„მშობლები განათლებისთვის“ - ონლაინ სწავლების შესახებ

01-09-2021

15 სექტემბერს სწავლა კვლავ ონლაინ იწყება და ამან ბევრი მშობელი შეაშფოთა, რადგან ბავშვები ვერ იღებენ სრულფასოვან განათლებას და დისტანციური სწავლაც ჩვენს ქვეყანაში არ არის იმ დონეზე, როგორც ვისურვებდით. თემაზე საუბრობს ორგანიზაცია მშობლები განათლებისთვის“ დამფუძნებელი მეგი კავთუაშვილი:

-    მშობლები ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ ჩიხში და ვართ შეშფოთებულები და იმედგაცრუებულები იმ ფაქტით, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილურობა იმ დონემდე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო სკოლების გახსნა. მშობლების მნიშვნელოვანი ნაწილი, ვისაც შეუძლია შეაფასოს სასწავლო დანაკარგები მისი შვილის მაგალითზე და გაეცნოს უახლეს ქართულ თუ საერთაშორისო კვლევებს, ფიქრობს, რომ მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ბაღები და სკოლები გაიხსნას. მანამდე კი, იმ ნაცრისფერი სახით, რაც გასული 1,5 სასწავლო წლის განმავლობაში გვქონდა, დისტანციურად სწავლა არ უნდა გაგრძელდეს. მშობლების ნაწილი თანახმაა იმაზეც, რომ სწავლა გადაიდოს გარკვეული ვადით, მაგალითად 1-1,5 თვით, მაგრამ დაიწყოს დასწრებულად, ან დაიწყოს არა სპონტანურად, არამედ გააზრებულად - ანუ დაიხვეწოს დისტანციური სწავლების მეთოდები, რას გულისხმობს აქცენტის გაზრდას ასინქრონულ სწავლებაზე და  ასევე, სინქრონული სწავლების მეთოდების დახვეწას. სწავლის სოციალური და ემოციური ასპექტის გათვალისწინებას, რაც, ფაქტობრივად, უგულებელყოფილი იყო მთელი წინა პერიოდის განმავლობაში. გადაიხედოს და მომზადდეს სასწავლო მასალა იმგვარად, რომ მოსწავლეებმა, ასაკის შესაბამისად, მოახერხონ მასალის მაქსიმალურად ეფექტიანი ათვისება. ამისათვის  აუცილებელია აუდიალური, ვიზუალური და ყველა ტიპის თვალსაჩინო მასალის წინასწარ მომზადება და ადეკვატური ფორმით მიწოდება. მშობლების ძალიან დიდი ნაწილი ეძებს კერძო მასწავლებელს, რეპეტიტორს, იმისთვის რომ უშველოს თავის შვილს. ნაწილი ეძებს ფსიქოლოგს, რომ როგორმე დაეხმაროს ბავშვს, იმ სირთულეების გადალახვაში, რაც იზოლაციამ და დისტანციურად სწავლამ გამოიწვია. ჩვენი დაკვირვებით, ორივე კატეგორიის მშობლების რაოდენობა არის კატასტროფულად დიდი. 

-    მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და გაეროს ბავშვთა ფონდმა გასცეს რკომენდაციები სკოლებში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია საქართველოში აღნიშნული რეკომენდაციების შესრულება? 
- ევროპის რეგიონის მილიონობით მოსწავლე უბრუნდება სკოლას, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს შესაძლებელია. რაც შეეხება ქართულ რეალობას, სრულიად შესაძლებელია საქართველოში სკოლების გახსნა, თუ მთავრობა და მისი ქვეშტოები შეადგენენ გონივრულ გეგმას, დაეხმარებიან საბავშვო ბაღებსა და სკოლებს, აამოქმედებენ მიზანმიმართულ საინფორმაციო კამპანიას ვიწრო მიზნობრივი აუდიტორიებისთვის  და განახორციელებენ ეფექტურ მონიტორიგს დაწესებული რეგულაციების შესრულებაზე. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის. ჩაკეტვა და იზოლაცია არ არის გამოსავალი, ეს აჩვენა მსოფლიოში დაგროვილმა გამოცდილებამ, რომლის გამოყენებაც შეუძლია ჩვენს ხელისუფლებას პანდემიის ეფექტურად მართვისთვის. 

-    თქვენი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ ბავშვებს სწავლა საკლასო ოთახებში დაეწყოთ? 
- ვაქცინების დაგვიანებით შემოტანამ, ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფაქტიურად არსებობამ, ივნისში შეზღუდვების გაუქმებამ, ჯარიმების ჩამოწერამ, არსებული კანონმდებლობის ეფექტურად ვერ აღსრულებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ბავშვებს კვლავ კომპიუტერის და ტელეფონის ჩაბნელებულ ეკრანებთან მოუწევთ გაკვეთილებზე დასწრება. 
გუშინ  განათლების მინისტრს იმაზე კი არ უნდა ესაუბრა, რომ სკოლები არ გაიხსნება, არამედ იმაზე, რატომ დადგა დღის წესრიგში სკოლების დახურვა, მაშინ როცა პანდემიის პირობებში მესამე სასწავლო წელს ვიწყებთ და რას აკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ სკოლები გაიხსნას. ეს იქნებოდა პასუხისმგებლიანი განცხადება, რომელიც ბავშვებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან ანგარიშვალდებულ მინისტრს უნდა ჰქონდეს. 

-    თქვენი აზრით, ახლა რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ ბავშვები დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში?
- სახელმწიფომ დაჩქარებულ ვადებში უნდა შეიმუშაოს მოდელი, რომელიც ნათელს გახდის კრიზისიდან გამოსვლის გზებს,  დაეხმარება სკოლებსა და საბავშვო ბაღებს ფეხდაფეხ მიჰყვნენ საგანმანათლებლო პროცესების საჭირო ცვლილებებს. მშობლებს საშუალებას მოგვცემს, ის ტვირთი, რაც ამ მიმართულებით დაგვაწვა, გადავინაწილონ უკვე მომზადებულ სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად. მაგალითად, მიაწოდოს მშობლებს სანდო და სარწმუნო ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ, როგორც ამას აკეთებს UNICEF მასწავლებლებისთვის;   სასკოლო ავტონომიის ფარგლებში, მისცეს სკოლებს საშუალება, აითვისონ ღია სივრცეები და დაგეგმონ რეგულარული გასვლითი გაკვეთილები, რათა ბავშვები არ მოვაქციოთ სრულ იზოლაციაში და მივცეთ ერთის მხრივ განათლების და მეორე მხრივ სოციალიზაციის საშუალება; გადახედოს საბიუჯეტო სახსრებს და გამონახოს ფინანსური რესურსები კლასებში ბავშვთა კონტიგენტის შესამცირებლად, რაც მნიშვნელოვანია როგორც პირისპირ, ისე დისტანციურად სწავლების შემთხვევაში და ა.შ. ძალიან ბევრი აქვთ სამუშაო და იმედი ვიქონიოთ, რომ მნიშვნელოვან ნაწილს დროულად გამოასწორებენ. 
ჩვენ უახლოეს მომავალში წერილით მივმართავთ საკოორდინაციო დაბჭოს და დაველოდებით მათგან საპასუხო ბანიჯებს. მშობლების რესურსი არ არის შეუზღუდავი, ჩვენ თითქმის 2 წელია ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ, მაგრამ ეს რესურსი იწურება და დღეს უკვე შევახსენებთ მთავრობას, რომ  #მშობლებთანერთად ბავშვის განვითარება  სახელმწიფოს პასუხისმგებლობაც არის და მშობლებს გვჭირდება დახმარება. 

-    რა პრობლემები შეუქმნა ბავშვებს და მათ მშობლებს ონლაინ სწავლებამ? 
- თითქმის ორი წელია მშობლებს და მცირეწლოვან ბავშვებს გაუსაძლის ვითარებაში გვიწევს ცხოვრება. ტექნიკასთან გატარებული დროის, უჰაერობის, უმოძრაობის გამო, ხშირად ბავშვებს ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები, რაც მშობლების ნაწილის განმარტებით გამოხატულია მხედველობის გაუარესებით, ხერხემლის დაავადებებით და სხვა ნეგატიური გამოვლინებით.  იზოლაციის და შეზღუდვების გამო, ყოველდღიურად სულ უფრო მეტ ბავშვს სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება, რადგან ექმნება სოციალიზაციის პრობლემა, ბავშვებს მასიურად აქვთ დეპრესიისკენ მიდრეკილება, უჩნდებათ ქცევითი და ემოციური პრობლემები. ამ ფონზე მიგვაჩნია, რომ პანდემიის დროს ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებს აბსოლუტურად ვერ ფარავს დისტანციურად მიწოდებული ზოგადი განათლება, მით უფრო იმ ბავშვების შემთხვევაში, რომელთა ოჯახებსაც ხელი არ მიუწვდებათ ხარისხიან ინტერენეტზე და გამართულ პერსონალურ კომპიუტერებზე.უახლესი ქართული კვლევები მოწმობს თუ რამხელაა პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგები ბავშვებში -   იხილეთ დოკუმენტი

სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახულია დისტანციური სწავლების პროცესის ხარვეზები ბავშვების დაბალი ხელმისაწვდომობა ინტერნეტსა და კომპიუტერულ ტექნიკაზე, ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობაზე. მრავალშვილიანი, სიღარიბეში მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების მხარდაჭერის აუცილებლობაზე. სკოლებში სწავლების პროცესის მართვის მხრივ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებებს უკმარისობაზე. იხილეთ დოკუმენტი

სასწავლო პროცესის შეფერხებით გამოწვეულ დანაკარგებზე საუბრობს IDFI -ის კვლევაც “განათლების სექტორის მიმოხილვა COVID-19 პანდემიის პირობებში - იხილეთ დოკუმენტი

-    თქვენი აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში რა შედეგები ექნება ონლაინ სწავლებას? 
- უმჯობესი იქნება ამ საკითხზე სპეციალისტებმა ისაუბრონ, ფსიქოლოგებმა, ნეიროფსიქოლოგებმა, პედიატრებმა, განათლების სპეციალისტებმა. 

-    უსმენს თუ არა განათლების სამინისტრო მშობლებს?
- განათლების მინისტრმა გუშინ ორჯერ ახსენა სიტყვა მშობელი იმ კონტექსტში, რომ სკოლების გახსნის შემთხვევაში გვექნება არჩევანის თავისუფლება ბავშვების სკოლაში გაშვებასთან დაკავშირებით. შეიძლება ვინმეს ჰგონია, რომ ეს არის კარგი. მე კი გეტყვით, რომ ეს სრულიად არ არის საკმარისი. საჭიროა სამინისტროს მხრიდან მშობლებთან და მასწავლებლებთან აქტიური კომუნიკაცია და შემდეგ ამ მოსაზრებების საკოორდინაციო საბჭოზე განხილვა. რაც არ ხდება.  განათლების სამინისტრო უნდა არწმუნებდეს მშობლებს, ბავშვების სკოლაში გაშვების აუცილებლობაში და ამას უნდა აკეთებდეს საქმით. მშობელი უნდა ენდობოდეს განათლების სისტემას და არ უნდა ეშინოდეს, რომ სკოლაში, სადაც დაწესებულია რეგულაციები, ამ რეგულაციების დაცვა არის შეუძლებელი. მშობლებთან კომუნიკაცია განსაკუთრებით საჭიროა დისტანციური სწავლების დროს და ძალიან ცუდია, რომ პანდემიის დაწყებიდან მესამე სასწავლო წელს, ისევ ამაზე გვიწევს საუბარი.