ბავშვს დისპლაზია შესაძლოა დაბადებიდან ჰქონდეს, რისი დადგენაც ულტრაბგერითი ან რენტგენოლოგიური გამოკვლევით ხდება. არსებობს კრიტერიუმები, რასაც სპეციალისტები განსაზღვრავენ და ნებისმიერი ცვლილება, რაც ნორმისგან გადახრილია, არის დისპლაზია. ძალიან ხშირად მხვდება ისეთი მენჯ-ბარძაყის რენტგენის სურათი, სადაც 6 თვის ასაკის ბავშვთან გაძვალების ბირთვი არ ვიზუალიზირდება და მშობლებს ეუბნებიან, რომ მათ შვილს დისპლაზია აქვს. თუ სხვა პარამეტრები ნორმაში ჯდება და მხოლოდ გაძვალების ბირთვი არ ვიზუალიზირდება 6 თვის ასაკში რენტენზე, დისპლაზიის დიაგნოზი არ უნდა დავსვათ. გააჩნია, რა სახის ცვლილებასა და პათოლოგიაზე ვსაუბრობთ. თუ ჩვენ მსუბუქი ხარისხის დისპლაზიაზე გვაქვს აქცენტი, მაშინ ის მარტივად განკურნებადია. თუ ვსაუბრობთ ისეთი სახის პათოლოგიაზე, რომელსაც ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა ჰქვია, ზოგჯერ კონსერვატიული მკურნალობა შედეგს არ იძლევა და ქირურგიული ჩარევაა საჭირო.
- ხშირად ბავშვებს მასაჟს თვითნებური გადაწყვეტილებით უკეთებენ. სინამდვილეში, რა შემთხვევაში სჭირდებათ პატარებს მასაჟი?
- როდესაც მენჯ-ბარძაყის სახსართან ჩატარებულ მანიპულაციაზე ვსაუბრობთ, ხშირად როცა ნახულობენ, რომ ბარძაყის განზიდვა შეზღუდულია, მასაჟის გაკეთებას იწყებენ. განზიდვის შეზღუდვა მხოლოდ მიოგენური ანუ კუნთოვანი არ არის. ზოგჯერ ის სახსროვანია. ამიტომ, თუ არ იქნა დიაგნოსტირებული ულტრაბგერითი ან რენტგენოლოგიური კვლევით, რა სახის პრობლემასთან გაქვს საქმე, არასდროს უნდა მივმართოთ მასაჟს თვითნებურად, რადგანაც შესაძლოა, უფრო მეტი პრობლემა შევუქმნათ ბავშვს. მასაჟი ყოველთვის ჩვენებისამებრ უნდა დაინიშნოს და არა მშობლის სურვილით.
- როგორი უნდა იყოს ბავშვის პირველი ფეხსაცმელი, უნდა იყოს თუ არა სუპინატორით და როგორ შევარჩიოთ სწორად?
- არ არის აუცილებელი, ბავშვს სიარულის დაწყების დროს ეცვას ფეხსაცმელი, რომელსაც სუპინატორი აქვს. როგორც აღვნიშნე, წლის ასაკში ყველა ბავშვის ტერფი ბრტყელია და ეს არ ითვლება პათოლოგიად. რა თქმა უნდა, თავადაც ვნიშნავ ორთოპედიულ ფეხსაცმელსა და სუპინატორს, მაგრამ გააჩნია ასაკსა და რა სახის ცვლილებაზეა საუბარი. სიარულის დაწყების დროს რომ ბავშვს ორთოპედიული ფეხსაცმელი ეცვას, არ ვაძლევ ხოლმე მშობლებს რეკომენდაციას. ორთოპედიული ფეხსაცმელი, რომელიც არის მყარი, არ იდრეკება, გაიგივებულია თხილამურის ბათინკებთან. ჩვენი დასავლელი კოლეგები ამბობენ, რომ ბავშვისთვის, რომელსაც სიარულის დაწყების დროს ორთოპედიულ ფეხსაცმელს ვაცმევთ, ისეთივე რთულია მისი ტარება, როგორც ჩვენთვის თხილამურის ფეხსაცმლის. ამიტომაც, სასურველია იყოს მყარ ზედაპირზე, თუნდაც ბოტასების სახით, რომელითაც შეძლებს, უფრო თავისუფლად გადაადგილდეს.
- კარგია თუ არა ბავშვის ფეხშიშველა სიარული და მითია თუ რეალობა, რომ ბავშვმა ფეხი ფეხშიშველმა უნდა აიდგას?
- თუ ბავშვი ფეხშიშველი დადის, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ერთგვარი ვარჯიშიცაა. თუმცა, ზოგჯერ ზედაპირი არის ცივი და არსებობს საფრთხე, რომ გაცივდეს. ამ ასაკისთვის კოჭ-წვივის სახსარიც არ არის მაინცდამაინც მყარი, ამიტომ დაბალანსებულად რომ გადაადგილდეს, უმჯობესია პატარა ბოტასი ეცვას. რა თქმა უნდა, ფეხშიშველმა რომ იაროს, არაფერი დაუშავდება. ზოგიერთ ქვეყანაში სპეციალური ვარჯიშებიც კი არსებობს ამისთვის.
- როდის უნდა დაჯდეს და დადგეს ბავშვი, რა უნდა იცოდეს მშობელმა და როგორ უნდა შეუწყოს ხელი ამ პროცესს?
- ზოგიერთი ბავშვი 5-6 თვის ასაკში ძალიან კარგად იკავებს თავს, ზურგის კუნთებიც გაძლიერებული აქვს და მშობლები რომ მუხლებზე დაისვამენ, მშვენივრად უჭირავთ თავიც და ზურგიც. ზოგი აღნიშნულ ასაკში ამას ვერ ახერხებს. ამიტომაც, პროცესი ინდივიდუალურია და კონკრეტული ასაკი არ არის განსაზღვრული. ბავშვი მაშინ დადგება, როდესაც მისი ჩონჩხოვანი სისტემა ამისთვის მზად იქნება და ტვინი უკარნახებს. ზოგმა შეიძლება 1 წლის ასაკში დაიწყოს სიარული, ზოგმა - უფრო ადრე ან გვიან. მინახავს ბავშვი, რომელსაც სიარული 1,7-2 წლის ასაკში დაუწყია და როგორც აღვნიშნე, ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. 5-6 თვემდე ვცდილობთ, დამოუკიდებლად არ დავსვათ იმიტომ, რომ ბავშვის ზურგის კუნთები არ არის ისეთი ძლიერი, რომ თავად შეძლოს დაჯდომა.
- რამდენად უწევთ რეკომენდაციას კენგურუებს, რა ასაკიდანაა დასაშვებში მისი გამოყენება?
- კენგურუს გამოყენება შეგვიძლია, თუმცა უნდა შევარჩიოთ ისეთი, რომელშიც ბავშვს ფეხები გაშლილ მდგომარეობაში ექნება, რომ ბარძაყის თავი ტაბუხის ფოსოში უკეთესად იყოს დაფიქსირებული. გამოყენება 5-6 თვიდან შეიძლება.