ბოლო პერიოდში თითქოს აღარავინ აქცევს ყურადღებას ლამაზ ხელწერას, კალიგრაფიას და პედაგოგებმაც ხელი ჩაიქნიეს - აღარც აძლევენ შენიშვნას ბავშვს ე.წ. ბატიფეხური ნაწერისთვის, როგორც ადრე უწოდებდნენ ხოლმე. სინამდვილეში, არის თუ არა სასურველი, ბავშვმა ხელი გაიწაფოს და დააკვირდეს, როგორ წერს? მიაქციოს ყურადღება ლამაზად წერას? თურმე, ეს საკმაოდ კარგი თვისება და უნარ-ჩვევაა და ეცადეთ, გაუღვიძოთ ინტერესი, ოღონდ არავითარ შემთხვევაში ძალდატანებით და გადაქანცვით. მას თავად უნდა გაუჩნდეს სურვილი.
ტვინის გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ კალიგრაფიაში ვარჯიშის დროს იგივე მონაცემებია ჩართული, რაც რთული ამოცანის ამოხსნის დროს. ამ ინფორმაციამ შთააგონა მხატვრები, მწერლები და ინჟინრები. შემოქმედებითმა ადამიანებმა დაადგინეს, საიდან მოდის მათი კრეატიულობა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ერთად თავმოყრილი რამდენიმე ფაქტორი ტვინში გენიალურ იდეებს ბადებს.
კალიგრაფია შეიქმნა და განვითარდა 1000 წლის წინ დამწერლობის შექმნასთან ერთად და ძალიან დიდი გავლენა იქონია კაცობრიობის განვითარებაზე. რა განასხვავებს მას სხვა სავარჯიშოებისგან? ეს გახლავთ ერთდროულად ერთად შერწყმული ფორმის ჰარმონია, სიმეტრია, მობილიზება, დაკვირვება, მრავალფეროვნება, ხელის მართვა, კონცენტრაცია და ფურცელზე ახალი ფორმების აღმოცენება. კარგი კალიგრაფია გარშემო მყოფთა დადებით მუხტსაც იწვევ, რამეთუ ხელოვნება ადამიანებს იზიდავს, აჯადოებს. კალიგრაფია კი, უდავოდ, ხელოვნებაა.
კარგი კალიგრაფია თავდაპირველად ელიტურ წრეებში იყო მიღებული, რჩეულთა ხვედრად მიიჩნეოდა.დღესდღეობითაც, ტექნოლოგიების ეპოქაში, ბევრმა წამყვანმა ქვეყანამ დანერგა კალიგრაფია წამყვან ფაქტორად საკუთარ განათლების სისტემაში, მაგალითად ჩინეთმა.
მეცნიერებმა, რომლებიც აკვირდებოდნენ სტუდენტებს, ვინც კალიგრაფიის დახვეწით იყო დაკავებული, დაადგინეს, რომ ისინი უფრო სწრაფად იმახსოვრებდნენ და ითვისებდნენ ინფორმაციას, ვიდრე სხვა დანარჩენები. ღრმა ფესვები აქვს იაპონური კულტურის კალიგრაფიასაც. იაპონია და მისი შესაძლებლობები ყველასთვის კარგად არის ცნობილი და ამ განვითარებას ამ ქვეყნის ისტორიაში სწორედ კალიგრაფიის არსებობას და მის განვითარებასაც უკავშირებენ.
კალიგრაფია საზოგადო კულტურის ნამდვილი მიღწევაა და თუ ჩვენც გონივრულად მივუდგებით ამ საკითხს, კალიგრაფიას დიდი დრო და ენერგია უნდა დავუთმოთ, ის ბავშვისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად უნდა ვაქციოთ.
წაახალისეთ ბავშვი და ეცადეთ ამ მხრივ გაუღვივოთ ინტერესი, მისცეთ მეტი მოტივაცია. თქვენი შვილის პირველ მიღწევებს კალიგრაფიაში ისე მიუდექით, როგორც მისი შემოქმედების საწყის ეტაპს. მალე ეს სფერო ძალიან მოთხოვნადი გახდება, რადგან რუტინულ სამუშაოებს რობოტები შეასრულებენ.