აუცილებელი პროდუქტები ბავშვის კვების რაციონში - პროფესორ ყარამან ფაღავას რჩევები

05-10-2021

პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ყარამან ფაღავა გვესაუბრება, როგორი უნდა იყოს ბავშვების კვების რაციონი და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა:

სკოლისა და ბაღის ასაკის ბავშვმა, 3 წლიდან ზემოთ, რამდენჯერ უნდა იკვებოს დღეში და დროის რა შუალედში?

დღესდღეობით, მიღებულია და მეც მიმაჩნია, რომ ჯობს, ბავშვმა დღის განმავლობაში ხუთჯერ იკვებოს. აქედან, 3 ძირითადი კვება იქნება, ხოლო ორი -წახემსება. წახემსების დროს შეიძლება გამოიყენოს ვაშლი, რაიმე მსუბუქი პროდუქტი, თუმცა ჯამში 5-ჯერადი კვებაა მნიშვნელოვანი. საღამოს 9-10 საათის შემდეგ საკვები პროდუქტების მიღება აღარაა სასურველი. ამიტომ, ძირითადი კვება და წასახემსებელი გაღვიძებიდან სწორედ დროის ამ შუალედამდე უნდა გადანაწილდეს. 

რა რაოდენობის სითხის მიღებაა აუცილებელი ბავშვისთვის დღის განმავლობაში?

-რაც მეტ სითხეს მიიღებს, მით უკეთესია, რადგან მათ უფრო დიდი რაოდენობით სჭირდებათ, ვიდრე ზრდასრულებს. ბავშვების შემთხვევაში, ერთ კილოგრამზე, დაახლოებით, 50-60 მილილიტრია საჭირო. ძირითადად, სითხეში წყალი იგულისხმება, რადგან მასზე უკეთესი რამ არ არსებობს. შეიძლება მშობლებმა გამოიყენონ წვენებიც, თუმცა ზომიერად. 

კაკაო, რძე, კომპოტები, ჩაი, ახლადგამოწურული წვენები - ეს სითხეები რამდენად სასარგებლოა ბავშვისთვის?

-კაკაო სიფრთხილით უნდა მივცეთ, ზოგჯერ ალერგიას იწვევს. რძის ნაწარმი ძალიან კარგია, თუმცა ზოგიერთ ბავშვს რძის ცილაზე აუტანლობა აქვს. პროცესს დედაც უნდა დააკვირდეს. თუ ბავშვს რძე არ უყვარს და დალევის შემდეგ თავს არაკომფორტულად გრძნობს, ნუ დააძალებთ. თუ მოსწონს, ცხადია, უნდა მიირთვას. დიეტოლოგიაში დაკვირვების ჟურნალი ძალიან მნიშვნელოვანია. კვების დარღვევებმა  შესაძლოა გამოიწვიოს ფაღარათი, ალერგია და სხვა. ამიტომაც, წინასწარ, შეუძლებელია მშობელს უთხრა, რომელი პროდუქტი არ შეიძლება, რადგან ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია. ჯობს, დედას საერთო რვეული ჰქონდეს, სადაც 0-დან 10-მდე ქულით აღრიცხავს, რომელ პროდუქტზე, რა ტიპის გვერდითი მოვლენა გამოუვლინდა მის შვილს, დაეწყო ფაღარათი, გამონაყარი თუ სხვა პრობლემა. კვების მოდელიც შესაბამისად უნდა შეარჩიოს. უხშირესად, ფაღარათის თვალსაზრისით უფრო საფრთხილოა ქონიანი, ზეთიანი საჭმელი. ალერგიის კუთხით კი, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს საკვები, რომელსაც ეს გართულება შეუძლია გამოიწვიოს. მაგალითად, შოკოლადი, კაკაო, ნიგოზი, თხილი, თაფლი, ციტრუსი, მარწყვი, ზოგჯერ - კვერცხი, თევზი, სოკო. ცხადია, კონსერვი, ძეხვეული, გაზიანი სასმელი, არაჯანსაღი საკვები არაა სასურველი.
რაც შეეხება კომპოტებსა და მურაბებს, მესმის, რომ გემოს თვალსაზრისით მისაღები პროდუქტებია, თუმცა არანაირი სარგებელი არ აქვთ. რადგანაც, ხარშვის დროს ხილში არსებული ვიტამინები იშლება. აქიდან გამომდინარე, ჯობს, ბავშვმა ხილი ცოცხლად, ჩირის ან გაყინული სახით მიიღოს. სიცხეში კომპოტი შეიძლება მცირე რაოდენობით მივცეთ, მაგრამ შაქარს ნუ დავუმატებთ. მურაბასა და კომპოტებში გარდა იმისა, რომ ხარშვის დროს ვიტამინებს ვკლავთ, ასევე, დიდი რაოდენობით შაქარს ვუმატებთ, რაც, რა თქმა უნდა, არასასურველია. ახალგამოწურული წვენი სასარგებლოა, თუმცა, კვლავ ვიმეორებ, თუ ბავშვს დიდი რაოდენობით ვაძლევთ, შეიძლება ფაღარათი განვითარდეს. რაც შეეხება ჩაის, მაგარ ჩაის ნუ დავალევინებთ და მინიმალური შაქრით შევთავაზოთ. 

როგორია იდეალური საუზმე, რა უნდა შედიოდეს მის შემადგენლობაში?

-ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კვების სპეციალური თეფშია შერჩეული, სადაც ყველაზე დიდ ადგილს მარცვლეული და ხილბოსტნეული იკავებს, შემდეგაა, რძის ნაწარმი, ხორცი, თევზი, ცილა და სულ მცირე ადგილია გამოყოფილი ჩასაკოკლოზინებელისთვის - ტკბილეული, ძალიან ცხიმიანი საკვები. იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიიდან გამომდინარე, ბავშვები ნაკლებად მოძრაობენ, მარცვლეულის ულუფები შევამციროთ და გავზარდოთ ხილისა და ბოსტნეულის როლი. დილით შესაძლოა ბავშვმა მიიღოს ჩაი, კარაქი, პური, ყველი, თუ ალერგია არ აქვს, თაფლი. ასევე, მაწონი, ხაჭო, ორცხობილა, ფაფა. სადილზე ბოსტნეულის სუფი ძალიან კარგია, ასევე, თევზი, ხორცი. საღამოს კვება კი მსუბუქი უნდა იყოს. 

რა სიხშირითაა აუცილებელი, რომ ბავშვმა ხორცი და თევზი მიიღოს?

-სიხშირეზე მეტად რაოდენობაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ერთი უნდა ვიცოდეთ, ჭარბი რაოდენობით ხორცის მიღება არ არის სასარგებლო. ხორციც და ზოგადად, ცილა, ბავშვებს ოპტიმალური რაოდენობით უნდა მივცეთ.  წინათ, მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევდით, რომ 1 კილოგრამ წონაზე 1 გრამი ცილა შეეტანათ რაციონში (სპეციალური ტაბულებია ინტერნეტში). თუმცა, ჯობს, 0,8 გრამი გავითვალისწინოთ. ამიტომაც, შესაძლოა ბავშვმა ყოველდღე მიირთვას თევზი და ხორცი, მაგრამ რაოდენობა უნდა გავითვალისწინოთ.

ბავშვისთვის საკვების მოსამზადებლად რომელი ჭურჭელია ყველაზე უსაფრთხო?

-რაიმე განსაკუთრებული ჭურჭლის შერჩევა არ არის საჭირო. მთავარია, ემალირებული ჭურჭელი, იქნება ეს ქვაბი თუ ტაფა,  არ იყოს დაზიანებული, რადგან ამ დროს არსებობს საფრთხე, რომ მომწამვლელი ნივთიერებებისაჭმელს შეერიოს. პროდუქტების მომზადების წესიც უნდა გავითვალისწინოთ. შემწვარ საკვებზე უარის თქმა ძნელია, მაგრამ უმჯობესია, შვილებს მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული შევთავაზოთ.

დაგვისახელეთ 5 ძირითადი პროდუქტი, რომელიც ბავშვმა დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა მიიღოს.

-კვლავ აღვნიშნავ, ზომიერი რაოდენობით ფაფეული, რძის ნაწარმი, ხილი, ბოსტნეული და ცილოვანი პროდუქტი.