არ დააძალოთ ბავშვს ჭამა!
არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ დააძალოთ ბავშვს ჭამა. მოსაზრება, რომ სწორედ თქვენი შვილი არ მოითხოვს არასდროს საჭმელს, ძალიან გულუბრყვილოა და მხოლოდ მშობლის თავის გასამართლებლად გამოდგება. ნორმალური, ადექვატური მშობლის მთავარი ვალდებულებაა, რომ ბავშვს ყოველთვის ჰქონდეს ჭამის მადა, ამისთვის კი საჭიროა მხოლოდ ერთი რამ: შეუწყოთ ბავშვს ხელი, რომ რაც შეიძლება მეტი ენერგია დახარჯოს.
გინახავთ ბავშვი, რომელიც მთელი დღე გარეთ, ეზოში დარბის და არ ითხოვს საჭმელს?
სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ მშობელმა მაქსიმალურად უზრუნველყოს ბავშვის ხანგრძლივი დროით ჰაერზე სეირნობა და ფიზიკური აქტივობა. ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ სეირნობის დროს ბავშვს არ ეცვას ბევრი ტანსაცმელი. ნუ შეშინდებით, თუ თქვენი ბავშვი საკვებზე უარს იტყვის და ჯერ დაფიქრდით იმაზე, რა შესთავაზეთ. დაიმახსოვრეთ, ბავშვის ულუფა უნდა შეესაბამებოდეს მის ასაკსა და მოთხოვნილებებს, ასევე ფიზიკურ მონაცემებს.
თუ ბავშვს ოდნავ მაინც აქვს ჭამის მადასთან დაკავშირებული პრობლემები, პირველ რიგში უნდა აუკრძალოთ კვებებს შორის წახემსება, ეს წესი უნდა გაითავისოს ოჯახის უკლებლივ ყველა მეგობარმა და ნათესავმა, რომლებიც ბავშვის წახალისებას ცდილობენ ხოლმე. ასწავლეთ ბავშვს, აქტიურად მოინელოს მაღალკალორიული საკვები, წესად უქციეთ, შოკოლადის ფილა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუნაწილოს და მიირთვას მაქსიმალურად მცირე რაოდენობით.
რაც შეეხება ტანსაცმელს, მინიმალური რაოდენობა ბავშვისთვის აბსოლუტურად საკმარისია. ნუ მიაჩვევთ ზედეტად თბილად ჩაცმას და მიეცით საშუალება, თავად აირჩიოს როგორც თავად ტანსაცმელი, ისე რაოდენობა. გახსოვდეთ, ბავშვები ყველაზე ხშირად ცივდებიან არა იმის გამო, რომ შესცივდათ, არამედ იმის გამო, რომ ბევრი ეცვათ და გაოფლიანდნენ.