ამერიკელ პედიატრთა ასოციაცია რეკომენდაციას გვაძლევს ბავშვს მყარი საკვები პირველად 6 თვის ასაკში გავასინჯოთ. თუმცა, ეს რეკომენდაციაა და არა დოგმა. ყველა ბავშვი ხომ განსხვავებულია. როგორ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი პატარა მზად არის მყარი საკვების მისაღებად? ამის გარკვევაში შემდეგ ნიშნები დაგეხმარებათ,
თქვენი შვილი მყარი საკვების მისაღებად მზადაა თუ:
• შეუძლია წამოჯდომა დახმარების გარეშე;
• შეუძლია თავის დაჭერა;
• საკვების შეთავაზებისას პირს აღებს და წინ იხრება;
• პირში იდებს სხვადასხვა ნივთს;
• ცდილობს ხელში დაიჭიროს მცირე ზომის საგნები;
როგორ გავასინჯოთ ბავშვს ახალი პროდუქტი?
პირველ ჯერზე დაიწყეთ ერთინგრედიენტიანი კერძით. ეს იმის გარკვევაში დაგეხმარებათ, აქვს თუ არა პატარას ალერგია ამ კონკრეტულ საკვებ პროდუქტზე. შემდეგი ახალი პროდუქტის მიცემამდე დაიცადეთ 3-5 დღე.
პირველ დღეებში მოერიდეთ პოტენციურად ალერგიულ პროდუქტებს, როგორებიცაა: ძროხის რძისგან დამზადებული პროდუქტები, კვერცხი, თხილი, სოიო, სეზამი, მიწისთხილი. ძროხის რძის დალევა ან სოიოთი დამზადებული კერძების მირთმევა 1 წლის ასაკამდე რეკომენდირებული არ არის. თუმცა, ძროხის რძისგან დამზადებული პროდუქტები, როგორიცაა იოგურტი, შეგიძლიათ მას 1 წლამდე მისცეთ.
როგორ მოვუმზადოთ პატარას საკვები?
თავიდან უკეთესია პატარას პიურეს ტექსტურის, დაბლენდერებული, რბილი კონსისტენციის საკვები შესთავაზოთ. საკვების ახალ ტექსტურასთან შესაგუებლად თქვენ შვილს დრო დასჭირდება. ახალი საკვების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ხველა, გულისრევა ან წამოქაფება. თანდათანობით შეგიძლიათ მას უფრო სქელი და მყარი კონსისტენციის საკვებიც მიაწოდოთ.
უსაფრთხოების მიზნით შეარჩიეთ ისეთი საკვები, რომელიც იხსნება ნერწყვში და არ საჭიროებს დაღეჭვას. მიეცით მცირე ზომის ლუკმები და უთხარით პატარას ნელა ჭამოს. არადროს დატოვოთ ყურადღების გარეშე.
რამდენიმე რჩევა საკვების მომზადების შესახებ:
• მყარი კონსისტენციის ხილი და ბოსტნეული, როგორებიცაა, ვაშლი ან სტაფილო, მოხარშეთ და აქციეთ პიურედ.
• პროდუქტი მოხარშეთ დარბილებამდე, რომ მისი ჩანგლით დაჭყლეტა შეძლოთ.
• მომზადებამდე ქათმის ხორცს ან თევზს მოაშრეთ კანი, ცხიმი და ძვლები.
• ყველა სახის ხილს მოაშრეთ კურკა და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
• ცილინდრული ფორმის საკვები (მაგ: სოსისი) დაჭერით სიგრძეზე და არა განივრად, პატარა წრეებად, რომელმაც გადაცდენის შემთხვევაში შეიძლება სასუნთქი გზები დაახშოს.
• პატარა მრგვალი ფორმის პროდუქტები: ყურძენი, ბალი ან პომიდორი აუცილებლად დაჭერით პატარა ნაჭრებად.
• მარცვლეული პროდუქტები დააბლენდერეთ, დაამატეთ მას დედის რძე, ხელოვნურ საკვები ან წყალი და აურიეთ რომ მისი კონსისტენცია უფრო თხიერი გახდეს და პატარამ უფრო მარტივად გადაყლაპოს.
წყარო: CDC.gov