კვებითი ალერგია ბავშვებში - რა უნდა იცოდეს მშობელმა?

30-03-2022

როდის შევთავაზოთ ალერგიული საკვები პროდუქტები ბავშვებს?
სულ უფრო მეტი მტკიცებულება გროვდება იმის შესახებ, რომ თუ ბავშვს ადრეულ ასაკში მივაწვდით კვებით ალერგენებს, ამან შეიძლება მომავალში კვებითი ალერგიის განვითარების რისკი შეამციროს. ძველი შეხედულებით მიღებული იყო, რომ ალერგიული პროდუქტები პირველად ბავშვისთვის მინიმუმ 3 წლის ასაკში უნდა მიგვეცა, ხოლო დღესდღეობით კვებით ალერგენებთან უფრო ადრეული ექსპოზიცია ითვლება მართებულად.

ბავშვებში ალერგიის შემთხვევები საგრძნობლად გაიზარდა
ამერიკაში ბავშვებში თხილზე და მიწისთხილზე ალერგიის შემთხვევები 90 - იანი წლებიდან დღემდე 50%-ით არის გაზრდილი. ეს პერიოდი დაახლოებით იმ დროს ემთხვევა, როცა მშობლებს ურჩევდნენ, ალერგენები ბავშვებისთვის ცხოვრების პირველ წლებში არ მიეწოდებინათ. დღევანდელი გაიდლაინებით ეს მიდგომა შეცვლილია და არის იმედი, რომ ბავშვებში კვებითი ალერგიის შემთხვევების რიცხვი კვლავ შემცირდება.

გავრცელებული კვებითი ალერგენები
დღესდღეობით ყველაზე გავრცელებულ კვებით ალერგენებს ძროხის რძე და ქათმის კვერცხი წარმოადგენენ. კვებითი ალერგიის მქონე ბავშვების 40%-ს ალერგია ერთზე მეტ პროდუქტზე აქვს.
მართალია, ნებისმიერი საკვები პროდუქტი შეიძლება აღმოჩნდეს ალერგიის გამომწვევი, მაგრამ ქვემოთ ჩამოთვლილია ყველაზე ხშირი კვებითი ალერგენები:
•    ძროხის რძე
•    კვერცხი
•    ფარფლიანი თევზები
•    მიწისთხილი
•    სეზამი
•    მოლუსკები
•    სოიო
•    თხილი
•    ხორბალი

ბავშვებში კვებითი ალერგიის განვითარების რისკ-ფაქტორები
კვებითი ალერგია უმეტეს შემთხვევაში ბავშვობაში იჩენს თავს და მისი განვითარების წინაპირობას ხშირად სხვა მდგომარეობები ქმნიან. ესენია:
•    ასთმა
•    ეგზემა
•    ალერგიული რინიტი 
•    კვებითი ალერგიის ოჯახური ისტორია
თუ თქვენს ოჯახში კვებითი ალერგიები გავრცელებულია, თავიდანვე აცნობეთ ამის შესახებ პედიატრს. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ალერგიის გამოსავლენი პრიკ-ტესტის გაკეთება.

რა სიხშირით უნდა მივაწოდოთ ბავშვს ახალი საკვები პროდუქტები?
გავრცელებული კვებითი ალერგენების ბავშვის კვებით რაციონში შეტანა  თანდათან სჯობს - თითო პროდუქტი 2-3 დღიანი შუალედით, რათა ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში ზუსტად შეძლოთ ალერგენის აღმოჩენა. საბოლოო ჯამში, ექიმები თანხმდებიან, რომ პოტენციურად ალერგიული საკვების მიღების სარგებელი ბევრად აღემატება ალერგიული რეაქციის განვითარებით გამოწვეულ რისკს.

ორიოდე სიტყვა საკვები ცილით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომის შესახებ
საკვები ცილით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი (ინგლისური აბრევიატურა - FPIES) კვებითი ალერგიის შედარებით იშვიათი და მძიმე ფორმაა, რომელიც ბავშვებში გვხვდება. ცილით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომის დროს ალერგიული რეაქცია ალერგენის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ვითარდება, რაც ჩვეულებრივ კვებით ალერგიას არ ახასიათებს. ამიტომ, მას ხშირად დაგვიანებულ კვებით ალერგიასაც უწოდებენ. ამ სინდრომს ყველაზე ხშირად იწვევს შემდეგი პროდუქტები: ძროხის რძე და მისგან შექმნილი პროდუქტები (მათ შორის ბავშვის ხელოვნური საკვებიც), სოიო, შვრია, ბრინჯი, ბანანი, ბარდა, ქერი, მწვანე ლობიო, კვერცხი, გოგრა, ფრინველის ხორცი, საქონლის ხორცი, ტკბილი კარტოფილი. ცილით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი ძალიან იშვიათია ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში. ყველაზე ხშირად ის ვლინდება ბავშვებში, რომლებიც ძუძუთი კვებიდან გადადიან ხელოვნურ კვებაზე, ან იწყებენ მყარი საკვების მიღებას. პირველი სიმპტომებია: ღებინება, რომელიც ალერგიის გამომწვევი საკვების მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ იწყება და დიარეა, რომელიც 5-10 საათის შემდეგ იწყება. ასევე მოსალოდნელია შემდეგი სიმპტომების განვითარება: დაბალი არტერიული წნევა, სხეულის დაბალი ტემპერატურა, ძლიერი სიფერმკრთალე, შეუპოვარი ღებინება და ძლიერი დეჰიდრატაცია. საბედნიეროდ, ეს მდგომარეობა ბავშვობის ასაკში რჩება. ამ დიაგნოზის დასმის შემდეგ ბავშვებს ესაჭიროებათ ალერგოლოგის და იმუნოლოგის მკაცრი მეთვალყურეობა. 

გამონაყარი ბავშვის კანზე პომიდვრის და მჟავას შემცველი სხვა საკვები პროდუქტების მიღების შემდეგ
მჟავას შემცველი საკვები პროდუქტები, როგორებიცაა ლიმონი, ლაიმი, ფორთოხალი და პომიდორი ხშირად იწვევენ მცირე გამონაყარს ბავშვის კანზე, რომელიც სრულიად უწყინარია. გამონაყარი, როგორც წესი, პირის ირგვლივ და ნიკაპზე ჩნდება და ამ უბნების ნაზად მოწმენდის შემდეგ ადვილად ქრება. იმისთვის, რომ პატარას კანი მჟავას შემცველი პროდუქტების წვენით გაღიზიანებისგან დაიცვათ, შეგიძლიათ კვების წინ მას სახეზე ვაზელინის ან კანის დამცავი სხვა მალამოს თხელი ფენა წაუსვათ.


წყარო:solidstarts.com/starting-solids/allergies/