ბავშვთა ენდოკრინოლოგი, პედიატრი ნინო ხელაძე გვიყვება, რამდენჯერ უნდა იკვებებოდეს სკოლის ასაკის მოსწავლე და რამდენხნიანი შუალედით, ასევე, რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა საჭირო საკვები პროდუქტების არჩევისას და რას უნდა მიანიჭონ უპირატესობა:
- სკოლის ასაკის, განსაკუთრებით, დაწყებითი კლასების მოსწავლე, უნდა იკვებებოდეს დღეში 3-ჯერ. ასევე, დასაშვებია შუალედებში 1-2 ჯერ მსუბუქად წახემსება. სასურველია, ხილით, თხილეულით, იოგურტით ან ბოსტნეულით.
- სამწუხაროდ, სკოლების დიდ რაოდენობაში საკვები რაციონი ძირითადად შემოიფარგლება ცომეულით. რა შეიძლება გამოიწვიოს კვებებს შორის დიდმა შუალედმა და ყოველდღიურად ცომეულის მიღებამ?
- არც დიდი შუალედია მისაღები და მით უმეტეს ცომეულის ჭარბად მიღება. დიდი შუალედის დროს ბავშვებს ძალიან შივდებათ და შემდგომ საკვების მიღების შანსი როგორც კი მიეცემათ, დასაშვებზე მეტს შეჭამენ. განსაკუთრებით არასასურველი ფენოვანი ცომეულის მიღებაა, ჭარბი ნახშირწყლების გარდა, არაჯანსაღი ცხიმის შემცველობის გამო. ცომეულის გარდა, ძალიან საყურადღებოა გაზიანი, ტკბილი სასმელების ჭარბი მოხმარება, ტრანსცხიმების მაღალი შამცველობით გამორჩეული სწრაფი კვების პროდუქტების პოპულარობაც, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვისას.
- რამდენ ხანში ერთხელ არის საჭირო სისხლში გლუკოზის რაოდენობის კონტროლი?
- ჯანმრთელ ბავშვში, თუ ჭარბი წონა ან სიმსუქნე არ აღენიშნება, არ აქვს ისეთი ჩივილები, როგორებიცაა ჭარბი სითხის მიღება და დიდი ოდენობით შარდვა, ხშირი ინფექციები და სხვა სპეციფიური ჩივილები, დატვირთული ოჯახური ანამნეზი, გლუკოზის კონტროლი სისხლში რუტინულად საჭირო არ არის. ჩივილების შემთხვევაში მიზანშეწონილია უზმოზე (8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში შიმშილის შემდგომ) სისხლში გლუკოზის განსაზღვრა. დასაშვები ზღვარია 60-100 მგ/დლ.
- თუ ბავშვს მომატებული აქვს სისხლში გლუკოზის დონე, რა უნდა გააკეთოს მშობელმა? როგორი უნდა იყოს ბავშვის კვების რაციონი?
- მაშინვე უნდა მიმართოს ბავშვთა ენდოკრინოლოგს. ზოგ შემთხვევაში, მხოლოდ კვების კორექცია არ იქნება საკმარისი, განსაკუთრებით, თუ პაციენტს აქვს ინსულინდამოკიდებული დიაბეტის ნიშნები.
- როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი დიაბეტის განვითარებაზე და რა დამატებითი კვლევებია ამ დროს საჭირო?
- არის ზოგიერთი საყურადღებო სიმპტომი, როგორებიცაა, ხშირი შარდვა, გაძლიერებული წყურვილი და დიდი ოდენობით წყლის მიღება. ხშირად თვალსაჩინოა, თუ ბავშვი ღამით ხშირად დგება მოსაშარდად და წყლის დასალევად, ადინამია, სისუსტე, წონის კლება, თუ რთულად უხორცდება ჭრილობა, სხვადასხვა ტიპის ინფექცია და აშ.
- რომელი პროდუქტები არ შეიცავს შაქარს და რომელი პროდუქტების მირთმევაა საჭირო, როდესაც ბავშვს სისხლში მომატებული აქვს გლუკოზის დონე?
- ალბათ, შაქრები, სახამებელი ჯერ უნდა დავყოთ სასარგებლო და საზიანო შაქრებად. ბავშვებმა და მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ნამცხვარში, გაზიან სასმელებში და შოკოლადში არსებული შაქარი ცარიელი კალორიებია და საზიანოა. ხოლო, ბურღულეულში, ხილში, ბოსტნეულში და რძის პროდუქტში არსებული შაქრები ნაკლებად ზიანის მომტანია და ეს პროდუქტები ბევრ სასარგებლო და აუცილებელ ნივთიერებას შეიცავენ ნორმალური ზრდისა და განვითარებისათვის. სახამებლის სრულიად გამორიცხვა ბავშვთა და მოზარდთა ასაკში არ არის რეკომენდებული, დიაბეტით დაავადებულ ბავშვებშიც კი.
- აქვს თუ არა რაიმე კვებითი დანიშნულება ბავშვის საკვებ რაციონში ტკბილეულს?
- ტკბილეულიც შეიძლება იყოს ჯანსაღი, მაგალითად სახლში გამომცხვარი შვრიის ნაკლებად დამტკბარი ორცხობილა ჩირებით და თხილეულით, ჩურჩხელა, ჩირები და ტყლაპი, ხაჭოს კვერები და აშ.
- რა დანიშნულება აქვს პურს ბავშვის კვების რაციონში და როგორი პურის ყიდვას გვირჩევთ ბავშვისთვის?
- ხარისხიანი პური უჯრედისით და B ჯგუფის ვიტამინებითაა მდიდარი. სასურველია, იყოს მსხვილად დაფქვილი, ჭვავის ან სხვადასხვა მარცვლეულით და უსაფუარო. სკოლის ასაკის ბავშვისთვის დღეში 2 ნაჭერი ოპტიმალური ოდენობაა.
- რას გვეტყვით რძის პროდუქტებზე? მაგალითად, კეფირი, მაწონი, ყველი, იოგურტი, როგორ შევარჩიოთ საუკეთესო რძის პროდუქტი ბავშვისთვის?
- რძის პროდუქტი აუცილებელია. ბავშვისა და მოზარდისთვის ცილისა და კალციუმის მთავარი წყაროა. სკოლის ასაკის ბავშვმა მინიმუმ 2 ულუფა რძის პროდუქტი უნდა მიიღოს, მოზარდმა - 3 მაინც. ხარისხიან რძის პროდუქტს დიდი ხნის შენახვის ვადა არ უნდა ჰქონდეს.
- როგორ გამოიყურება დღის იდეალური მენიუ მოზარდი ბავშვისთვის? გვითხარით, კონკრეტული პროდუქტები, რომლებიც შეიძლება ბავშვებმა გამოიყენონ საუზმისთვის, ვახშმისა და სადილისთვის.
- ყველა ბავშვის რაციონი უნდა შეიცავდეს ყოველდღე უჯრედისით მდიდარ საკვებს, როგორიცაა ბურღულეული (წიწიბურა, შვრია, ბრინჯი), 4-5 ულუფა ბოსტნეულს და ხილს, 2-3 ულუფა რძის პროდუქტს, ცილას ხორცის, თევზის ან კვერცხის სახით, ჯანსაღ ცხიმებს, მაგალითად, ზეითუნის ზეთს, ზომიერად კარაქს, თხილეულს. შედარებით მსუბუქად უნდა იკვებონ საღამოს, ყველაზე კარგად კი - დილით. სასურველია, დაძინებამდე ბოლო კვება 2-3 საათით ადრე დასრულდეს.