როგორი გავლენა აქვს ანიმაციებს ბავშვებზე და რას გვირჩევს ნეიროფსიქოლოგი

20-10-2022

დღეს, როდესაც  ბავშვები დიდ დროს ატარებენ ციფრულ ტექნოლოგიებთან და ეს გარდაუვალია, ჩვენ, მშობლები უნდა ვეცადოთ, ტექნოლოგიები სასიკეთოდ გამოვიყენოთ, ვეცადოთ, კონტენტი რაც შეიძლება გაფილტრული და შემეცნებითი იყოს. ასე მივიღებთ დადებით შედეგს - ბავშვი გაჯეტებთან გატარებულ განსაზღვრულ დროს სასარგებლოდ გამოიყენებს და უფრო მეტიც, საჭირო უნარ-ჩვევებსაც გამოიმუშავებს. თუმცა როგორ იპოვოს მშობელმა ასეთი კონტენტი და რესურსი, რომელიც დადებით გავლენას მოახდენს პატარაზე? 
 

გვიხარია, რომ აღმოვაჩინეთ საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision International-ის ფილიალი საქართველოში, რომელიც 20 წელზე მეტია ახორციელებს მრავალფეროვან პროგრამებს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის, ბავშვის ადრეული განათლების და განვითარების, ასევე ახალგაზრდების გაძლიერების მიმართულებით საქართველოში. სწორედ ამ ორგანიზაციამ შექმნა გასართობ-საგანმანათლებლო ანიმაციური სერიალი „ბიბი და ლოლო“, რომელიც სოციალურ ამბებს ეფუძნება და  მოიცავს სხვადასხვა თემაზე აგებულ მოკლე სიუჟეტებს. 

ბიბი და ლოლო,


ბავშვის განვითარება, შემეცნებითი, ემოციური და დამოუკიდებელი უნარების ხელშეწყობა მშობლის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, სწორედ ამ უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული  სოციალურ ისტორიაზე დაფუძნებული ქართული ანიმაციური სერიალი. ბიბი და ლოლოს მთავარი მოქმედი გმირები არიან ბაჭიები, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ სხვადასხვა გამოწვევებთან გამკლავება, როგორიც არის მაგალითად, კონფლიქტი და მისი გადაჭრის გზები, ღამის შიშები და ა.შ. ანიმაციაში წარმოდგენილია სხვადასხვა საკითხები, რომლებიც აქტუალურია თითოეული ბავშვისთვის და მშობლისთვის, მაგალითად რატომ არის მნიშვნელოვანი ხელების დაბანა, როგორ გავატაროთ მხიარულად სახლში დრო, რა სარგებლობა მოაქვს ჯანმრთელ კვებას და ვარჯიშს და ა.შ. ანიმაცია გათვლილია 3-8 წლის ასაკობრივ ჯგუფზე და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია - ანიმაციები ქართულენოვანია და ნათაგმნია ჟესტურ ენაზე  ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის.
ზოგადად ანიმაციების გავლენაზე და ასევე აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე გვესაუბრება ნეიროფსიქოლოგი და ანიმაციების ერთ-ერთი ავტორი მარიამ ხვადაგიანი.

რა ასაკიდან შეუძლიათ ბავშვების ნანახიდან (ფილმი, ანიმაცია, მულტფილმი) აზრის გამოტანა და გააზრება?


- პატარებს დაახლოებით 3 წლის ასაკიდან შეუძლიათ მარტივი სიუჟეტების აღქმა, რა თქმა უნდა, ფერებს, ფორმებს, ხმებს, მოქმედებებს  მანამდეც აღიქვამენ, მაგრამ  ანიმაციის სიუჟეტის  მიყოლა, კავშირების დამყარება, მიზეზ-შედეგობრივობაზე დაფიქრება მეტ-ნაკლებად 3 წლიდან იწყება და ნელ-ნელა ვითარდება. 4-5 წლის ბავშვს უკვე შეუძლია მიჰყვეს ანიმაციას, გადმოსცეს მისი შინაარსი, დაუკავშიროს მოვლენები ერთმანეთს და ა.შ. 

ბიბი და ლოლო, მარიამ ხვადაგიანი,

რამდენად ახდენს გავლენას ბავშვის უნარ-ჩვევებზე, ქცევებზე, ქცევის განმტკიცებაზე ანიმაციების ყურება და შეუძლიათ თუ არა ბავშვებს პერსონაჟებთან საკუთარი თავის გაიგივება?

- ამა თუ იმ ქცევის განმტკიცების ბევრი ფორმა არსებობს, ერთ-ერთი არის ანიმაცია, ბავშვები იმეორებენ, როგორც მათ გარემოში ნანახ ქმედებებსა და ქცევებს, ასევე ანიმაციებში ნანახ ქცევებსა და ქმედებებს. თუ ბავშვს მოეწონა პერსონაჟი, ის ცდილობს თამაშსა და რელაურ ცხოვრებაში გადმოიტანოს პერსონაჟის მსგავსი ქცევები, ასევე შესაძლებელია იცოდეს, რომ ქცევა არასასურველია, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ის მაინც გადმოიტანოს. ანიმაციაში წარმოდგელი ქცევა ხშირად ბავშვისთვის ხდება მოდელი, თუ როგორ შეიძლება მოიქცეს, მსგავს სიტუაციაში თუ აღმოჩნდა.  ბავშვები სწავლობენ მიბაძვით, მშობლებისგან, გარშემო მყოფი ადამიანებისგან, ანიმაციების პერსონაჟებისგან. მათ გადმოაქვთ არა მხოლოდ ქცევები, არამედ ლაპარაკის მანერა, ჩაცმის და ვარცხნილობის სტილი და ა.შ. შესაბამისად მნიშვნელოვაია მშობელმა მიაქციოს ყურადღება თუ რა შინაარსის მატარებელ ანიმაციებს უყურებს ბავშვი. თუ ანიმაციაში ბევრი უარყოფით ემოცია და ანტისოციალური ქცევაა, მშობელმა უნდა იცოდეს, რომ დიდია შესაძლებლობა ბავშვმა მსგავსი ქცევა გაიმეოროს. ასევე ნეგატიური ემოციური მუხტით დატვირთული და აგრესიული ანიმაციებიც ნეგატიურად მოქმედებს ბავშვების ემოციურ კეთილდღეობაზე. 

ბიბი და ლოლო,

- შესაბამისად, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს შემეცნებით ანიმაციებს, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ პატარებზე. კონკრეტულად რა უნარ-ჩვევების გამომუშავებას უწყობს ხელს ქართული ანიმაციური სერიალი?


- ბიბისა და ლოლოს თითოეული ეპიზოდი სხვადასხვა კონკრეტული ქცევის წახალისებისკენ უბიძგებს ბავშვს, მაგალითად, ერთ-ერთი სერია ჯანმრთელ კვებას და ფიზიკურ ვარჯიშს ეხება, მეორე - განსხვავებულის მიმღებლობას, მესამე - ხელების დაბანას და ა.შ. ზოგადად ბიბისა და ლოლოს ანიმაცია ორიენტირებულია ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე და გამოწვევების გადაჭრის ფორმების ჩვენებაზე. „ბიბი და ლოლო“ ეფუძნება სოციალურ ისტორიებს, სოციალური ისტორიები მნიშვნელოვანი კომპონენტია ბავშვის განვითარებაში. სოციალური ისტორიებით ბავშვები სწავლობენ, როგორ მოიქცნენ ამა თუ იმ სიტუაციაში, როგორ გაუმკლავდნენ თავიანთ ემოციებს და ა.შ.მცირე ზომის ილუსტრირებული სოციალური ისტორიები ეხმარება როგორც ტიპიური განვითარების, ასევე სპეციალური შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, რადგან ნახატები და ილუსტრაციები მეტად თვალსაჩინოს ხდის ქცევას. ანიმაციის შემთხვევაში კი ბავშვის ჩართულობა ძალიან დიდია, შესაბამისად ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ბაჭიების მეშვეობით ბავშვების ამა თუ იმ უნარის განვითარებას შევუწყობთ ხელს. 

 

- მშობლებისთვის რატომ არის მნიშვნელოვანი აღნიშნული ანიმაციების ციკლი?


- მშობლებს ეს ანიმაცია დაეხმარება ერთის მხრივ იმით, რომ ბავშვს ექნება პოზიტიური მოდელი და მიიღებს მისთვის საინტერესო ინფორმაციას გასაგებ, მარტივ ენაზე და სახალისო მიდგომით. მეორესმხრივ, აღნიშნული ანიმაციები დაეხმარება მშობელს აწარმოოს დიალოგი ბავშვთან ისეთ თემებზე, რომელზეც შეიძლება ბავშვმა პირდაპირ არ ისაუბროს. ბავშვებს ხშირად უჭირთ თავიანთ ემოციებზე, ქცევებზე საუბარი, მაგრამ შეუძლიათ მულტფილმის პერსონაჟზე საუბარი. მაგალითად, ბავშვმა შეიძლება არ თქვას, რომ ეშინია სიბნელის, მაგრამ განიხილავს მშობელთან ერთად, თუ როგორ დაძლია ბაჭიამ სიბნელის შიში და ამ დროს მშობელს შეუძლია დაეხმაროს თავად ბავშვსაც შიშის დაძლევაში (მაგალითად, გაუზიაროს, თუ თავად როგორ დაძლია, ერთად მოიფიქრონ სხვადასხვა სტრატეგიები და ა.შ.).
 ასევე მშობელს შეუძლია დაეხმაროს ბავშვს ყოველდღიურ სიტუაციაში დააკავშიროს კონკრეტული საკითხი ანიმაციასთან. მაგალითად, თუ ბავშვი უარს ამბობს ხელების დაბანაზე, მშობელი ახსენებს: „გახსოვს, რატომ გადაწყვიტეს ბაჭიებმა ხელების დაბანა?.. ელოდება პასუხს და „მოდი, ჩვენც დავიბანოთ და გავეკიდოთ ვირუსს რას იტყვი?“, და ა.შ. ყოველი სერიის ბოლოს ანიმაციას მოჰყვება რეკომენდაციები მშობლებისთვის, რაც აწვდის მათ ზოგად სტრატეგიებს ანიმაციის გამოყენების შესახებ. 

- აღნიშნული ანიმაცია ჟესტურ ენაზე ითარგმნება, რაც ძალიან მნიშვნეოვანია ყრუ და სმენის დაქვეითების მქონე ბავშვებისთვის, მაგრამ ეს ხელს ხომ არ შეუშლის სმენის მქონე ბავშვებს და ხომ არ გაეფანტებათ ყურადღება? 


-  ჩვენ ძალიან ვამაყობთ რომ ეს ანიმაცია ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის ჟესტურ ენაზე არის ნათარგმნი, რაც ძალიან გვახარებს, რადგან საქართველოში მათთვის იშვიათად არის ხელმისაწვდომი გადაცემები თუ ანიმაციები. რაც შეეხება სმენის მქონე ბავშვების ყურადღების გაფანტვას, ნახავთ, რომ ანიმაციაში ჟესტური ენის თარჯიმანი არის ანიმაციის ჩარჩოს მიღმა, შესაბამისად, თუ ბავშვს მხოლოდ ანიმაციის ყურება უნდა, ჟესტური ენის თარჯიმანი მალე შეუმჩნეველი გახდება მისთვის, ხოლო თუ ბავშვმა ყურადღება ჟესტური ენის თარჯიმანს მიაქცია, ეს მიგვანიშნებს რომ იგი ჟესტური ენით დაინტერესდა და არა ყურადღება გაეფანტა. ეს უკანასკენლი კი მშობელს აძლევს საშუალებას, ბავშვს ესაუბროს იმაზე, თუ რა არის ჟესტური ენა, ვინ იყენებს ჟესტურ ენას, რას ნიშნავს ყრუ/სმენადაქვეითებული ადამიანი, ზოგადად განსხვავებული ადამიანი, რატომ ახლავს ანიმაციას ჟესტური ენა და რატომ  არის მნიშვნელოვანი, პატივი ვცეთ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ენას ვიყენებთ ან როგორ განვსხვავდებით ერთმანეთისგან. შესაბამისად ვფიქრობთ, ჟესტურ ენის არსებობა ანიმაციაში არათუ ხელს არ შეუშლის, არამედ პირიქით, ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ყრუ ბავშვის ენობრივ განვითარებაში, ასევე სმენის მქონე ბავშვების ცნობიერების ამაღლებაში, თანაგანცდის და განსხვავებულის მიმართ მიმღებობისა და პატივისცემის განვითარებაში. შესაბამისად მოვუწოდებთ მშობლებს, უყურონ ბავშვებთან ერთად აღნიშნულ ანიმაციებს და დაეხმარონ მათ მნიშვნელოვანი ფასეულობების ჩამოყალიბებაში. 

ანიმაციების  ვიდეო რგოლების ნახვა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე - დააკლიკეთ აქ


შეგახსენებთ, რომ ბიბი და ლოლოს ახალი ეპიზოდები პერიოდულად დაემატება World Vision საქართველოს YOUTUBE არხზე. გამოიწერეთ არხი (Subscribe) და თვალი ადევნეთ თქვენ შვილებთან ერთად მხიარული ბაჭიების სახალისო და საინტერესო თავგადასავლებს.