როდესაც ბავშვი იბადება, იგი უდიდესი ამოცანის წინაშე დგება - მან უნდა შეიმეცნოს სამყარო, აითვისოს საჭირო უნარ-ჩვევები. ახალშობილი ხომ საერთოდ ახალი ადამიანია, ყოველგვარი გამოცდილების გარეშე. მშობლის ამოცანაა, ბავშვს ამ ამოცანების შესრულებაში დაეხმაროს. ხშირად ხდება ისე, როდესაც ბავშვი ხმამაღლა ტირის, მშობლებს ჰგონიათ, რომ ის ან კარგი ორატორი, ან მომღერალი გამოვა, ბებია-ბაბუებს კი ჰგონით, რომ თუ ბავშვი სხარტად მოძრაობს, მისგან კარგი მოცეკვავე დადგება.
წინასწარმეტყველება რთულია, თუმცა პროფესიებთან გაცნობა ბავშვს შესაძლებელია ადრეული ასაკიდან დააწყებინოთ, საამისოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ტიპის სათამაშო, თამაშები და ა.შ. 3 წლიდან დაახლოებით შეიძლება მიხვდეთ, რა უფრო აინტერესებს თქვენს შვილს და რისკენ მიისწრაფვის.
იმის მიხედვით, თუ რა ტიპის სათამაშოებს ანიჭებს ბავშვი უპირატესობას, შეგიძლიათ ივარაუდოთ, რას აირჩევს იგი სამომავლო პროფესიად.
თუ მანქანები აინტერესებს, დიდი ალბათობით ან მექანიკა გაიტაცებს, ან კომპიუტერები, თუ კონსტრუქტორი - ან ქირურგი გამოვა ან მშენებელი, კიდევ უფრო ზრდასრულ ასაკში შეუძლია აირჩიოს ტექნიკური ან ჰუმანიტარული საგნები და ა.შ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროფესიის არჩევის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი ბავშვობა ჰქონდა ბავშვს. მშობელმა ბავშვს ოცნება უნდა ასწავლოს. არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება მისი ფანტაზია, რაზე იოცნებებს, კოსმონავტობასა თუ დეტექტივობაზე, მთავარია ის, როგორი და რანაირი წარმოუდგენია მას საკუთარი თავი.
ეცადეთ ბავშვს ინტერესი გაუღვივოთ, მხოლოდ მაღალანაზღაურებადი სამსახური არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა თავი ბედნიერად იგრძნოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქმე, რომელსაც აკეთებ, სიამოვნებას განიჭებდეს. სწორედ ეს ხდის ადამიანს ბედნიერს და რეალიზებულს.
და ბოლოს, მშობელმა ბავშვს არჩევანის საშუალება უნდა მისცეს. ბევრ დედას და მამას ჰგონია, რომ თავად უფრო გამოცდილია და უკეთესად იცის, რა არის უკეთესი მისი შვილისთვის, თუმცა ასე როდია. თქვენ შეგიძლიათ ურჩიოთ ბავშვს, მისცეთ მიმართულება, მაგრამ საბოლოო არჩევანი მან თავად უნდა გააკეთოს.