ქუნთრუშა ბავშვებში - რა უნდა ვიცოდეთ ამ ინფექციის შესახებ

28-05-2023

ბოლო დროს, ქურთრუშას შემთხვევებმა ძალიან იმატა. ამ დაავადების სიმპტომებზე და მკურნალობის გზებზე გვესაუბრება პედიატრი ლიკა თედიაშვილი

თუ ბავშვს ყელის ტკივილი და გამონაყარი ერთდროულად აქვს, შესაძლებელია ქუნთრუშასთან გვქონდეს საქმე. დიაგნოზის დაზუსტებისთვის აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ პედიატრს. ქუნთრუშა საჭიროებს ანტიბაქტერიულ მკურნალობას, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის სწრაფ გამოჯანმრთელებას, დაიცავს მას გართულებებისგან და ასევე მოახდენს ინფექციის გავრცელების პრევენციას. 

რა იწვევს ქუნთრუშას?

ქუნთრუშას გამომწვევი არის მიკრობი - A ჯგუფის სტრეპტოკოკი, რომელიც ასევე სტრეპტოკოკური ანგინების გამომწვევადაც გვევლინება. მიკრობი გამოიმუშავებს ტოქსინს - სტრეპტოკოკურ ენდოტოქსინს, რაც იწვევს ქუნთრუშისთვის დამახასიათებელ გამონაყარს. ბაქტერია ხასიათდება მაღალი გადამდებლობით, რაც შეიძლება მოხდეს როგორც ჰაერ-წვეთოვანი, ასევე პირდაპირი კონტაქტის გზით (მაგალითად დაბიძურებული ჭურჭლიდან). იშვიათად დასნებოვნება შესაძლებელია მოხდეს არასათანადოდ დამუშავებული, დაბინძურებული საკვებიდან (CDC’s food safety page).

დასნებოვნებიდან დაავადების გამოვლენამდე საშუალოდ 2-5 დღეა საჭირო.
 

როგორია ქუნთრუშას სიმპტომები:
ქუნთრუშა,

დაავადება უხშირესად იწყება ცხელებით და ყელის ტკივილით.

მისთვის დამახასიათებელია ზოგადი, სხვა ინფექციების მსგავსი სიმპტომები:
•    შემცივნებით მიმდინარე ცხელება 38.3 და მეტი 
•    ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება
•    კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი
•    მუცლის ტკივილი
•    გულისრევა, ღებინება

ქუნთრუშასთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები
•    ენის თეთრი ნადები დაავადების დასაწყის სტადიაზე.
•    შემდგომ ენის დვრილების ჰიპერტროფია და ჰიპერემია, ე.წ. ჟოლოსებრი ენა.
•    ყელის ძლიერი სიწითლე.
•    შეშუპებული და შეწითლებული ტონზილები, ჩირქოვანი ნადები.
•    სისხლჩაქცევები სასაზე.
•    გადიდებული ლიმფური ჯირკვლები კისრის ორივე მხარეს.
•    გამონაყარი, რომელიც ხასიათდება ხორკლიანი ზუმფარასებრი ("შკურკა") შესახედაობით და ვლინდება კანის ზოგადი სიწითლის (ჰიპერემიის) ფონზე.
•    გამონაყარი ძირითადად ლოკალიზებულია იღლიის, იდაყვის და საზარდულის მიდამოში.
•    გამონაყარის უკუგანვითარების შემდეგ ვითარდება კანის აქერცვლა.
•    გამონაყარი ჩნდება დაავადების დაწყებიდან 2 დღეში, შესაძლებელია წინ უსწრებდეს, ან გამოვლინდეს კლინიკური ნიშნების დაწყებიდან მე-7 დღეს. 
•    თავდაპირველად ჩნდება კისერზე, იღლიებსა და ბარძაყებზე, თანდათანობით კი ვრცელდება მთელ სხეულზე. არის წვრილლაქოვანი შესახედაობის, შემდეგ იღებს კანიდან მცირედ ამოწეულ შესახედაობას, და შეიგრძნობა როგორც ე.წ. ზუმფარას ქაღალდი ("შკურკა"). 
•    ლოყები ძლიერ ჰიპერემიულია, პირის ირგვლივ კანი რჩება თეთრი და 
•    ჩანს ფერმკრთალი. 
•    გამონაყარის მიდამოებში კანი შეწითლებულია (ე.წ. მოხარშული კიბორჩხალის ეფექტი).
•    დაახლოებით 7 დღეში გამონაყარი გაივლის, შემდეგ ვითარდება კანის აქერცვლა, რაც შესაძლებელია რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.

 

ქუნთრუშა, როგორც სტრეპტოკოკური ანგინა, უპირატესად გვხვდება ბავშვებში და ხშირია 5-15 წლამდე ასაკში. იშვიათია 3 წლამდე ბავშვებში. 
ინფექცია ვრცელდება ახლო კონტაქტის შედეგად და უპირატესად გვხვდება ბავშვთა მჭიდრო კოლექტივებში: სკოლა, საბავშვო ბაღი. 

გახსოვდეთ: უამრავი ვირუსული ინფექცია შეიძლება მიმდინარეობდეს ცხელებით და გამონაყარით. სიმპტომების შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.ქუნთრუშაზე ეჭვის შემთხვევაში კი - დამატებითი კვლევების ჩატარება, რაც სტრეპტოკოკის სწრაფი ანტიგენ ტესტით და ბაქტერიოლოგიური კვლევით დაავადების გამომწვევის გამოვლენას გულისხმობს.

როდის დავუბრუნდეთ სკოლას, ბაღს და სამუშაოს? 
 

  • ცხელების ნორმალიზება 24 საათის მანძილზე + ანტიბაქტერიული მკურნალობის 24 სთ. 
  • აუცილებლად შეუთანხმეთ თქვენს ექიმს ბავშვის სკოლასა და ბაღში გაშვების საკითხი.
  • ზუსტად შეასრულეთ ექიმის მითითება ანტიბიოტიკის მიღებასთან დაკავშირებით.
  • არ შეწყვიტოთ ანტიბიოტიკი ექიმთან შეთანხმების გარეშე, მიუხედავად გაუმჯობესებისა.

რა გართულებები შეიძება ჰქონდეს ქუნთრუშას? 


ქუნთრუშა ხასიათდება შორეული გართულებებით, რომელიც საბედნიეროდ იშვიათი მოვლენაა.

მათ რიცხვს მიეკუთვნება: 
•    პარატონზილარული აბსცესი
•    კისრის ლიმფადენიტი
•    ყურის, სინუსების და კანის ინფექცია
•    პნევმონია
•    რევმატული ცხელება 
•    ართრიტი
•    პოსტ-სტრეპტოკოკური გლომერულონეფრიტი

ქუნთრუშა შესაძლებელია დაემართოს ადამიანს რამდენჯერმე. მის მიმართ მყარი იმუნიტეტი არ მუშავდება, ასევე არ არსებობს საპროფილაქტიკო ვაქცინა. შესაბამისად პრევენციულ ღონისძიებებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
•    A ჯგუფის სტრეპტოკოკის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მიზანშეწონილია:
•    ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით ხველის, ცემინების, საკვების დამუშავების, ასვე კვების წინ და შემდეგ.
•    დაიფარეთ ცხვირი და პირი ცემინების და ხველის დროს.
•    ჩააგდეთ გამოყენებული ხელსახოცი თავდახურულ ურნაში.
•    დაიფარეთ ცხვირი და პირის არე იდაყვით, თუ არ გაქვთ ქაღალდის ერთჯერადი ხელსახოცი.
•    ხშირად დაიბანეთ ხელები მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.
•    გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი ანტისეპტიკი, თუ არ გაქვთ ხელის დაბანის საშუალება.
გისურვებთ ჯანმრთელობას.