Tummy time მუცელზე წოლა თქვენი ბავშვის ფიზიკურ განვითარებას უწყობს ხელს. მუცელზე წოლისას თქვენი პატარას კისრის და მხრების კუნთები ვარჯიშდება და ძლიერდება. ამ დროს ბავშვს უვითარდება მოტორული უნარები, ეძლევა ძალა წამოჯდომისთვის, გადატრიალებისთვის, ცოცვისა და სიარულისთვის.
სენსორული ჰულა-ჰუპი დაგეხმარებათ Tummy time თქვენი პატარასთვის იყოს საინტერესო და არ მობეზრდეს ძალიან მალე.
სენსორული ჰულა-ჰუპისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერადი ნაჭრები, უსაფრთხო სათამაშოები, სათამაშო რგოლები, ნაჭრის ბურთები, მთავარია, რომ თითოეული მათგანი კარგად იყოს დადამაგრებული ჰულა-ჰუპზე, თავად ჰულა ჰუპი კი არ იყოს რკინის ან მყარი მეტალის, ჯობს ამ შემთხვევაში უპირატესობა პლასტმასის ჰულა-ჰუპს მიანიჭოთ.
Tummy time-ის დროს არასდროს დატოვოთ პატარა მარტო. როდესაც ჰულა-ჰუპის ერთი ნაწილი უკვე მობეზრდება პატარას, შეუცვალეთ პოზიცია, რათა ახალი სენსორული აქტივობით დაკავდეს.
გარდა იმისა, რომ ბავშვი ამ დროს აუმჯობესებს ფიზიკურ ჯანმრთელობას, ასევე უმჯობესდება სენსორული უნარები, მხედველობა, კონცენტრაცია, ორიენტაცია.
მუცელზე წოლა ასევე ხელს უწყობს ბავშვის თავის ლამაზი ფორმის ჩამოყალიბებას და წარმოადგენს თავის ქალაზე ბრტყელი უბნების წარმოქმნის პრევენციას. როცა ბავშვის თავი ერთ პოზიციაში დიდხანს არის მოთავსებული, თავის ქალის ძვლების განლაგება იცვლება და წარმოიქმნება ბრტყელი უბნები.
Tummy time ხელს უწყობს სენსორულ განვითარებას. მუცელზე მწოლიარე მდგომარეობაში ყოფნა ბავშვს აძლევს საშუალებას გამოსცადოს სხეულის სხვადასხვა პოზიცია და მოძრაობა. აძლევს საშუალებას შეიცნონ სამყარო.
არ დაგავიწყდეთ, რომ ძილისას პატარა ყოველთვის ზურგზე უნდა იწვეს (ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის რისკის შესამცირებლად). მუცელზე წოლა მხოლოდ მაშინაა რეკომენდებული, როდესაც ბავშვსაც და მის მომვლელსაც ღვიძავს. არასოდეს დატოვოთ თქვენი პატარა მუცელზე წოლისას მეთვალყურეობის გარეშე.