იტალიელი ექიმი და პედაგოგი მარია მონტესორი იკვლევდა, როგორ მოქმედებს აღზრდა და განათლება ზრდასრული ადამიანის შეგნებასა და პიროვნულ თვისებებზე. მარია მონტესორის მეთოდიკის მიზანი მხოლოდ მეცნიერების შესწავლითა და ინტელექტის განვითარებით როდი შემოიფარგლება. რეალური მიზანი ბევრად დიდი და ფართომასშტაბიანია - ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბება, რომელსაც გააჩნია მნიშვნელოვანი მორალური თვისებები, პრინციპები, თავმოყვარეობა, საკუთარ ღირსების შეგრძნება და საკუთარი თავის რწმენა, ემპათია, სხვების პატივისცემა და დაფასება, ადამიანებისა და ბუნების სიყვარული.
მარია მონტესორი მსოფლიოს შესახებ
წიგნში „განათლება და მმშიდობა“ მარია მონტესორი წერს:
აუცილებელია განვავითაროთ ადამიანის სულიერი სამყარო, ამის შემდეგ კი ჩამოვაყალიბოთ საზოგადოება მშიდობისთვის. საზოგადოების ახალ ფორმას მორალის ახალი ფორმა უნდა შეესაბამებოდეს, რომელიც მიმართული იქნება ადამიანის ჰარმონიის მიღწევისკენ. იგი აღნიშნავს, რომ მშვიდობა არის პრინციპი, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის ბუნაზე, მშვიდობისა და ჰარმონიის შეგრძნება კი პატარა ბავშვსაც კი აქვს, ამიტომაც უფროსების ამოცანაა, იზრუნონ ბავშვებზე ისე, რომ არ დათრგუნონ და დაძაბონ ისინი, განავითარონ ის, რაც უკვე აქვთ.
განათლება, რომელსაც ძალუძს გადაარჩინოს კაცობრიობა, ბევრ რამეს მოითხოვს. ის ადამიანის სულიერ განვითარებასაც მოიცავს. იმ წუთს, როდესაც ადამიანი აგდებს იარაღს, კაცობრიობის ცხოვრებაში ახალი, ნათელი ეპოქა იწყება.
მონტესორი ხაზს უსვამს თანამედროვე განათლების თავისებურებებს; ბავშვებს ასწავლიან, იყვნენ ეგოისტები, კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს, არავინ ზრუნავს ბავშვის სულიერი სამყაროს განვითარებაზე.
მარია მონტესორის აზრით, ტრაგედია მდგომარეობს იმაში, რომ უფროსები აიძულებენ ბავშვს მათ მოსმენას და მორჩილებას, რაც თრგუნავს მომავალ თაობას. ყველაფერი მიმართულია არა ბავშვის ჰარმონიული განვითარებისაკენ, არა იმისკენ, რომ მიღებული განათლება მათ ცივილიზაციის საკეთილდღეოდ და წარმატებებისთვის გამოიყენონ.
ახალი პედაგოგიკის ფუძემდებელს, რომელიც ბავშის პატივისცემასა და ნდობაზეა დაფუძნებული, რეალური მშვიდობა წარმოედგინა არა ომის გარეშე, არამედ ადამიანების ერთმანეთთან ჰარმონიული ურთიერთობით, სამართლიანობით და სიყვარულით.
განვითარებული კარგი ადამიანი, რომელიც წააწყდება სირთულეებს, ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენოს არა ომი, არამედ საკუთარი ინტელექტი. წინააღმდეგ შემთხვევაში რა საჭიროა ინტელექტი? კარგი ადამიანისთვის ომი ბარბაროსობაა, რომელიც ეწინააღმდეგება ცივილიზაციას.
მონტესორის განმარტებით, მშვიდობა ეწოდება დამარცხებულების იძულებით ადაპტაციას გამარჯვებულებთან. სწორედ აქედან მომდინარეობს პრობლემები, რადგან ჩაგვრა უსამრთლობაა, სამართლიანი შეიძლება იყოს მხოლოდ ის საზოგადოება, რომელიც ცხოვრობს ურთიერთპატივისცემითა და სიყვარულით.