როგორ ვასწავლოთ ბავშვს ჭიქიდან დალევა

12-11-2021

ბავშვებისთვის ჭიქის გამოყენების სწავლება საკმაოდ დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. თუმცა, თუ დაისახავთ გეგმას და იქნებით თანმიმდევრული, თქვენი შვილი ამ უნარს ძალიან მალე განივითარებს.
ჭიქით სასმელის შეთავაზებისას ორი ნაბიჯი უნდა გაითვალისწინოთ:
1.    ღია ან საწრუპიანი ჭიქიდან დალევა.
2.    ბოთლებით ან ძუძუთი კვებიდან მყარ საკვებზე და მრავალფეროვან სასმელებზე გადასვლა.

ამ პროცესს დრო და მოთმინება სჭირდება. ეცადეთ, იყოთ მშვიდი და  დაუჭირეთ მხარი თქვენს პატარას.

რა ასაკიდან შეუძლია ბავშვს ჭიქიდან დალევა?

ბავშვს შეუძლია, ჭიქიდან დალევა 5-6 თვის ასაკიდან დაიწყოს, დაახლოებით იმ ასაკიდან, როცა ის მყარი საკვების მიღებას იწყებს. უმჯობესია, 6-12 თვის ასაკში დააწყებინოთ ბავშვს ჭიქის გამოყენება, რადგან გვიან ასაკში ეს უფრო გაგირთულდებათ. უმჯობესია ბავშვი ჭიქიდან სმას მიეჩვიოს მანამდე, სანამ ძუძუთი ან ბოთლით კვებას შეწყვეტს.

როგორი ჭიქის გამოყენებაა უმჯობესი?

ორი სახის ჭიქა დაგჭირდებათ:
•    ღია ჭიქა
•    საწრუპიანი ჭიქა

არ არის აუცილებელი, ამ ორს შორის არჩევანი გააკეთოთ. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ გამოიყენოთ ორივე, დასაწყისშივე და არც რიგითობას აქვს მნიშვნელობა. შეგიძლიათ 6 თვის ასაკის ბავშვს დილით საუზმეზე ღია ჭიქა შესთავაზოთ, ხოლო სადილზე - საწრუპიანი. თუ უკვე რამდენიმე კვირაა უშედეგოდ ცდილობთ პატარასთვის ჭიქიდან დალევის სწავლებას, უმჯობესია მათ შორის ერთი აირჩიოთ, ის რომელიც უფრო მეტად მოსწონს, და გააგრძელოთ ცდა.

ღია ჭიქის არჩევისას უმჯობესია უპირატესობა მცირე ზომის და ტევადობის ჭიქას მიანიჭოთ, რომელსაც ბავშვი ადვილად დაიჭერს და გადასხმის შემთხვევაშიც უფრო ნაკლები სითხე დაიღვრება.
ხოლო, რაც შეეხება საწრუპიან, დახურულ ჭიქას, უმჯობესია მის გამოყენებამდე ბავშვს საწრუპის გამოყენება ასწავლოთ.

როგორ ვასწავლოთ ბავშვს ღია ჭიქიდან დალევა?

  • პირველი ნაბიჯი: ჭიქაში ჩაასხით მცირეოდენი დედის რძე ან წყალი. ყოველი კვების დროს მიუტანეთ მას ჭიქა.
  • მეორე ნაბიჯი: დაჯექით თქვენს პატარასთან ერთად, მიიქციეთ მისი ყურადღება, შემდეგ მიიტანეთ ჭიქა თქვენს ტუჩებთან და მოსვით. 
  • მესამე ნაბიჯი: შესთავაზეთ ბავშვს ჭიქა, დაიჭირეთ ის ბავშვის წინ და ნება დართეთ, მისწვდეს მას. არ მიუტანოთ ჭიქა პირდაპირ ტუჩებთან, აცადეთ მას თავად მისწვდეს ჭიქას და დაეხმარეთ მიიტანოს ჭიქა ტუჩებთან.

საერთო აზრი ასეთია, რომ უმჯობესია სწავლის პროცესში ბავშვი აქტიურად იყოს ჩართული და მხოლოდ პასიურად არ იჯდეს სანამ თქვენ სითხეს პირში ჩაასხამთ. შეგიძლიათ ბავშვს ჭიქის დაჭერასა და დახრაში დაეხაროთ. რა თქმა უნდა, ის ბევრჯერ დაღვრის სითხეს, შეიძლება რამდენიმეჯერ გადაცდეს კიდეც, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სწავლის პროცესში ეს ნორმალურია.
თუ ბავშვი დაჟინებით მოითხოვს, რომ მხოლოდ თავად ეჭიროს ჭიქა ხელში, დართეთ მას ნება, დამოუკიდებლად იმოქმედოს და მზად გქონდეთ ხელსახოცები, რადგან ის აუცილებლად დახრის ჭიქას ზედმეტად და გადაისხამს სითხეს სახეზე და ტანსაცმელზე. ამ შემთხვევაში სთხოვეთ მას, რომ შემდგომში უფრო ნელა და ფრთხილად იმოქმედოს. შეგიძლიათ ცოტაოდენი წყალი ჩაუმატოთ ჭიქაში და ისევ სცადოთ, თუმცა თუ ისევ დაღვრის, გადადეთ ჭიქა გვერდზე და შემდეგ კვებას დაელოდეთ კვლავ სავარჯიშოდ. დართეთ ბავშვს ნება თავად აირჩიოს საკვების მიღებამდე ივარჯიშებს ჭიქიდან სმაში თუ კვების შემდეგ.

თუ ატყობთ, რომ ბავშვი ჭიქიდან წყლის დაღვრას თამაშისთვის იყენებს, აღარ შეუვსოთ, მშვიდად უთხარით, რომ წყალი აღარ არის, რადგან მთლიანად დაიღვარა. 

ფრთხილად იყავით, თუ თქვენი შვილი 12 თვემდე ასაკისაა, არ დაუშვათ, რომ მან კვების დროს ზედმეტი წყალი მიიღოს და მისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებები მოაკლდეს. მოგეხსენებათ, რომ მისი კუჭი მცირე მოცულობისაა და ძალიან მალე ივსება.

როგორ ვასწავლოთ ბავშვს საწრუპით დალევა?

ეს პროცესი 6 თვის ასაკიდან შეგიძლიათ დაიწყოთ და შეიძლება გაოცებულიც კი დარჩეთ ისე მარტივად აითვისებს თქვენი პატარა საწრუპით სმას. 6 თვის ასაკისთვის ბავშვებს ძლიერი წოვის რეფლექსი აქვთ შენარჩუნებული. ამიტომ, ბევრი მშობელი თავდაპირველად საწრუპიან ჭიქას იყენებს და შემდეგ სთავაზობს ბავშვს სასმელს ღია ჭიქიდან.
თუ ბავშვს 8 თვის ასაკში ან უფრო გვიან ასწავლით საწრუპით დალევას, შეიძლება მან ეს უნარი ასე მარტივად ვერ აითვისოს. ამ შემთხვევაში ასწავლეთ მას, რომ ტუჩები მოუჭიროს საწრუპს და სითხე ამოწოვოს.

პიპეტის მეთოდი

აიღეთ ჩვეულებრივი პლასტმასის საწრუპი და მოაქციეთ სითხე მის ბოლოში საწრუპის ზედაპირზე თითის დააფარებით, ამოიღეთ საწრუპი ჭიქიდან და ჩაუდეთ ბავშვს პირში, უთხარით მას, რომ გადაყლაპოს საწრუპიდან გამოსული სითხე და აიღეთ თითი საწრუპის ზედაპირიდან. ეს სავარჯიშო ასწავლის ბავშვს, თუ როგორ უნდა შემოაჭდოს საწრუპს ტუჩები და რომ საწრუპიდან სითხე გამოდის. 
გაიმეორეთ ეს სავარჯიშო რამდენიმეჯერ, მანამ, სანამ ბავშვს არ მობეზრდება და შემდეგ გაუწოდეთ მას ჭიქა საწრუპით, რათა თავად სცადოს. თუ ბავშვი არ მიიღებს ჭიქას ან სარწუპით თამაშს დაიწყებს, გადადეთ ისინი გვერდით და უთხარით, რომ მომავალი კვების დროს ისევ ცდით. როგორც წესი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ ბავშვები ითვისებენ საწრუპით დალევის ტექნიკას.

სატრენინგო ჭიქების გამოყენება
თუკი პიპეტის მეთოდმა არ გაამართლა, არსებობს სავარჯიშო ჭიქები, როგორიცაა Mr. Juice Bear

მიაწოდეთ ბავშვს ჭიქა, რომელიც არის ფერადი და ნახატებიანი, ამიტომ შეიძლება უფრო მეტი ხალისით აიღოს ის. უთხარით მას, ჩაიდოს საწრუპი პირში და ხელი მოუჭირეთ ჭიქას, რის შემდეგაც მცირე რაოდენობის სითხე ავა საწრუპში და ბავშვის პირში მოხვდება. რამდენიმე ასეთი მცდელობის შემდეგ აღარ მოუჭიროთ ჭიქას ხელი და შესთავაზეთ ბავშვს სხვა საწრუპიანი ჭიქებიც, რათა ათვისებული უნარების სხვა ჭიქებზე გენერალიზება მოახდინოს.  

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ბავშვი უარს ამბობს ჭიქიდან სმაზე? 

თუ თქვენი შვილი უკვე 6-8 თვისაა და არ აინტერესებს ჭიქიდან დალევა, უბრალოდ დაელოდეთ. მიიტანეთ მასთან ჭიქა ყოველი კვების დროს და აჩვენეთ, თქვენ თავად როგორ სვამთ ჭიქიდან. მიეცით მას დრო, რომ თავად გამოავლინოს ინტერესი.
გაიგეთ ამის მიზეზი. თუ თქვენი შვილი 8 თვეზე მეტი ასაკისაა და ამ პროცესში ჯიუტობს ან უარს ამბობს, დაფიქრდით ამის მიზეზზე. ეს იმიტომ ხდება, რომ მას უნდა მეტი დამოუკიდებლობა ჰქონდეს და თქვენს ჩარევას აპროტესტებს, თუ საერთოდ ვერ ხვდება ჭიქის და საწრუპის დანიშნულებას? თუ თქვენი შვილი დამოუკიდებელია, უმჯობესია ეს პროცესი მთლიანად მას მიანდოთ და არ ჩაერიოთ რამდენჯერაც უნდა გადაასხას მან წყალი ჭიქიდან. ჩაასხით ჭიქაში მხოლოდ მცირე რაოდენობის წყალი და მოიმარაგეთ მაგიდასთან პირსახოცები და ხელსახოცები. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და იყოთ მომთმენი.

შიმშილი შეიძლება იყოს მოტივატორი. ძუძუთი კვებასა და მაგიდასთან მყარი საკვების მიღებას შორის დაიკავეთ 1-საათიანი შუალედი. თუ ბავშვი 9 თვეზე მეტი ასაკისაა, შეგიძლიათ დროის ინტერვალი 2-3 საათამდე გაზარდოთ.

აჩვენეთ მას მაგალითი. დალიეთ ერთი და იმავე ჭიქიდან ყოველი კვების დროს. მას შემდეგ, რაც თქვენ მოსვამთ, გაუწოდეთ ჭიქა ბავშვს.შეცვალეთ გარემო. თუ ბავშვი კვების დროს უარს ამბობს ჭიქაზე, გაუმზადეთ მას სასმელი კვებისგან დამოუკიდებლად.

თუ ბავშვი ხშირად აქცევს სითხეს ან ხშირია გადაცდენა

ჩაასხით ჭიქაში ბევრად უფრო მცირე რაოდენობის სითხე. თუ ღია ჭიქას იყენებთ, შეცვალეთ ის დახურული, საწრუპიანი ჭიქით ან ბავშვს უფრო სქელი კონსისტენციის სითხე მიაწოდეთ, როგორიცაა პიურე, სმუზი, ან კეფირი.

თუ ბავშვი ტუჩებს ვერ აჭდობს საწრუპის ირგვლივ
სცადეთ „თევზის ტუჩების“ მსგავსად მოათავსოთ ტუჩები საწრუპზე და ხმით ამოსრუტოთ სითხე ჭიქიდან, შემდეგ მიაწოდეთ საწრუპიანი ჭიქა ბავშვს.
თუ ბავშვი საწრუპს მხოლოდ კბენს. ეს ბავშვებისგან ბუნებრივი და ყველაზე ხშირი რეაქციაა. ასწავლეთ მას, რომ კბენის შემდეგ უნდა გაუშვას კბილები საწრუპს და შემოაჭდოს მას ტუჩები. გამოიყენეთ მყარი მასალისგან დამზადებული საწრუპი. ასევე კარგია თუ მიმართავთ პიპეტის მეთოდს, რათა ბავშვმა გაიგოს, რომ საწრუპიდან სითხე უნდა გამოდიოდეს.

თუ ბავშვი ჭიქას ხელში არ იჭერს
თუ თქვენი შვილი უარს ამბობს დაიჭიროს ჭიქა, ან იჭერს მხოლოდ თქვენი დახმარებით, გაუწოდეთ მას ჭიქა და წაახალისეთ, რომ მოკიდოს ხელი. თუ ის გადმოიხრება და პირდაპირ პირს დაადებს ჭიქას, აიღეთ მისი ხელი და მოაკიდებინეთ ჭიქაზე. რამდენიმე დღიანი ვარჯიშის შემდეგ, ბავშვი თავად აიღებს ჭიქას როცა მიაწოდებთ. დროთა განმავლობაში მოაშორეთ ხელი ჭიქას და დართეთ მას ნება დამოუკიდებლად ეჭიროს ის.

როდის უნდა ითხოვოთ დახმარება?
კონსულტაცია გაიარეთ პედიატრთან იმ შემთხვევაში თუ:
•    უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ცდილობთ, ასწავლოთ ბავშვს ჭიქიდან დალევა.
•    ბავშვი ვერ ინარჩუნებს წონას მას შემდეგ რაც თქვენ ძუძუთი ან ბოთლით კვება შეამცირეთ.
•    ბავშვი არ იღებს მზარდი რაოდენობის მყარ საკვებს და არ სვამს საკმარისი რაოდენობის  წყალს ჭიქიდან.
•    თქვენი შვილი 15 თვეზე უფრო მეტი ასაკისაა.

ჩვენი რეკომენდაციაა, რომ კონსულტაცია გაიაროთ ოკუპაციურ და მეტყველების თერაპევტთან, რომელიც სპეციალიზებულია კვებისა და ყლაპვის უნარების სწავლებაზე.
მოთმინება და კიდევ უფრო მეტი მოთმინება.გახსოვდეთ, რომ ჭიქიდან დალევის სწავლა ძალიან ბევრ ვარჯიშს და მოთმინებას საჭიროებს. დაიწყეთ ადრიანად ( 6 თვის ასაკიდან). შეიძლება თქვენს პატარას ამ უნარის დასახვეწად რამდენიმე თვე დასჭირდეს, მაგრამ იცოდეთ, რომ მოთმინებით და თანმიმდევრულობით შედეგს აუცილებლად მიაღწევთ!

წყარო: solidstarts.com