მითები ბავშვის კვებასთან დაკავშირებით

22-12-2021

ბავშვის კვებასთან დაკავშირებით უამრავი მითი არსებობს, ინტერნეტშიც უამრავი ინფორმაციაა, ძალიან ძნელია ამ ზღვა მასალიდან სანდო და საჭირო მოსაზრების შერჩევა, ჩვენ ვეცდებით გაგიმარტივოთ საქმე და პროფესიონალთა რჩევები შემოგთავაზოთ. 

ყველაფერი გემრიელი უსარგებლოა, ხოლო უგემური - სასარგებლო

ეს მართლაც მცდარი მოსაზრებაა და თავს იჩენს ოჯახში იმ შემთხვევაში, თუ ამ ოჯახში არასწორად იკვებებიან. ბავშვისთვის გემრიელია ის, რასაც გემრიელად უმზადებენ. შესაძლოა სტაფილოც და ბროკოლიც უყვარდეს ბავშვს და ეგემრიელებოდეს, თუ მას გემრიელად მოუმზადებენ და არ გაუმახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ მაგალითად ჰამბურგერი უფრო გემრიელია, ვიდრე სტაფილო და კანფეტი უფრო კარგია, ვიდრე ხილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ის არ არის ჯანსაღი და ამიტომ უგემურის ჭამა მოუწევს.

ჯანმრთელი ბავშვი პუტკუნა უნდა იყოს

ეს მითი ძველია, ჯერ კიდევ ომის დროიდან მოდის, როდესაც კაცობრიობა რეალურად აღმოჩნდა შიმშილის პირისპირ. საბედნიეროდ, დღეს ეს პრობლემა აღარ არსებობს და ეს მითი ნამდვილად შეიძლება დაიმსხვრეს. პუტკუნა ბავშვიც შეიძლება იყოს ჯანმრთელი და გამხდარიც. სიმსუქნე ბავშვებში, როგორც წესი, 5-6 წლის ასაკისთვის თავისთავად ალაგდება და გარდატეხის ასაკისთვის, როდესაც ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობს, ბავშვს ეს პრობლემა აღარ აწუხებს. თუ ჭარბი წონა გარდატეხის ასაკშიც შენარჩუნდა, ეს ნორმა აღარ არის და საჭიროა დიეტოლოგის ჩარევა. 

ბავშვს არ უნდა აწუხებდეს შიმშილის გრძნობა

ეს მოსაზრებაც ნამდვილად მითია. თანამედროვე სამყაროში, მაგალითად ამერიკაში, არსებობს ისეთი კვებითი დარღვევა, როგორიც არის მუდმივი ღეჭვა. აქ ადამიანები მუდმივად რაღაცას ღეჭავენ, ჭამენ, ეს არის ჩვევა. ექიმები კი ერთხმად ამტკიცებენ, რომ ნორმალურ ადამიანს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, საკვების მოსანელებლად სჭირდებათ დრო. კვებებს შორის ოპტიმალური ინტერვალი 3-4 საათია. შუალედში ჭამა სასურველი არ არის, სასურველია მხოლოდ სითხის, წყლის მიღება ან ცოტაოდენი ხილისა და ბოსტნეულის.
  
თუ ბავშვი არ ჭამს, ძალით უნდა აჭამოთ

დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ ბუნებაში არ არსებობს თვითნებურად მოშიმშილე ბავშვი. თუ ბავშვი საკვებზე უარს აცხადებს, ე.ი. მას რაღაც პრობლემა აქვს: გადაღლილია, დასიცხულია, აღგზნებულია და ა.შ. 
ამ დროს მშობელი უნდა აღიჭურვოს მოთმინებით და უნდა დაელოდოს, როდის მოშივდება ბავშვს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ ბავშვს ე.წ. სასუსნავი, დასაშვებია მხოლოდ მცირე რაოდენობით ვაშლი ან სტაფილო, ან შავი პურის ნატეხი, რომელიც მას მადას გაუღვიძებს.

მითი პოლივიტამინების შესახებ

ბოლო დროს სულ უფრო აქტუალური ხდება მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვის რაციონი უნდა გამდიდრდეს პოლივიტამინებით, თუმცა მედიკოსები ირწმუნებიან, რომ ბავშვის მიერ პოლივიტამინების ხანგრძლივი მიღება შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს მისი ჯანმრთელობისათვის. აღნიშნული ვიტამინები ბავშვმა საკვებიდან უნდა მიიღოს და არა სპეციალური ვიტამინების სახით.
 
ბავშვმა თავად იცის, რა სჭირდება

რა თქმა უნდა ეს ასეა, თუ ბავშვს  ჩამოყალიბებული აქვს სწორი უნარ-ჩვევები, მან იცის რა უნდა ჭამოს, არ არის მიჩვეული ტკბილეულსა და კანფეტებს, უყვარს ხილი და ბოსტნეული, მიჩვეულია, რომ კვებებს შორის უნდა დაიცვას ინტერვალი. თუმცა თუ ბავშვი მიჩვეულია ტკბილეულს, გაზიან სასმელებს, შოკოლადებს და ა.შ., მისი კვება აუცილებლად უნდა აკონტროლოს უფროსმა. მშობელი ყველანაირად უნდა ეცადოს შეზღუდოს მის რაციონში აღნიშნული პროდუქტი და მიაჩვიოს იგი ცხოვრების ჯანსაღ წესს. 
 

წყარო: ევგენი კომაროვკი