რატომ უნდა მივცეთ ბავშვს არაფრის კეთების უფლება

09-05-2022

ხანდახან უსაქმურად ყოფნა, არაფრის კეთება მხოლოდ სასიამოვნო პროცესი როდია. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის და განსაკუთრებით - ბავშვისთვის. მოდით, გავეცნოთ ფსიქოლოგების ნააზრევს და ვნახოთ, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ბავშვს არაფრის კეთებამ. 
როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ბავშვს უსაქმურობაში, მის ნებაზე რომ მივუშვათ, ბავშვი უბრალოდ გაზარმაცდება - ასე ფიქრობს მშობელთა 90 პროცენტი, თუმცა დავიწყოთ იმით, რომ სიზარმაცე და არაფრის კეთება  სულ სხვადასხვა რამ არის. სიზარმაცეა, როდესაც ბავშვს არ უნდა მაგალითად, მისთვის მოსაწყენი გაკვეთილის სწავლა. 

როდესაც ადამიანის ცხოვრებაში ბევრი უსიამოვნო რამ ხდება (ზედმეტი დატვირთვა ან რამე სტრესი), ორგანიზმი ენერგიის მაქსიმალურად დაზოგვის, ტოტალური სიზარმაცის  რეჟიმში გადადის. მშობლები კი ამ დროს ჩივიან, რომ მათ შვილს არაფრის გაკეთება არ უნდა. 
პირიქით, უსაქმურობა არის სურვილი, არ აკეთო არაფერი, არის სწრაფვა პაუზის აღებისა და ძალების აღდგენისკენ. უსაქმურობა შესაძლოა სიზარმაცის პროფილაქტიკადაც კი იქცეს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ამით დროულად ისარგებლებს და ორგანიზმს გამოფიტვის საშუალებას არ მისცემს. 

ჩემს შვილს არ სჭირდება უსაქმურობა, ის ისედაც ბევრს ისვენებს,  - იტყვის მშობელი, - საღამოობით ვსეირნობთ, შაბათ-კვირას კინოში დავდივართ. თუმცა ეს საკმარისი არ არის, ბავშვს ძალიან სჭირდება ხანდახან საერთოდ არაფრის კეთება. 
აქ არ არის საუბარი შესვენებაზე გაკვეთილებს შორის, აქ საუბარია პირადი დროის განკარგვაზე, მშობლის კონტროლისგან გათავისუფლებაზე. 
ყოველდღიურად ბავშვს ერთი საათ მაინც სჭირდება საიმისოდ, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი იყოს, რომ სრულად ეკუთვნოდეს საკუთარ თავს. მშობელს ეშინია, რომ ამ დროს ბავშვი აიღებს ტელეფონს, ნოუთბუქს, ჩაძვრება მასში. დიახ, ასე იქნება, თუმცა ეს მისთვის აუცილებელია. რატომ?

1.    უსაქმურობა ბავშვს ძალების აღდგენაში ეხმარება

ამდროს ბავშვის ფსიქოლოგიური და ემოციური ენერგია განახლების პროცესში გადადის. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, თუ ბავშვი ისე ატარებს თავისუფალ დროს, როგორც მას უნდა და არა ისე, როგორც მშობლებს სურთ. 
თუმცა მშობელმა უნდა იცოდეს,  თუ დასვენება ბავშვს არ ეხმარება ძალების აღდგენაში, მას ახასიათებს საერთო სისუსტე, აპათია და უმადობა,  აუცილებელად დაგჭირდებათ ექიმთან ვიზიტი.

2.     უსაქმურობა ადამიანს საკუთარი  თავის შეცნობაში ეხმარება

ადამიანის ცხოვრებაში უნდა იყოს არა მხოლოდ მოქმედება, არამედ ჭვრეტა. არაფროს კეთების დროს, თავისუფალი წუთები საკუთარ მეს ეკუთვნის, მის შეცნობას, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს საკუთარი თავის გაცნობა უნდა. არაფრის კეთების დროს ხდება დაგროვილი უარყოფითი ენერგიის განულება და ერთგვარი გადატვირთვა. 
ამ დროს მშობელი უნდა ეცადოს, ხელი არ შეუშალოს ბავშვს, მას საკუთარ თავთან განმარტოების საშუალება მისცეს.

3.    უსაქმურობა ბავშვის განვითარებას უწყობს ხელს

თანამედროვე მშობლების უმეტესობა ბავშვებს საერთოდ არ ენდობა. ვერ წარმოუდგენით, რომ მათი კონტროლის გარეშეც შეიძლება ვითარდებოდეს ბავშვი. უფრ მეტიც, მათ უსაფრთხოებაშიც კი ეპარებათ ეჭვი. მშობლების მხრიდან ზედმეტი მზრუნველობის ფონზე კი ბავში ძნელად ვითარდება და არ ხდება დამოუკიდებელი. 
ხანდახან სიწყნარემ, სიჩუმემ და არაფრის კეთებამ კი შესაძლოა ბავშვს მეტი განვითარებისკენ უბიძგოს. დაუტოვეთ დრო, ხანდახან მაინც იყოს თავისთვის, უბრალოდ, სწავლის, კითხვის, რაიმე საქმიანობის გარეშე. ხანდახან ესეც საჭიროა.