ტეტანუსი - რატომ არის აუცილებელი აცრა

03-10-2022

რა არის ტეტანუსი?

ტეტანუსი სიცოცხლისათვის საშიში ინფექციაა, რომელსაც ბაქტერია - Clostridium tetani - იწვევს. ეს ბაქტერია თითქმის ყველგან გვხვდება, ჭუჭყში, ნიადაგში, დაბინძურებულ წყალში. ტეტანუსის ბაქტერია ორგანიზმში, როგორც წესი, დაბინძურებული საგნით მიყენებული ნაჩხვლეტი ჭრილობის ან ნაკაწრის მეშვეობით ხვდება. კანში შეღწევის შემდეგ ის მრავლდება და გამოყოფს ტოქსინს, ანუ შხამს, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას. ტოქსინი იწვევს კუნთების ძლიერ სპაზმს და დაჭიმულობას - ხშირია ყბის, კისრის, გულმკერდის, მუცლის და კიდურების კუნთების სპაზმი. მკურნალობის გარეშე ტოქსინის ზემოქმედებით სასუნთქი კუნთების დამბლა ვითარდება. 
ტეტანუსის ინფექცია შეიძლება განვითარდეს კანის თითქმის ნებისმიერი სახის დაზიანების შემდეგ, ეს მოიცავს: ჩხვლეტას, დამწვრობას, ცხოველის ნაკბენს და ა.შ. იშვიათ შემთხვევაში, ტეტანუსის ინფექცია შეიძლება განვითარდეს ქირურგიული ჩარევის, ყურის ინფექციის, სტომატოლოგიური ინფექციის ან აბორტის შემდეგ. ტეტანუსი ასევე შეიძლება განვითარდეს პირსინგის, ტატუირების, ან მწერების ნაკბენის შემდეგაც კი.

როგორია ტეტანუსის სიმპტომები?

სიმპტომები ორგანიზმში ტეტანუსის გამომწვევის შეღწევიდან შვიდ-რვა დღეში ვლინდება.
ტეტანუსის შესაძლო სიმპტომებია:
•    ყბის კუნთების სპაზმი. 
•    კისრის, მხრის და ზურგის კუნთების დაჭიმულობა.
•    ყლაპვის გაძნელება.
•    სახის კუნთების სპაზმი, რამაც შეიძლება შექმნას ღიმილის ან გრიმასას შთაბეჭდილება.
•    ზურგის კუნთების შეკუმშვის შედეგად თაღის წარმოქმნა.
•    კუნთების სპაზმი და დაჭიმულობა გულმკერდის, მუცლისა და კიდურების არეში.
•    ცხელება და მომატებული ოფლიანობა.
•    მაღალი არტერიული წნევა.
•    ტაქიკარდია ან არარეგულარული პულსი.
•    სუნთქვის გაძნელება.
•    კუნთების ძლიერი სპაზმით გამოწვეული ძვლების მოტეხილობა და კუნთების რღვევა.

კუნთების ძლიერი სპაზმი შეიძლება 3-4 კვირამდე გაგრძელდეს. გამოჯანრთელებას რამდენიმე თვე სჭირდება.

ტეტანუსი, აცრა, იმუნიზაცია, ჭრილობა,

როგორ ხდება დიაგნოსტიკა

ტეტანუსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიული ტესტი არ არსებობს. დიაგნოზი კლინიკური სურათის, ანამნეზის და იმუნიზაციის ისტორიის მიხედვით დგინდება.

ტეტანუსის პრევენცია

იმუნიზაციას შეუძლია თავიდან აგვაცილოს ტეტანუსის თითქმის ყველა შემთხვევა. საქართველოში ბავშვებისთვის განსაზღვრულია ტეტანუსის საწინააღმდეგო სამჯერადი ვაქცინა. პირველი ორი ვაქცინა არის დიფტერია-ყივანახველა-ტეტანუსი-პოლიომიელიტის საწინააღმდეგო და კეთდება 18 თვის და 5 წლის ასაკში, შემდეგ კი, 14 წლის ასაკში, კეთდება ტეტანუსი-დიფტერიის საწინააღმდეგო აცრა. მოწოდებულია, რომ ყოველ 10 წელიწადში განმეორდეს ტეტანუსი-დიფტერიის საწინააღმდეგო აცრა.
იმუნიზაციის გარდა პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ჭრილობა კარგად გაიწმინდოს რაც შეიძლება მალე, განსაკუთრებით, თუ ის დაბინძურებულია, რათა შემცირდეს ტეტანუსის გამომწვევი ბაქტერიების ორგანიზმში შეღწევის და გამრავლების რისკი.

ტეტანუსის მკურნალობა

თუ თქვენ ღია ჭრილობის გამო სამედიცინო დაწესებულებაში აღმოჩნდებით, ექიმი აუცილებლად გკითხავთ, როდის გაიკეთეთ ტეტანუსის ბოლო ვაქცინა. თუ ტეტანუსის იმუნიზაცია არ არის განახლებული, ექიმი მოგცემთ ტეტანუსის ვაქცინის გამაძლიერებელ დოზას და, საჭიროების შემთხვევაში, ტეტანუსის იმუნოგლობულინს, რომლესაც ტეტანუსის ტოქსინის განეიტრელება შეუძლია. ასევე მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს მიორელაქსანტებს, ანტიბიოტიკებს, სედატიურ პრეპარატებს და ა.შ.

როდის უნდა დავუკავშირდეთ ექიმს? 

ტეტანუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ასევე, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას ღრმა, ნაჩხვლეტი, ან ნებისმიერი სახის დაბინძურებული ჭრილობის შემთხვევაში.

წყარო: drugs.com