ალბათ ნებისმიერ დიასახლისს აინტერესებს, რამდენი ხანი შეუძლია შეინახოს რძის პროდუქტები და კვერცხი. როგორი შეფუთვით სჯობს რძის შეძენა, სად უკეთესია კვერცხისა და ყველის შენახვა?
იმედი გვქავს, ჩვენი რჩევები გამოგადგებათ, როდესაც მაღაზიაში წაბრძანდებით შემდეგ ჯერზე პროდუქტის საყიდლად, ან უკვე ნაყიდი პროდუქტების დაბინავებას შეუდგებით მაცივარში.
რძე
მარკეტში ან ბაზარში წასვლის დროს ეცადეთ, რძის პროდუქტები, რძე ყველაზე ბოლოს აიღოთ.რძის შესანახად იდეალური ტემპერატურა 5 გრადუს ცელსიუსზე ნაკლებია. აღნიშნულ ტემპერატურას მაცივარი უზრუნველყოფს, თუმცა არ გირჩევთ რძის მაცივრის კარში განთავსებას, რადგან იქ ტემპერატურა ყოველთვის შედარებით მაღალია. გახსნიდან ერთი კვირის შემდეგ დაუნანებლად გადააგდეთ ნებისმიერი სახის რძე, იქნება ის ცხიმიანი თუ უცხიმო, მაღალპროცენტიანი თუ დაბალპროცენტიანი, მიუხედავად იმისა, გაუვიდა თუ არა მას შეფუთვაზე მითითებული ვადა.
რაც შეეხება ნაყინს, ის, როგორც წესი, საყინულეში 2-დან 6 თვემდე ინახება, რადგან საყინულეში ბაქტერიები შედარებით ნელა მრავლდებიან, რაღა თქმა უნდა, დაბალი ტემპერატურის წყალობით.
ყიდვის დროს უპირატესობა მუყაოში შეფუთულ რძეს მიანიჭეთ.
ყველი
პერგამენტის ქაღალდში მჭიდროდ გახვეული მაგარი სახეობის ყველი მაცივარში დაახლოებით ოთხი კვირა ინახება. თუ ობი მაინც შეატყვეთ, არ იჩქაროთ გადაგდება, მოაჭერით დაობებული ადგილი და დანარჩენი ყველი მიირთვით. მდნარი ყველი შეფუთვის გახსნიდან 3-4 კვირა თავისუფლად ინახება და შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ ხანგრძლივი ვადით შენახვის შემდეგაც. ორსულებს, ბავშვებს, დაბალი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს რბილი ყველის მირთმევას არ ვურჩევთ. საერთოდ, რაც უფრო რბილია ყველი, მით ნაკლები შენახვის ვადა აქვს მას. ნაღების ყველი მაცივარში მხოლოდ ორი კვირა ინახება.
ხაჭო ძალიან მგრძნობიარე პროდუქტია და მაქსიმუმ ერთი კვირა ინახება.
იოგურტი
ამ დელიკატური პროდუქტის შეძენის დროს აუცილებლად გულდასმით შეამოწმეთ მისი ვარგისიანობის ვადა. ეცადეთ, 7-10 დღის განმავლობაში მიირთვათ, თუ არადა გადააგდოთ მუხედავად შეფუთვაზე მითითებული ვადისა.
კვერცხი
არასდროს მიირთვათ უმი კვერცხი ან მისგან დამზადებული საკვები, მაგალითად მაიონეზი, გოგლი-მოგლი და ა.შ. ყიდვის დროს ეცადეთ კვერცხი ყოველთვის მაცივრის სიღრმიდან აიღოთ. კარგად შეამოწმეთ, არ იყოს გატეხილი ან გაბზარული. შეინახეთ მაცივრის ყველაზე ცივ წერტილში და არა კარებში, როგორც ამას ხშირად ვაკეთებთ ხოლმე.
წყარო: Academy of Nutrition and Dietetics