მეტყველების პრობლემები ბავშვებში - სპეციალისტის რჩევები

10-03-2023

მეტყველების შეფერხების პრობლემები ბავშვებში 

რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვმა სიტყვების წარმოთქმა? რა შეიძლება იყოს მეტყველების შეფერხების მიზეზი? რა საყურადღებო ნიშნების აღმოჩენისას უნდა მიმართოს მშობელმა სპეციალისტს? ამ და სხვა საინტერესო თემებზე გვესაუბრება ეკა ჭავჭავაძე, კომუნიკაცია, ენისა და მეტყველების თერაპევტი,  „ლოგომედის“ - მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრის ხელმძღვანელი“, ასოცირებული პროფესორი. 

რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვმა სიტყვების წარმოთქმა?

რამდენად სწორად ვითარდება მეტყველება, ამის შესაფასებელი რამდენიმე კრიტერიუმი არსებობს, თუმცა, უმჯობესია, მშობელმა ასეთი პრინციპით იხელმძღვანელოს: 
•    2-3 თვე: პატარა ღუღუნებს, წარმოთქვამს ბგერებს "ა", "ი", ზოგჯერ შესაძლებელია "გ"-ც;
•    7-9 თვე: პატარა ტიტინებს, წარმოთქვამს ერთნაირ მარცვლებს: დე-დე, მა-მა, ბე-ბე, პა-პა, ბა-ბა, ბუ-ბუ, მუ-მუ;
•    9-11 თვე: პატარა უკვე ცდილობს მოზრდილთა მიერ წარმოთქმული მარცვლებისა და სიტყვების გამეორებას;
•    11-13 თვე: ჩნდება პირველი ორი იდენტური ან მსგავსი მარცვლებისგან შემდგარი გააზრებული სიტყვები: დედა, მამა, ბებო, პაპა, ბაბუ;
•    წლის ასაკში პატარა უნდა ამბობდეს ძალიან მარტივ ერთგვაროვან მარცვლების შემცველ სიტყვებს, მიმართავდეს დედას, მამას, ბებოს, პაპას, ბაბუას; 
•    წლი-ნახევრის ბავშვი უნდა ამბობდეს ორსიტყვიან მარტივ წინადადებებს, რომლებიც ძირითადად მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ არის მიმართული, მაგალითად წყალი მინდა, პური მინდა, ბურთი მომეცი და ა.შ; 
•    2 წლის ასაკში ლექსიკური მარაგი 100-დან 150 სიტყვამდე უნდა იყოს, პატარა მათ უნდა იყენებდეს მიზნობრივად, გააზრებულად; 
•    2-3 წელი: პატარა იწყებს წინადადებებით საუბარს. ამ ასაკში ბავშვის ლექსიკური მარაგი უნდა შეადგენდეს 300-მდე სიტყვას; 
•    3-4 წლის ასაკში სრულად უნდა გამოთქვამდეს საკუთარ ემოციებსა და აზრებს ვერბალური – სიტყვიერი გზით, უნდა შეეძლოს თანატოლებთან მომხდარი მოვლენების მარტივი ანალიზი, ანუ სწორედ სიტყვა და ფრაზა უნდა იყოს მისთვის გარშემო ადამიანებთან კომუნიკაციის ძირითადი საშუალება.
რაც შეეხება ბგერათა არასწორ წარმოთქმას, „გაიზრდება და გამოასწორებს” _ ეს პოსტულატი ვარგისია 5 წლამდე.  ნორმაში ბავშვი 3 წლის ასაკში იწყებს გამართულად პ, მ, ბ, ვ, ფ, გ, ქ, კ-ს წარმოთქმას, 4 წლის ასაკში სისინებს: ს, ზ, ც, წ, ძ, მოგვიანებით შიშინებს: შ, ჩ, ჟ, ჯ, ჭ. ბგერების გამართვა სრულდება რ და ლ ბგერებით 5 წლამდე. 
თუ 4,5-5 წლის ასაკში ბავშვი რომელიმე ბგერას გამართულად ვერ ამბობს, აუცილებელია იგი აჩვენოთ ენისა და მეტყველების თერაპევტს, გარდა ამისა, თუ 4 წლამდე რომელიმე ბგერას ვერ ამბობს და საუბარს თან დაერთვის საარტიკულაციო აპარატის არაბუნებრივი მოძრაობანი, ენის გამოსვლა კბილთაშუა ნაპრალიდან, როგორც მშობლები უწოდებენ ე.წ.  „ჩლიფინი“  და „თლიფინი“, ამასთან, მეტყველებას თან დაერთვის ცხვირისმიერი ხმიანობა, საუბრისას გაძლიერებულია სალივაცია – ნერწყვდენა, ასეთ შემთხვევაში 5 წლამდე ლოდინი არ შეიძლება და უმჯობესია, ბავშვი ვაჩვენოთ სპეციალისტს.
ასეთია ბავშვის მეტყველების ნორმალური განვითარების ეტაპები. ნებისმიერ ეტაპზე გადახრა ნორმიდან საჭიროებს სპეციალისტის კონსულტაციას. ნუ დაუგდებთ ყურს ასეთი ტიპის რჩევა-დარიგებებს: "ჩემსასაც ასე ჰქონდა, მაგრამ მერე თავისით ალაპარაკდა", "მის მამასაც გვიან დაუწყია საუბარი და ესეც ასე დაიწყებს", "ბიჭები ზოგადად გვიან იწყებენ ლაპარაკს", "ილაპარაკებს, აბა რას იზამს, ჯანმრთელი ბავშვია, სხვა არანაირი დაზიანება არ აქვს".

 

მეტყველების დარღვევა, მეტყველების შეფერხება ბავშვებში, ეკა ჭავჭავაძე, ლოგომედი,

 

რა საყურადღებო ნიშნების აღმოჩენისას უნდა მიმართოს მშობელმა სპეციალისტს?

მიმართეთ მეტყველების თერაპევტს, თუ:
•    2 წლის ასაკში პატარა არ მეტყველებს საერთოდ;
•    2 წლის ბავშვი არ ჩქარობს მშობლიურ ენაზე ამეტყველებას, სანაცვლოდ კი ადვილად იზეპირებს უცხოენოვან ანბანს, თვლას, ფერებს, საუბრობს სინტაქსური წესების დარღვევით და ახასიათებს ე.წ. აგრამატიზმი;
•    პატარა არავერბალურია, გააჩნია რამდენიმე სპონტანური ვოკალიზაციის ბგერა, რომელსაც იგი არამიზნობრივად გამოსცემს;
•    ბავშვს ბგერები და მარცვლები აქვს, საუბრობს, მაგრამ საგნებს არქმევს თავის სახელებს, რომელსაც საერთო არაფერი აქვს საგნის რეალურ დასახელებასთან, ეს არის არაკონვენციურ, ე.წ. ჟარგონულ ენაზე მეტყველი ბავშვი, რომელთა ერთ ნაწილს შენარჩუნებული აქვს ინტონაცია, ის ემოცია, რასაც იგი კონკრეტულ მომენტში ჟარგონით გამოხატავს ადექვატურია მისი სურვილისა, მაგალითად თხოვნას თავისი ფორმა გააჩნია, პროტესტს _ თავისი, თუმცა არსებობს არაკონვენციურად მეტყველი ბავშვები, რომლებიც ემოციებს არაადექვატურად გამოხატავენ და ეს მათ სურვილებისა და მიზნების გაგებას რამდენადმე ართულებს;
•    ბავშვი საუბრობს ე.წ. ექოლალიებით, სარკული მეტყველება _ რასაც ეუბნებით იგივეს იმეორებს, შესაძლოა არტიკულაციისა და მართლმეტყველების სრული დაცვით, მაგრამ თავად მიზნობრივად არ საუბრობს, არ ამბობს ყველაზე მარტივ მიზნობრივ წინადადებებსაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ურთულესი ფრაზაც კი შეუძლია უშეცდომოდ გაიმეოროს;
•    ბავშვი საუბრობს აკვიატებული ფრაზებით, იმეორებს მულტფილმში გაგონილ სიტყვას, ფრაზას, ან იმ წინადადებას, რომლითაც მას მიმართავენ;
•    ბავშვი საუბრობს არაბუნებრივ ხმაზე.

რა ასაკამდე შეიძლება, რომ ბავშვმა არ დაიწყოს საუბარი?

ბავშვის ამეტყველებას შეგვიძლია ველოდოთ წლინახევრიდან 2 წლამდე, თუU2 წლის ასაკში ბავშვი არ საუბრობს მარტივი წინადადებებით, ეს ყოველთვის რაიმე პათოლოგიური მდგომარეობის მანიშნებელი არ არის, თუმცა, სრული სიმშვიდისთვის, აუცილებელია პატარა ერთხელ მაინც ვაჩვენოთ ნეიროფსიქოლოგს ან მეტყველების თერაპევტს.

რა შეიძლება იყოს მეტყველების შეფერხების მიზეზი?

1.  არასწორი სამეტყველო გარემო, რომელიც მოიცავს სიტყვიერი ურთიერთობის დეფიციტს, გაჯეტებთან და ელექტრონულ მოწყობილობებთან არაზომიერ ურთიერთობას, უცხო ენებზე გახმოვანებულ ანიმაციასთან ურთიერთობას;
2. ორენოვნება;
3. ფონემური ცნობიერების დარღვევა;
4. ცუდი სამეტყველო მაგალითი;
5. მასწავლებელი, მშობელი, ენის მოჩლექვით საუბარი;
6. სხვადასხვა მდგომარეობანი, რომელთა პირველ კლინიკურ ნიშანსაც უმეტყველობა ან დაგვიანებული მეტყველება წარმოადგენს, მათ შორის დღეს ყველაზე აქტუალურია აუტიზმი და აუტისტური სპექტრის აშლილობანი,  სხვადასხვა გენეზის განვითარების ეტაპების შეყოვნება, ფსიქომოტორული განვითარების შეფერხებანი.
- რა ანატომიური პრობლემები შეიძლება იწვევდეს მეტყველების პრობლემებს? 
1. ცხვირით სუნთქვის დარღვევა: ჰიპერტროფული ადენოიდები (ე.წ. პოლიპები), ცხვირის ძგიდის გამრუდება, ქრონიკული სურდო,  ალერგიული რინიტი;
2. თანკბილვის დარღვევა - პროგნატია, პროგენია;
3. ენის მასიური ან მოკლე ლაგამი;
4. საარტიკულაციო აპარატის თანდაყოლილი, გენეტიკური, ტრავმები: რბილი და მაგარი სასის ნაპრალი, ე.წ. კურდღლის ტუჩი, მგლის ხახა;
5. არასწორად ჩატარებული სტომატოლოგიური მკურნალობა.

მეტყველების დარღვევა, მეტყველების შეფერხება ბავშვებში, ეკა ჭავჭავაძე, ლოგომედი,

როგორ შეიძლება მშობელმა შეუწყოს ხელი ბავშვის მეტყველების განვითარებას?

უპირველეს ყოვლისა,  ბავშვის  დროულად ასამეტყველებლად საჭიროა სწორი  სამეტყველო გარემო, რაც ითვალისწინებს: 
•    ბავშვს უნდა ესმოდეს ინტენსიური, სწორი და გამართული საუბარი, იგი ისე ალაპარაკდება, როგორც მას ესაუბრებიან; 
•    აკრძალულია ენის მოჩლექვით საუბარი და მსგავსი ინტონაციით თქმული უშინაარსო საალერსო სიტყვების გამოყენება;
•    პატარას მიმართეთ მხოლოდ სახელით;
•    2-4-წლამდე სასურველია  ესმოდეს  მხოლოდ ერთი - მშობლიური ენა, ხოლო ამეტყველების შემდგომ შეგვიძლია მას უცხო ენაც მივაწოდოთ;
•    იმავე 2-4 წლამდე აკრძალულია უცხო ენაზე გახმოვანებული ანიმაციური ფილმების და შემეცნებითი კომპიუტერული აპლიკაციების ყურება;
•    ინტენსიურად უნდა ვესაუბროთ პატარას და მივცეთ საშუალება, სიტყვიერი გზით შეიმეცნოს სამყარო;
•    ნუ დატოვებთ უპასუხოდ მის კითხვებს;

რას გვეტყვით საეკრანო დროზე და ამით გამოწვეულ მეტყველების დარღვევებზე?

2-4-წლამდე სასურველია, თუ ბავშვს საერთოდ არ ექნება კონტაქტი გაჯეტებთან, მაგრამ რადგან ეს დღევანდელ რეალობაში პრაქტიკულად შეუძლებელია, მინიმალური დასაშვები დრო ამ ასაკისთვის ისაზღვრება საათიდან-საათ-ნახევრამდე, ამასთან, არა ერთჯერადი ექსპოზიციით, დრო უნდა გავანაწილოდ 20-20 წუთით, ან 30-30 წუთი. რაც შეეხება უცხოენობრივ ანიმაციას, ეს ამ ასაკში საერთოდ იკრძალება, იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ასაკის შესაბამისად ჯერ ვერ მეტყველებენ.
 არანორმირებული საეკრანო ურთიერთობით ყველაზე ხშირად ვითარდება ზოგადად მეტყველების ფუნქციის  განუვითარებლობა და ე.წ. ექსპრესიული და იმპრესიული აგრამატიზმი, როდესაც მეტყველების ფორმირების შემდგომ აღმოაჩენენ, რომ მათი პატარა, საკმარისი ლექსიკური მარაგის ფონზეც კი, ვერ ახერხებს გამართული წინადადებებით საუბარს. ზოგჯერ ეს მხოლოდ აქტიური მეტყველებისას ვლინდება და ყურადღების კონცენტრირებისას ნაკლებად თვალში საცემია, ეს ექსპრესიული აგრამატიზმია, ზოგჯერ კი პირიქით, წერის, თხრობისას იჩენს თავს - იმპრესიული აგრამატიზმი. ამ დარღვევისას ბავშვებს განსაკუთრებით უჭირთ სიტყვათაშორის ურთიერთობების გამოხატვა: კავშირი, თანდებული, წინდებული და შორისდებულების სათანადო გამოყენება.
3-4 წლამდე აგრამატიზმი  შეიძლება ნორმალურ მოვლენად ჩაითვალოს, მაგრამ თუ ბავშვის კონტაქტი უცხოენოვან ანიმაციასთან და გაჯეტებთან შეწყდა, მაგრამ 5 წლის ასაკში მოვლენა კვლავ სახეზეა, აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა, რადგანაც ზოგჯერ იგი ნეიროფსიქოლოგიური მოშლილობაა, რომელიც მეტყველების გრამატიკული სტრუქტურისა და გამართულად საუბრის უნარის სრულ ან ნაწილობრივ უქონლობაზე მეტყველებს. თუ ბავშვს მსგავსი ტიპის დარღვევას შეამჩნევთ, აუცილებელია მიმართოთ ნევროლოგს, რათა დროულად დადგინდეს ყოველივე ყურადღების დეფიციტის, თუ თავის ტვინის შუბლისა და საფეთქლის არის კეროვანი ან ტრავმული დაზიანების შედეგია, რადგან ორივე შემთხვევაში აუცილებელია როგორც მეტყველების, ისე მედიკამენტური თერაპია. ამ შემთხვევაში აკრძალულია და არ არის გამართლებული ხმამაღლა საუბარი, პატარას შევუსწოროთ არასწორად გამოთქმული სიტყვები თუ ფრაზები, უმჯობესია იგივე საკმაოდ მშვიდად გავუმეოროთ სწორად, ყოველგვარი გამეორების მოთხოვნის გარეშე და თუ მეტყველების სერიოზულ დარღვევასთან არ გვაქვს საქმე, აუცილებლად თავადვე ძალზე უმტკივნეულოდ გამოასწორებს მათ.
                          

დაახლოებით რამდენ სიტყვას უნდა ამბობდეს 1 წლის ბავშვი? 

დღეს, როდესაც დაგვიანებული ამეტყველება პრაქტიკულად ყოველი მესამე ბავშვის თანმდევია, რთულია ზუსტი მონაცემის დადგენა, მთავარია, ბავშვი ამ ასაკში საუბრობდეს ძალიან მარტივი სიტყვებით და წინადადებებით და მისი ლექსიკური მარაგი შედგებოდეს დაახლოებით 70-100 სიტყვისგან.

რამდენად მოქმედებს მემკვიდრეობითი ფაქტორი, როდესაც ბავშვი ლაპარაკის დაწყებას აგვიანებს?

გენეტიკური ფაქტორი არ უნდა  უგულვებელვყოთ, თუმცა არც იმის იმედად ყოფნაა გამართლებული, რომ მამა, დედა, ბაბუა, ბებია, ბიძა, დეიდა და მამიდა გვიან ამეტყველდა და ამიტომ გასაკვირიც არაფერია. თუ პატარა არ ჩქარობს ამეტყველებას, მიუხედავად მისი გენეტიკური განწყობებისა, აუცილებელია  სპეციალისტთან ვიზიტი და მიზეზის დადგენა. 

მეტყველების რა დარღვევები გვხვდება ბავშვთა ასაკში და რა მეთოდებით არის შესაძლებელი პრობლემის მკურნალობა?

მეტყველების დარღვევათა სიმრავლის მიუხედავად, შესაძლებელია მათი 2 დიდ ჯგუფად დაყოფა: პირველი _ მეტყველების დარღვევები, რომლებიც მეტყველების, როგორც ფუნქციის არასათანადოდ განვითარების ან საერთოდ განუვითარებლობის შედეგია, მას მიეკუთვნება რეცეპტული ტიპის მეტყველების დარღვევა, მეტყველების ფუნქციის განუვითარებლობა, დისფაგია და აფაზია, ეს ძირითადად ის დარღვევებია, რომლებიც დამოუკიდებლად არ ვითარდება, ისინი წარმოადგენს რომელიმე ძირითადი დაავადების თანმდევ სიმპტომს, მაგალითად ბავშვთა ცერებრული დამბლის, აუტისტური სპექტრის აშლილობის, გონებრივი განვითარების შეფერხების, დაუნის სინდრომის, სმენის დაქვეითების და ა.შ
არსებობს მეტყველების ისეთი დარღვევები, როდესაც მეტყველების ფუნქცია სათანადოდ არის განვითარებული და ბავშვი მას იყენებს სრულფასოვანი კომუნიკაციის საშუალებად, უბრალოდ აღინიშნება გარკვეული კოსმეტიკური ხარვეზები, ასეთებია ყველასთვის კარგად ნაცნობი, ე.წ. ლოგოპედური დარღვევები, როდესაც ბავშვი არასათანადოდ წარმოთქვამს რომელიმე ბგერას და მოსახლეობისთვის ასევე კარგად ნაცნობი ენაბორძიკი, ანუ ლოგონევროზი.
ამ ჯგუფის დარღვევებზე მიუთითებს შემდეგი ფაქტორები:
•    3 წლის ასაკში ბავშვი გამართულად ვერ წარმოთქვამს შემდეგ ბგერებს: პ, ბ, ბ, ვ, ფ, გ, ქ, კ.
•    4 წლის ასაკში უჭირს სისინა ბგერების წარმოთქმა: ს, ზ, ც, წ, ძ.
•    5 წლის ასაკში – შიშინა ბგერებს აკლია ჟღერადობა: შ, ჩ, ჟ, ჯ, ჭ. ამავე ასაკში ბავშვი უნდა გამართულად ამბობდეს რ და ლ-ს.
•    5 წლამდე შესაძლოა, ბგერათაAდამახინჯებული წარმოთქმა ასაკობრივად მივიჩნიოთ, თუმცა თუ პატარას საჭირო ასაკში საერთოდ არ აქვს ესა თუ ის ბგერა, ან წარმოთქვამს მათ არტიკულაციის უხეში დარღვევით: ყელისმიერად, გვერდულად, ცხვირისმიერად, კბილთაშუა, მაშინ აუცილებელია ბავშვი ვაჩვენოთ მეტყველების თერაპევტს, რათა გამოირიცხოს ენის, ყბის, სასის, ხახის თანდაყოლილი ანომალიები, რომლებიც დაუყოვნებლივ ორთოდონტულ ჩარევას საჭიროებენ.
რაც შეეხება ენაბორძიკს, იგი ნევროზის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც მეტყველებისას იჩენს თავს და ვლინდება თავისუფალი მეტყველების ტემპისა და რიტმის დარღვევით, ანუ სამეტყველო აპარატის სხვადასხვა განყოფილებაში ვითარდება კრუნჩხვები და სპაზმები, რომელიც საუბრისას გარკვეულ დაბრკოლებებს ქმნიან. ლოგონევროზის ყველაზე გავრცელებული მიზეზი უეცარი ძლიერი ემოციაა, სტრესი, შიში, ზოგჯერ იგი უმიზეზოდ ვითარდება, ხშირია გადაჩვეულ ცაციებში და ა.შ. 
ზოგჯერ ლოგონევროზი სიმპტომურია და თან დაერთვის რომელიმე ნევროლოგიურ დაავადებას, ასეთ დროს საჭიროა ნევროლოგის დახმარებაც, სხვა შემთხვევაში მისი კორექცია ენისა და მეტყველების თერაპევტის პრეროგატივაა. 

რამდენად მიზანშეწონილია პატარებისთვის დიდი ლექსების სწავლება? (იმ შემთხვევაში, თუ არ არის გამოხატული მეტყველების პრობლემა) რამდენად საჭიროა მსგავსი აქტივობები ბავშვისთვის?

მეტყველების აქტიური განვითარების პერიოდში, დაახლოებით 2-დან 4 წლამდე,  ნორმალურად განვითარებული სამეტყველო ფუნქციის ფონზეც კი, უმჯობესია პატარა არ დავტვირთოთ რთული სამეტყველო ამოცანების შესრულებით,  რადგან იგი მეტყველებას, როგორც კომუნიკაციისთვის საჭირო ძირითად ინსტრუმენტს, ჯერ თავისუფლად კიდევ ვერ ფლობს, ამიტომ ნებისმიერი ტიპის გადატვირთვა, შესაძლოა გარკველი პრობლემების საფუძველი გახდეს, ყველაზე ხშირად მოსალოდნელია ენაბორძიკის, ანუ ლოგონევროზის განვითარება.

ზრდასრულ ასაკში, როდესაც სახეზეა დაგვიანებული მკურნალობა, რამდენად აქვს ეფექტი თერაპიებს?

მეტყველების თერაპიის დაწყება შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში, უფრო მეტიც, ლოგონევროზის თერაპია ყველაზე შედეგიანი სწორედ 20 წლის ასაკის შემდგომაა, 50-60 წლამდე შესაძლებელია ბგერათა კორექციაც,  უბრალოდ ასაკთან ერთად იზრდება სასურველი შედეგის მისაღწევად საჭირო თერაპიის დრო.
 როცა ბგერათა დამახინჯებულ წარმოთქმას ორგანული, ანატომიური მიზეზები განაპირობებს, ასეთ დროს კომპლექსური მიდგომაა საჭირო, რომელიც  მეტყველების თერაპევტის, სტომატოლოგის, ზოგჯერ ყბა-სახის ქიურგისა და ორთოდონტის ჩარევას ითვალისწინებს.

 

სალომე გორგოშიძე