სასწავლო წლის დასრულებას ბავშვები მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად სასკოლო ექსკურსიებით აღნიშნავენ. დამატებითი კომფორტისთვის, არსებობს კომპანიები, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ ექსკურსიის ორგანიზებას, ბავშვების გართობას, ტრანსპორტით უზრუნველყოფასა და კვებას. ბოლო დროს სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება აღნიშნული კომპანიების მხრიდან დაპირებული მომსახურების არაჯეროვანად შესრულების ფაქტები, მაგალითად: გაფუჭებული საკვები, გაუმართავი ავტობუსები, არაკომპეტენტური მძღოლები. აღნიშნულ საკითხზე დაგვიკავშირდნენ თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები, რომლებმაც ექსკურსიის ორგანიზებისთვის დაიქირავეს კომპანია Wonder Way Georgia. ამ საკითხზე გვესაუბრება მშობელი:
ტრანსპორტს პრობლემა შეექმნა დანიშნულების ადგილზე დაძვრიდან რამდენიმე წუთში, ტრანსპორტმა შეაფერხა სხვა ავტომობილების მოძრაობა და ბავშვებს 40 წუთზე მეტი მოუწიათ ავტობუსში, საცობში გაჩერება. ამ ყველაფრის შემდეგ ავტობუსმა მოძრაობის დროს არაერთხელ შექმნა საავარიო სიტუაცია, შემდეგ კი, შიო მღვიმის გზაზე მოულოდნელად გაჩერდა, გამოვიდა მწყობრიდან და მძღოლმა ვეღარ მოახერხა მისი დაძვრა. დაახლოებით ერთი საათი მშობლებს, მასწავლებლებს და ბავშვებს მოუწიათ გზატკეცილზე დგომა ახალი ავტობუსის მოლოდინში. სხვა ტრანსპორტით ჩანაცვლება დაქირავებულმა კომპანიამ უზრუნველყო, მაგრამ საბოლოოდ, ექსკურსია ჩაიშალა... ბავშვებს რომ გული არ დაწყვეტოდათ, მცხეთაში ერთ-ერთ ლოკაციაზე გავჩერდით რომ უბრალოდ გამოგვეკვება ისინი. კომპანიას დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ ის არ იღებს პასუხისმგებლობას ავტომობილის გამართულ მუშაობაზე რადგან თავადაც ქირაობს მას და თუ ავტობუსს ტექდათვალიერება აქვს გავლილი, ეს საკმარისია. რა თქმა უნდა, არ არის საუბარი იმ სტრესზე, რაც ბავშვებმა განიცადეს. მსგავსი უკმაყოფილო პოსტები, ამავე კომპანიასთან მიმართებაში, გვხვდება სოციალურ ქსელში, არაერთ ჯგუფში, სადაც ანალოგიურ შემთხვევებზე საუბრობენ მშობლები და როგორც ირკვევა ეს არ ყოფილა ტრანსპორტის გაუმართაობით გამოწვეული ექსკურსიის ჩაშლის პირველი შემთხვევა.
ამ საკითზე დავუკავშირდით კომპანიას ვანდერ ვეის წარმომადგენელს, კახა ხელაძეს:
- კომპანია Wonder Way Georgia 2013 წლიდან მუშაობს საქართველოში შიდა ტურიზმის მიმართულებით. ჩვენი კომპანიის მთავარი მიმართულება სასკოლო ექსკურსიების ორგანზიებაა. Wonder Way-ის საკუთარი ტრანსპორტი არ ჰყავს და თანამშრომლობს სხვადასხვა სატრანსპორტო კომპანიასთან თუ მძღოლებთან. ჩვენს მიერ შემუშავებული ეფექტური სამუშაო მოდელი გვაძლევს საშუალებას, რომ ცხელ სეზონზე, როდესაც ერთ ავტობუსზე დაახლოებით 20-30 მსურველი მოდის, შევძლოთ და დავაკმაყოფილოთ ყველა მიღებული შეკვეთა და უზრუნველვყოთ მათი ტრანსპორტირება. ეს მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია!
რა სახის დოკუმენტაცია ეგზავნება სკოლებს?
ჩვენგან მომხმარებელი იღებს შემდეგ დოკუმენტაციას:
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ გარდა გადაგზავნილი დოკუმენტაციებისა, ჩვენი წარმომადგენლები ყოველდღიურ კავშირზე არიან სატრანსპორტო სერვისის გამწევ ორგანიზაციებსა თუ პირებთან. მიზანი კი უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინება და საჭირო ცვლილებების დროულად განხორციელებაა. ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვართ მომხმარებლის მოთხოვნებთან დაკავშირებით და პასუხისმგებლობას მხოლოდ ისეთ საკითხებზე ვიღებთ - რისი შესრულებაც შეგვიძლია. ამ საკითხიდან, რეალურად, გადავდივართ რეგულაციების/რეკომენდაციების ხარვეზებთან, რაც სხვადასხვა დროს არ არის რეალობასთან ბმაში.
მექანიკური საშუალების მწყობრიდან გამოსვლის რისკი ყოველთვის არსებობს; შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით და სერვისის ჩატარების მიზნით - ტურებისთვის ტრანსპორტის ცვლილების მაგალითები არსებობს. ამ შემთხვევაში, დროულად - სიტუაციიდან გამომდინარე, ყველას ეგზავნება განახლებული, იგივე ხარისხის დოკუმენტაცია. არსებული რეგულაციები ერთი მხრივ აყენებს კონკრეტულ მოთხოვნებს, მეორე მხრივ კი არ აძლევს არანაირ გზამკვლევს სკოლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს იმაზე, თუ როგორ უნდა იმოქმედონ, რა გაითვალისწინონ სხვადასხვა სიტუაციების დროს. ღიად დატოვებული თემები მსჯელობის საკითხი ხდება და რეალობაზე მორგებულ გადაწყვეტილებებამდე მიდის.
ჩვენი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, გამართული სატრანსპორტო დოკუმენტაციის მქონე ავტობუსების დაქირავებაა და მათი ამ მხრივ გადამოწმება. ამასთან ერთად, თითქმის ყოველდღიურ კავშირზე ვართ ავტობუსების მეპატრონეებთან, ვამოწმებთ მათ მოცემულობებს და ვამუშავებთ მიღებულ ინფორმაციებს. მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მწყობრიდან გამოსვლის წინასწარი რისკი და რეალური შემთხვევის დროს არსებული მოცემულობა. იმის გარანტიას, რომ სატრანსპორტო მექნიკური საშუალება არ გაფუჭდება, ვერავინ აიღებს. როდესაც ტრანსპორტი გადის - ნებისმიერ მომენტში გვაქვს გაფუჭების რისკი. მთავარი საკითხი აქ ტრანსპორტის გონივრულ ვადაში ჩანაცვლებაა, რისი პასუხისმგებლობაც ჩვენთან მიმართებით აქვთ სატრანსპორტო კომპანიებს/მძღოლებს. გონივრული ვადა დამოკიდებულია ტურის მიმართულებაზე და იმაზე თუ გეოგრაფიულად სად არის საკითხი მოსაგვარებელი. ჩვენ კი ჩვენი მხრივ ვატარებთ აღნიშნულ პასუხისმგებლობას მომხმარებელთან. მსგავს მომენტში, უმეტეს წილად შემცვლელ ტრანსპორტს ჩვენ თავად უზრუნველვყობთ ხოლმე, რადგან თავად კომპანიებსა თუ მძღოლებს ჩვენი მსგავსი კომუნიკაციის რესურსი არ გააჩნია. 10 წლის განმავლობაში, ბუნებრივია, შეგვქმნია მსგავსი პრობლემა, თუმცა აღსანიშნავია, რომ არცერთი შემთხვევა უპასუხისმგებლოდ არ გაგვიტარებია და ჩვენი ვალდებულება ბოლომდე შეგვისრულებია. ტრანსპორტირების სერვისი თავის თავში გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებას უსაფრთხო გადაადგილებაზე და გაფუჭების შემთხვევაში გონივრულ ვადაში შეცვლას. ჩვენს არცერთი მაგალითი არ გვაქვს იმის, რომ ჩვენ ტურზე ვინმეს საფრთხე შექმნოდა.
რას გვეტყვით რეგულაციებზე, რომელიც მოწოდებულია სახელმწიფოს მხრიდან?
რეგულაციები აუცილებლად უნდა იყოს განხორციელებადი, ქმედითი და რეალობაზე მორგებული. ამის შემდეგ კი - უნდა არსებობდეს შესაბამისი ქმედით ხელშემწყობი მექანიზმები ქვეყანაში. რეალობა კი სრულიად განსხვავებულია. მარტივად, რომ გითხრათ - მიმდინარე წელის 5 მაისს რესურსცენტრიდან სკოლებს დაეგზავნათ განახლებული მოთხოვნები სასკოლო ექსკურსიების ჩატარებასთან დაკავშირებით. 5 მაისს საექსკურსიო სეზონი უკვე დაწყებული იყო. ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა ამ ახალი მოთხოვნების გათვალისწინება. პირველი კვირა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ ცნობებიც ვერ გვექნებოდა, რადგან მძღოლებში ამან დიდი პროტესტი გამოიწვია. ნელ-ნელა ასე თუ ისე მძღოლებმა ეს ცნობა აიღეს, თუმცა ანალიზების ჩატარებაზე და ამ საკითხზე დროის დათმობაზე - უარი თქვეს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ღვედებზე - ავტობუსების, სავარაუდოდ 80% რომელიც ექსკურსიებზე დადის - ღვედები სრულად მწყობრში არ აქვს. მნიშვნელოვანია, რომ მათ არავინ არ მისცა რაიმე დრო რომ მომზადებულიყვნენ. სკოლას რომ ლავირება არ მოეხდინა და უარი არ ეთქვა ხსენებული პუნქტების მოთხოვნაზე - ექსკურსიების 80% უბრალოდ ვერ ჩატარდებოდა. სანამ ექსკურსიების ეფექტურად განხორციელების საკითხზე კონსულტაცია არ დაიწყება - ვერცერთი ბიუროკრატი, რომელსაც პრაქტიკული გამოცდილება არ აქვს და არც საჭირო ინფორმაციებს ფლობოს - ვერ მიხვდება რა როგორ უნდა გააკეთოს. მაგალითად - გასაგებია, რომ 10 სამუშაო დღით ადრე უნდა გადაიგზავნოს ტრანსპორტის საბუთები, თუმცა თუ გაფუჭდა ტრანსპორტი მერე რა ხდება - ამ საკითხზე რეკომენდაცია არაფერს გვეუბნება. ლოგიკური კი არის მისი ჩანაცვლება, იგივე ხარისხის დოკუმენტაციის მქონე შემცვლელი ტრასპორტით. ბევრად კომპლექსური მიდგომაა საჭირო იმისათვის, რომ მოცემული რეკომენდაციები სკოლებმა, მშობლებმა, დაინტერესებულმა პირებმა ერთნაირად აღიქვან და ეფექტურად შეძლონ მუშაობა. ასევე, მნიშვნელოვანია კონტროლის მექანიზმები და საინტერესოა ამ კითხვაზე რა პასუხი ექნება რესურსცენტრსა თუ სამინისტროს.
რა ტიპის პრობლემები იქმნება ექსკურსიების დროს და სად ხედავთ ამ პრობლემის გადაჭრის გზებს?
სახეზე გვაქვს არასრულფასოვანი რეკომენდაციები, რაც ორაზროვნებას იწვევს და ქმნის უამრავ პრობლემას. მაგალითად - ტრანსპორტის ცვლილების საკითხი, - ლოგიკური ის არის რასაც ჩვენ ვაკეთებთ (საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტის ჩანაცვლება, ნებისმიერ დროს), თუმცა ჩაშლილად ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს სკოლამ - არ აქვს. ამიტომ სკოლა ვერ ხვდება რა იქნება სწორი და ან თვალს ხუჭავს რეალურ მოცემულობაზე, ან არ აძლევს უფლებას კლასს ჩაატაროს ექსკურსია. რეალურად ხდება პასუხისმგებლობის ერთმანეთზე გადამისამართება - სამინისტროს, რესურსცენტრისა თუ სკოლების მხრიდან. ერთიანი მიდგომის შემუშავებას კი კომპლექსური მიდგომა ჭირდება და ყველა დაინტერესებულ მხარესთა მუშაობა.
ამ საკითხზე დავუკავშირდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტორს. გიზიარებთ სასკოლო ექსკურსიისთვის გაწერილ მოთხოვნებს:
ერთია მოწოდებული რეგულაციები და მეორეა მათი შესრულების ხარისხი. როგორც ჩანს, ქვეყანაში არ არსებობს მაკონტროლებელი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მონიტორინგს. მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის პრობლემა რეალურად არსებობს და ამ მხივ აუცილებლად უნდა გამკაცრდეს რეგულაციები. როგორ ვანდერ ვეის დამფუძნებელი ინტერვიუში ამბობს, საფრთხე არავის შექმნია ექსკურსიების დროს, თუმცა რეალობა სხვაგვარია და საფრთხე ნამდვილად არსებობს, როდესაც ტრანსპორტი მოულოდნელად მწყობრიდან გამოდის და როდესაც ბავშვები განიცდიან შიშს და სტრესს.