საკუთარი ხელით ჭამა - კომაროვსკის რჩევები

07-09-2021

7-8 თვის ასაკიდან ბავშვს აუცილებლად უნდა შესთავაზოთ ისეთი საკვები, რომლის მირთმევასაც საკუთარი ხელით შეეცდება, აიღებს ხელში, ჩაიდებს პირში და როგორც შეეძლება, ისე მიირთმევს. მშობელმა ბავშვს აუცილებლად უნდა მისცეს ამის ნება, თუმცა ისიც კარგად უნდა იცოდეს, რომ ამ მოქმედებას არავითარი საერთო არ გააჩნია ბავშვის რეალურ გამოკვებასთან, ეს ერთგვარი ვარჯიშია, რომლითაც ბავშვი, შეიძლება ითქვას, რომ ერთობა, თან გამოიმუშავებს გარკვეულ უნარებს. კერძოდ მას უვითარდება წვრილი მოტორიკა, როდესაც ცდილობს თითებით აიღოს რაიმე ნივთი, მიიტანოს და ჩაიდოს პირში. ეს ყოველივე ხელს უწყობს მისი კოორდინაციის განვითარებასაც, ბავშვი ეცნობა ახალ-ახალ გემოებს, ფერებსა და ფორმებს, შედეგად კი აცნობიერებს, რომ იმისათვის, რომ მიიღოს საკვები და ამით სიამოვნება, სულაც არ არის აუცილებელი დედის მასთან ყოფნა, ამის გაკეთება მას დამოუკიდებლადაც შეუძლია. 

ჩვენი რჩევა დედებისთვის იქნება ის, რომ თუ გადაწყვიტეს ბავშვს მისცენ საკუთარი ხელით კვების უფლება, ამისთვის წინასწარ შეემზადონ ფსიქოლოგიურად. პირველ რიგში საკვები მოამზადონ მეტობით, რათა საკუთარი მაგალითით აჩვენონ ბავშვს, როგორ უნდა მიიღონ საკვები. გარდა ამისა, მზად იყავით იმისთვის, რომ საკვების ნაწილი მოხვდება არა ბავშვის პირში, არამედ იატაკზე. ამის თავიდან ასაცილებლად კი დღესდღეობით უამრავი საშუალება არსებობს, ძალიან პრაქტიკული, მაგალითად სილიკონის ჯიბიანი წინსაფრები, სპეციალური ხალიჩები, ისიც სილიკონის, რომ ძირს დავარდნილი საკვები იატაკზე არ აღმოჩნდეს და არ გაიგლისოს. სილიკონის გაწმენდა და გარეცხვა კი ბევრად მარტივი და მოხერხებულია. 

საკვები შეეცადეთ იყოს ბავშვისთვის საინტერესო და მისაღები, როგორც გემოთი, ისე ფერით. მაგალითად მოხარშული კატოფილი, მოხარშული სტაფილო, სხვადასხვა სახის ხილი, მაგრამ ეს უნდა იყოს ისეთი სახის, რბილი, რომ ბავშვმა თავისუფლად შეძლოს მისი დამუშავება ღრძილებით, არ უნდა იყოს ფაფისებური მასა. ფორმა თავდაპირველად უმჯობესია იყოს წაგრძელებული, ჩხირებისებური, რათა მისი ხელში აღება და პირთან მიტანა ადვილი იყოს.

ბავშვის ზრდასა და კოორდინციის გაუმჯობესებასთან ერთად  საკვები მაგრდება, ზომა კი იზრდება. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ საკვებს არ შეჰყვეს ძვალი ან ფხა.
ხელით კვება ისეთი პროცესია, რომელსაც ხელი არ უნდა შეუშალოთ სიმღერებითა და თამაშებით. ამ დროს ბავშვს გართობა არ სჭირდება, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ბავშვი ოთახში მარტო უნდა დატოვოთ. ყურადღება მის მიმართ არ უნდა მოადუნოთ, თუმცა ეს ბავშვისთვის უმჯობესია შეუმჩნეველი იყოს.

სწორედ ამ პერიოდშია მიზანშეწონილია ბავშვისთვის ნიბლერის გამოყენება. ეს გახლავთ ერთგვარი მოწყობილობა, ნეილონის ტომსიკა, რომელსაც აქვს პლასტმასის ხელის მოსაკიდებელი. ტომსიკაში თავსდება საკვები, მაგალითად რბილი ხილის ნაჭერი, პური, ორცხობილა ან სხვა და ბავშვი მას ღრძილებით ამუშავებს. ამ დროს არ არსებობს იმის საშიშროება, რომ ბავშვს საკვების ნაწილი გადასცდება.

კვების პროცესს, როგორც წესი, მოჰყვება ხოლმე ძილი, ხშირ შემთხვევაში, თუმცა არა ყოველთვის. თუ ბავშვს არ ეძინება, ნუ აიძულებთ. ის კარგ ხასიათზე იქნება, მან ჭამით საიმოვნება მიიღო და არ იქნება ჭირვეული, შეგიძლიათ მოათავსოთ საკუთარ საწოლში და მისცეთ საშუალება ითამაშოს, გაერთოს, ცოტა ხანში დაიღლება, მოითენთება და დაეძინება.

კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დეტალია ბავშვის ე.წ. ამობოყინება. ამაში გასაკვირი და უცნაური არაფერია, ეს ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური პროცესია, თუმცა ყურადღება უნდა მიაქციოთ ამ აქტის სიხშირესა და ხარისხს. თუ ბავშვი ძუძუთი იკვებება, ეცადეთ, რომ ერთდროულად დიდი რაოდენობის რძე არ ჩაუვიდეს, აკონტროლეთ რაოდენობა. თუ რძე დედის მკერდიდან ჭარბად მოედინება, უმჯობესია დედამ გამოიწველოს გარკვეული რაოდენობა და ბავშვს მისცეს გამოწოვის საშუალება, ასე ის ბევრად მარტივად შეჭამს და მონელების პროცესიც უკეთესად წარიმართება. თუ ხელოვნურ კვებაზე გყავთ ბავშვი, მაშინ ჭამის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ პირველ რიგში საწოვარა იყოს ბოლომდე სავსე, რათა ჰაერი არ შევიდეს და ბავშვმა ჭამოს მშვიდ გარემოში, დამშვიდებულ მდგომარეობაში. ატირებულ ბავშვს საკვები არასდროს მისცეთ, ამ დროს ის საკვებთან ერთად ჰაერსაც ყლაპავს, რაც შემდგომში მონელების დროს აუცილებლად შეუქმნის დისკომფორტს. 

ჭამის შემდეგ 15-20 წუთის განმავლობაში ბავშვი უმჯობესია ვერტიკალურ მდგომარეობაში გყავდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩააწვინოთ საწოლში.
თუ შეატყობთ, რომ ბავშვი ე.წ. ამობოყინების შემდეგ განიცდის დისკომფორტს, ტირის და ვერ იძინებს, ან ეს პროცესი ხშირად მეორდება, ან თან ახლავს ხველა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

 

წყარო: ევგენი კომაროვსკი, წიგნი „ბავშვის სიცოცხლის პირველი წელი“