როგორ უნდა დააწყნაროს პედაგოგმა ატირებული ბავშვი

31-01-2022

როდესაც ბავშვი დედას ეტირება, ტირის 20-30 წუთი, კითხულობს მას. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მასწავლებელი, როგორ დააწყნაროს ბავშვი, უნდა გაართოს, უნდა გადაატანინოს ყურადღება თუ...
თან ჯგუფში სხვა ბავშვებიც არიან, ატირებულ ბავშვს კი ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. 
მოზრდილი ბავშვი ისე არ არის დამოკიდებული დედაზე, როგორც ჩვილი, თუმცა საკმაოდ დიდი კავშირია მათ შორის. დედა არის ადამიანი, რომელზეც ის მიჯაჭვულია და რომელსაც უპირობოდ ენდობა. თუ ბავშვს ეყოლება ისეთი ადამიანი, რომელიც ჩაუნაცვლებს დედას, ანუ მშობლის არყოფნის პერიოდში მიეჯაჭვება მას, მაშინ ეს განშორება  ნაკლებად მტკივნეული იქნება. აქ საუბარი არ არის დედის ჩანაცვლებაზე, არამედ კონკრეტული პიროვნების არსებობაზე დედის არყოფნის პერიოდში, რომელიც ასევე იზრუნებს მასზე და იქნება მისი საიმედო საყრდენი და მხარდამჭერი.

ადამიანი, რომელიც: 
•    მის მაგივრად აგებს პასუხს ამა თუ იმ მოქმედებაზე. 
•    იზრუნებს მასზე.
•    საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის დაეხმარება. 
•    მიხვდება რა სწყინს და რა უხარია, იქნება მისი გრძნობების და ემოციების თანაზიარი. 

ადაპტაციის პერიოდში ბავშვს აუცილებლად სჭირდება სათანადო ყურადღება. ეს უფროსების მიერ წინასწარ გათვლილი პროცედურა უნდა იყოს. ჯგუფში, სადაც არის მასწავლებელი და რამდენიმე დამხმარე, როგორც წესი, ახალ ბავშვთან ურთიერთობას ამყარებს ის თანაშემწე ან პედაგოგი, რომელსაც ყველზე კარგად გამოსდის ეს ურთიერთობა. 
ასევე არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ბავშვს ადაპტაციაში დაეხმარება. ეს გახლავთ:
•    გაკვეთილის დაწყების და დამთავრების მკაფიოდ განსაზღვრული დრო 
•    მშობელი წასვლის დროს უნდა იყოს შეუვალი და სერიოზული, ბავშვმა მას ორჭოფობა და აღელვება არ უნდა შეატყოს.  
•    უნდა არსებობდეს კონკრეტული რუტინა, მისვლის, ხელების დაბანის, სადილის, ვახშმის,  სახლში დაბრუნების და ა.შ.
•    თუ ბავშვი დაჟინებით ითხოვს დედას, მასწავლებლმა გასაგებად და მშვიდად უნდა აუხსნას, რომ კარგად იცის, მას დედა ენატრება, რომ ესმის მისი და რომ შეუძლია იყოს მშვიდად, დედა აუცილებლად მოვა. 

ამ შემთხვევაში მთავარია ბავშვმა იგრძნოს, რომ თქვენ რეალურად წუხხართ მის გამო და გესმით მისი, შეგიძლიათ ლოდინის დრო შედარებით საინტერესოდ გაატაროთ მასთან ერთად. 
რაც შეეხება ტირილს, ამ შეთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ცრემლებმა არ გაჭრას. თუ ატყობთ, რომ ბავშვი ტირილით მანიპულირებს და ის არც ისე განიცდის, როგორც ტირის, იტიროს, 20-30 წუთი ასეთი ტირილი საგანგაშო ნამდვილად არ არის. ყურადღება გაამხვილეთ მის ემოციებსა და არა მის ისტერიკებზე. ამ დროს მთავარია, ბავშვი არ იყოს მარტო და იგრძნოს, რომ მას გვერდით ჰყავს ადამიანი, რომელსაც ესმის მისი და მასთან ერთად იქნება საჭიროების შემთხვევაში.