მომავალი პირველკლასელების დედები ხშირად ზაფხულს მთლიანად ბავშვის სკოლისათვის მომზადებას უთმობენ, ამეცადინებენ, ასწავლიან თვლასა და ანგარიშს, წერა-კითხვას, თუმცა მოდით ვნახოთ, რას გვირჩევენ პროფესიონალი ფსიქოლოგები.
არ არის საჭირო და სასურველი ზაფხულში, არდადეგებზე, ბაღის შემდეგ ბავშვი ამეცადინოთ და მოამზადოთ სკოლისთვის. ბევრი დედა ნერვიულობს ხოლმე, რომ მისი შვილი სკოლაში მიდის და არც ანგარიში იცის და არც წერა-კითხვა. ძალიან კარგი, არც არის საჭირო, რამეთუ სკოლაში ამ ყველაფერს პედაგოგები ასწავლიან. და თუ ბავშვმა ეს ყველაფერი უკვე იცის,პირველ კლასში ის აუცილებლად მოიწყენს, რადგან მას ეს უკვე ნასწავლი ექნება და არ დააინტერესებს. თავიდან მას შეაქებენ, მაგრამ ცოტა ხანში ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდება და ბავშვი უბრალოდ ვერ მიხვდება, რა უნდა მას სკოლაში.
ასე რომ, მშობლებო, სწავლა სკოლას მიანდეთ. პირველკლასელი, რომელმაც კარგად, სრულფასოვნად დაისვენა ზაფხულში, მოიკრიბა ენერგია და ძალები, ბევრად კარგად გაუმკლავდება იმ სიახლეებს, რომელთანაც მოუწევს შეხვედრა.
კარგად დასვენებაში კი იგულისხმება რაც შეიძლება მეტი სუფთა ჰაერი, ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება, სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრება, სულიერი ჰარმონია. აქცენტი უნდა გაკეთდეს ბავშვის სკოლისთვის ფსიქოლოგიურ და მორალურ მზადყოფნაზე, რომ ბავშვი სკოლაში მაქსიმალურად ენერგიული, მობილიზებული და პოზიტიური მივიდეს.
ეცადეთ, რომ მისი ყოველი დღე იყოს მრავალფეროვანი და საინტერესო, მიეცით საშუალება გამოსცადოს საკუთარი თავი სხვადასხვა სახის აქტივობაში.
ეცადეთ განუვითაროთ კომუნიკაციის უნარი. მომავალ პირველკლასელს ძალიან კარგად უნდა შეეძლოს თანატოლებთან ურთიერთობა. ასევე ეცადეთ განუვითაროთ ცნობისმოყვარეობა, მისი ყურადღება სხვადასხვა მოვლენაზე გაამახვილეთ და თან აუხსენით, რომ ამ ყველაფერს დეტალურად და უფრო ღრმად სკოლაში ისწავლის და გაიგებს.
ეცადეთ, რომ ბავშვი მზად იყოს ინტელექტუალურად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვმა უნდა იცოდეს წერა-კითხვა და ა.შ. ბავშვს უნდა შეეძლოს ანალიზი, შედარება, განსხვავება, დასკვნის გაკეთება და აზრის გამოტანა. შეეცადეთ შეარჩიოთ ისეთი ონლაინ თამაშები და აქტივობები, რომლებიც განავითარებს მის მეხსიერებას, სწრაფ აზროვნებას. ეს ყველაფერი უნდა კეთდებოდეს თამაშ-თამაშით, ყოველდღიურად, სახალისოდ. ზაფხულის მეორე ნახევრიდან კი ნელ-ნელა შეეცადეთ დღის გრაფიკის შეცვლისთვის, ბავშვი მიაჩვიეთ ადრე დაწოლას და ადრე ადგომას. და ბოლოს, დაისვენეთ ბავშვთან ერთად. ამაზე კარგს მშობელი შვილს ვერაფერს გაუკეთებს.