აბიტურიენტმა გამოცდაზე გასვლა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ შეძლო - დედის ემოციური მიმართვა ასევე დაზარალებულ მშობლებს

20-07-2023

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობელმა, ინგა ბაშიროვმა გაავრცელა ვიდეო, სადაც აღწერს, რომ მისმა შვილმა გამოცდაზე გასვლა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ შეძლო და მას დამატებით შესაძლებლობას აღარ აძლევენ. 

 „ეს არის სანდრო, ჩემი შვილი. ახლა თვრამეტისაა, უბრალოდ მე მაქვს წესი, ჩემი შვილების სურათებს არ ვაქვეყნებ იმ პერიოდიდან, რაც გახდნენ 12 წლის, რადგან არ მინდა დავარღვიო მათი საზღვრები. მაგრამ მერწმუნეთ, სანდრო არის ახლაც ზუსტად ასეთი, როგორც ამ სურათზე. ზუსტად ასე უყურებს სამყაროს, ნდობით სავსე მზერით. სანდრო ხანდახან გპასუხობთ, როცა გვწერთ, მაგრამ ბოლო სამი დღე მისი მზერა ჩამქრალია, თვალს მარიდებს და მე ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება. 


სანდრო წელს არის აბიტურიენტი. მან ჩააბარა ორი გამოცდა, ხოლო მესამე უნდა ჩაებარებინა 17 ივლისს. წინა საღამოს საშინლად ასტკივდა კბილი და ჩვენ წავედით პირველ სადღეღამისო სტომატოლოგიურ კლინიკაში, რომელიც ამოგვიგდო გუგლმა. მადლობა ღმერთს, კარგი ექიმი შეგვხვდა, მაგრამ კბილი აღმოჩნდა ამოსაღები. ამოღებისას, სიტუაცია გართულდა, მდგომარეობა შეფასდა როგორც მწვავე და ჩატარდა ოპერაცია ადგილობრივი ანესთეზიით, რომელიც გრძელდებოდა 1.5 საათზე მეტი. გაკერვაც უნდოდა ექიმს, იმდენად დიდი დაზიანება იყო ღრძილზე. დაუნიშნეს ანტიბიოტიკი, სავლები და გაგვიშვეს სახლში ღამის 12 საათზე. 


დილით ლოყა და ყბა საშინლად გასივდა, სანდროს აეწია სიცხე 40-მდე, სტკიოდა ხერხემალი და სახსრები, ხოლო ანტიბიოტიკმა მისცა უკურეაქცია, საერთო ძლიერი სისუსტის, ნაწლავების გაღიზიანების და ალერგიული რეაქციის სახით. გამოცდაზე ფიზიკურად ვერ გამოვცხადდით, თუმცა ვრეკავდი ეროვნული გამოცდების ცენტრის ცხელ ხაზზე და ვცდილობდი რამე გამერკვია ამ მდომარეობისთვის. ექიმმა, რომელმაც გაუკეთა ოპერაცია, გამომიგზავნა ფორმა 100, სადაც წერია, რომ პაციენტი იყო მწვავე და მას ჩაუტარდა ოპერაცია. იგივე დაადასტურა სასწრაფომ, რომელიც გამოვიძახეთ იმაე დღის მეორე ნახევარში, როცა ვერ ვაგდებდით სიცხეს. 


მეორე დღეს, დილის 9 საათზე, მე და ჩემი მეუღლე მივედით ე.ე.გ -ს ცენტრში, დავწერეთ განცხადება, დავურთეთ ფორმა 100 და სასწრაფო დახმარების ოქმი და მოვითხოვეთ, რომ სანდროს დაენიშნოს დამატებით გამოცდა. ასეთივე განცხადება დავწერეთ განათლების მინისტრის სახელზე, და ავხსენით, რომ შეგვიძლია ჩავატაროთ დამატებით გამოკვლევა, ანალიზები, ექსპერტიზა თუ ეს იქნება საჭირო. 
როცა მოვბრუნდით სახლში, კიდევ ერთხელ დავრეკე ეროვნული გამოცდების ცენტრში, გავესაუბრე იურისტებს, რომლებსაც ევალებათ დამატებითი გამოცდის დანიშვნის განხილვა და მივიღე ზეპირი კატეგორიული უარი, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტმა 24 საათი გაატარა სტაციონარში. 
 წავედით ისევ სამინისტროში იმ იმედით, რომ სტრუქტურებში კიდევ არიან ადამიანები, და არა მარტო რობოტები, რათა გაგვეგო, თუ როგორ შეიძლება რაიმე მოვიმოქმედოთ, რომ ამ  აბსოლუტურად აბსურდულმა კანონმა არ დააზარალოს ჩემი შვილის კონსტიტუციური უფლება - მიიღოს შეუფერხებლად განათლება. 


სამინისრტოს ფოიეში გავატარე ზუსტად სამი საათი. არავინ არ მაქცევდა ყურადღებას, ვრეკავდი ცხელ ხაზზე 25 წუთში ერთხელ და სანამ არ ვუთხარი, რომ დავუძახებ ხალხს და მედიას, მე უბრალოდ მაიგნორებდნენ. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე: მწვავე ალერგია, ორი უძილო ღამე, და ელემენტარული სტრესი, რომლის შესახებ  არც ერთ დედას ჩემი ახსნა არც დასჭირდება. ორმოცი წუთის შემდეგ, როგორც იქნა ჩამოვიდა ქალბატონი, სამინისტრის წარმომადგენელი. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მსგავსი ხარისხის ცინიზმი უბრალოდ არასოდეს შემხვედრია. მან თქვა, რომ თვითონაც არის დედა და არ ესმის, როგორ არ დავაწვინე ბავშვი სტაციონარში? მან დამიწუნა დედობა, რადგან სტაციონარის გარეშე მივეცი შვილს ანტიბიოტიკი.... მან მითხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 17 ივლის შეაფასა მკურნალმა ექიმმა ფორმა ასით და დღის ბოლოს სასწრაფომ, არავითარი გარანტია არ აქვს, რომ გამოცდის არდასწრება მოხდა საპატიო მიზეზით. მე მართლა არასოდეს მინახავს ასეთი ცინიზმი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ სუსტი და ფაქიზი ადამიანი.

აი, ჩემი შვილი არის ასეთი. ჩემი შვილი დაისაჯა იმის გამო, რომ გახდა ცუდად! ჩვენ არ ვთხოვდით ქულების აღიარებას, ჩვენ მხოლოდ ვითხოვთ დამატებითი გამოცდებზე დასწრებას, რომლებიც ისედაც დაინიშნება. ალბათ ჩემი ემოციური მდგომარეობის აღწერა იქნება ზედმეტი. მე მხოლოდ მინდა მოვკვდე იმ დღეს, როცა გამოაცხადებენ ჩარიცხულ აბიტურიენტებს, რომ არ შევხედო ჩემს შვილს თვალებში. ჩემთვის არ არის მთავარი მისი ჩარიცხვა!!! მე მეშინია, რომ 18 წლის ასაკში ადამიანი შეეჯახება ასეთ უსამართლობას. მე შემეშინდებოდა, თუ კი ეს იქნებოდა თქვენი და არა ჩემი შვილი. მე მეშინია, რომ ის ჩავარდება სასოწარკვეთაში. სანდრომ თქვა, რომ უნდა საქართველოს დატოვება.

სინამდვილეში, ალბათ გასაგებია, რომ სტომატოლოგიური ოპერაცია არ გულისხმობს სტაციონარს, და გასაგებია ისიც, რომ მარტო ჩემი საქმეა, როგორ ვუმკურნალებ მე ჩემს შვილს. ჩემს შვილს წაართვეს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება, მიიღოს შეუფერხებლად განათლება. 
მიუხედავად თხოვნისა, ოფიციალურ პასუხს ჯერ არ მიბრუნებენ. 15 დღე აქვთ ამისთვის. როცა დამიბრუნებენ, შესაძლოა სასამართლოშიც ვერ მოვახერხო გასაჩივრება. 


მე უმორჩილესად გთხოვთ დახმარებას. გაავრცელეთ ეს ამბავი. შესალოა, საქართველოში არიან სხვა, ასე დაჩაგრული მოზარდები. ჩვენ ვიბრძოლებთ ერთად ამ უსამართლობასთან. მე ძალიან მიკვირს, რომ განათლების სამინისტრო იმის ნაცვლად, რომ შეუწყოს განათლებას ხელი, კლავს განათლების მიღების სურვილს ჩასახვაში. მე მიკვირს,რომ ჩვენ ასე ვექცევით ახალგაზდრბს. მე არ გავჩერდები. შიმშილობაც რომ მომიწიოს, არ გავჩერდები, მაგრამ თქვენ ძალიან დამეხმარებით, თუ კი გაავრცელებთ ამ წერილს, მირჩევთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დამეხმარებით, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააგებინოთ ჩემი ტრაგედია. დიახ, ეს არის ტრაგედია. მაპატიეთ. დაგვეხმარეთ. მე მიყვარს ჩემი მიწა, ჩემი მტილი და ჩემი სამშობლო. და მე არ მინდა მისი დატოვება“.

 

ქალბატონ ინგასათან დაკავშირება შეგიძლიათ ფეისბუქის მეშვეობით