„ადრეული ასაკის ბავშვებს, პრაქტიკულად, დამამშვიდებელი არ სჭირდებათ''- თემურ მიქელაძის პასუხი გავრცელებულ მითებზე

28-10-2021

მედიცინის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კავკასიის მედიცინის ცენტრისა და კლინიკა „კურაციოს“ პედიატრიული სამსახურის უფროსი თემურ მიქელაძე წლამდე ასაკის ბავშვთა მოვლის შესახებ არსებულ მითებზე გვესაუბრება:

- მითი: დედის კვება მოქმედებს ბავშვის შებერილობაზე, იწვევს კოლიკას და აირების დაგროვებას, ამიტომ მეძუძური დედა მკაცრ დიეტაზე უნდა იყოს.
- არ არსებობს მტკიცებულება მეძუძური დედის განსაკუთრებული დიეტის შესახებ. თუ არსებობს კონკრეტული საკვები პროდუქტების აუტანლობა ბავშვის ან დედის მხრივ, ხდება შესაბამისი საკვები პროდუქტების ამოღება - მაგალთად,, ძროხის რძის ცილის ან კაზეინის აუტანლობა. სასურველია, შეიზღუდოს ისეთი საკვები პროდუქტები, რომლებმაც შეიძლება გემო და სუნი შეუცვალოს დედის რძეს (ცხარე, მჟავე, ნიორი, მწარე წიწაკა და ა.შ.). კონკრეტული საკვები პროდუქტების შეზღუდვა ხდება ექიმის დანიშნულების მიხედვით.

- მითი: დედის რძე თუ ცხიმიანი, ყვითელი ფერის არ არის, ის ბავშვს ვერ დაანაყრებს.
- ბავშვი იღებს მხოლოდ მისთვის, ინდივიდუალურად, საჭირო შემადგენლობის დედის რძეს. ფერს და ცხიმიანობას არ აქვს მნიშვნელობა.

- მითი: 40 დღემდე ახალშობილს ფრჩხილები არ უნდა დავაჭრათ.
- ფრჩხილების დაჭრა შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში.

- მითი: აუცილებელია წლამდე ბავშვისთვის რაციონში მარილის და შაქრის დამატება, იმისთვის, რომ გემოვნური თვისებები ჩამოუყალიბდეს. აუცილებელია შაქრის სიროფიც, იმისთვის, რომ ბავშვმა დაიწყოს მყარი კვება (რადგან შაქრის სიროფი დედის რძის სიტკბოსთან ასოცირდება)...
- არ არის აუცილებელი შაქრის და მარილის დამატება. წლამდე ასაკის ბავშვმა სასურველია მიიღოს მხოლოდ ქარხნულად დამზადებული დამატებითი საკვები ან სპეციალურად მისთვის ექიმის მიერ შერჩეულ, სახლში მომზადებული საკვები, რომელშიც ბალანსირებული და ადაპტირებული იქნება ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მინერალები და ვიტამინები.

- მითი: 7 თვემდე ბავშვის დასმა არ შეიძლება...
- დაჯდომა შეიძლება ნებისმიერი ასაკიდან და შეზღუდვა არ არსებობს.

- მითი: ბავშვს პირველივე დღიდან სჭირდება წყალი
- თუ ბავშვი არის ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე, მას საერთოდ არ სჭირდება წყლის დამატება.

- მითი: თუ ჩვილს აქვს ცივი კიდურები, მას სცივა და აუცილებლად თბილად უნდა ჩავაცვათ. ზოგადად, ბავშვს უნდა ეცვას თბილად.
- ბავშვს უნდა ეცვას გარემოს ტემპერატურის შესაბამისად და ამას ინდივიდუალურად არჩევს მშობელი.

- მითი: სეზონის მიუხედავად, თუ ჩვილს წინდა არ ეცმევა, მუცელი შეებერება და აირები დაუგროვდება.
- არა, რა თქმა უნდა. ჩვილ ბავშვთა კოლიკა გვხვდება 30-70% შემთხვევაში და არაა დაკავშირებული წინდის ჩაცმა-არჩაცმასთან.

- მითი: 6 თვის შემდეგ დედის რძე კარგავს სარგებელს და აზრი აღარ აქვს მყარ კვებასთან ერთად ძუძუთი კვების გაგრძელებას.
- არა, დედის რძე სასარგებლოა მთელი ძუძუთი კვების მიმდინარეობის მანძილზე და მას მუდმივად მაღალი კვებითი ღირებულება გააჩნია. ძუძუთი კვება არის ბავშვთა კვების ოქროს სტანდარტი.

- მითი: ბავშვის ოთახში აუცილებლად სითბო უნდა იყოს და დაუშვებელია კონდიციონერის ჩართვა.
- გარემოს მაღალი ტემპერატურის დროს,  აუცილებელია ოთახის კონდიცირება.

- მითი: ბავშვს აუცილებლად სჭირდება დამამშვიდებელი, თუ მას აქვს არეული რეჟიმი, ხშირად ტირის და ჭირვეულობს.
- ადრეული ასაკის ბავშვებს, პრაქტიკულად, დამამშვიდებელი არ სჭირდებათ. სხვა შემთხვევაში უნდა მიმართონ ბავშვთა ნევროლოგს.

- მითი: მაღალი ტემპერატურის დროს ძალიან ეფექტურია ძმრიანი წინდების გამოყენება.
- ძმრიანი წინდების გამოყენება არ არის რეკომენდებული,  ფიზიკური მეთოდებით ტემპერატურის დაწევას წყვეტს ექიმი.

- მითი: როცა ბავშვს ყელი ჩირქიანი აქვთ, თითზე დახვეული თაფლიანი მარლის ამოსმა ძალიან ეფექტურია.
- კატეგორიულად აკრძალულია ზედმეტი მანიპულაციები, ამან შეიძლება პროცესი უფრო გაამწვავოს.

- მითი: ბავშვს თუ ვერცხლის კოვზიდან ვაჭმევთ, უფრო ჯანმრთელი იქნება.
- არა, რა თქმა უნდა, პირიქით, ბავშვს უნდა ვაჭამოთ ინდიფერენტული მასალით დამზადებული კოვზით, რომლიც არ შეიცავს სახიფათო მინარევებს და შეესაბამება ევროსტანდარტებს.

თანამედროვე დედების კლუბი, მითები,