თქვენ, რა თქმა უნდა, გაღელვებთ თქვენი პატარას ზრდის ტემპი და ხშირად ფიქრობთ, იზრდება თუ არა ის საკმარისად სწრაფად. თუ ნერვიულობთ, რომ თქვენი ახალშობილი ძალიან ცოტას იწონის, გახსოვდეთ: ახალშობილებისთვის ნორმალურია დაბადების წონის 3-7%-ის (10%-მდე) პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში დაკარგვა. მეორე კვირის ბოლომდე ისინი ამ წონას აღიდგენენ.
სანამ 6 თვეს მიაღწევს, ბავშვი თვეში 450 გრ-ს უნდა იმატებდეს. პირველი წლის ბოლოს კი უნდა იწონიდეს დაბადების წონაზე სამჯერ უფრო მეტს.
დაიმახსოვრეთ, რომ ეს რიცხვები მიახლოებითია. შეიძლება სრულიად ჯანმრთელ ბავშვს წონის სხვაგვარი ნამატი ჰქონდეს, რაც ზრდის ინდივიდუალურ ტემპზე, დაბადების წონაზე და სხვა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.
თუ პედიატრმა ბავშვის წონის ნელი მატების ყველა სამედიცინო მიზეზი გამორიცხა (როგორიცაა გულის ან კუჭ-ნაწლავის პრობლემები), სანერვიულოც არაფერია. წონაში ხელშეწყობისთვის შეგიძლიათ ბავშვს კალორიულად დატვირთული, ნოყიერი კვების რაციონი შეურჩიოთ.
ჩვენ შემოგთავაზებთ 7 საუკეთესო პროდუქტს, რომელიც თქვენს პატარას წონის მომატებაში დაეხმარება. ისინი დაჯგუფებულია წლოვანების მიხედვით.
1.დედის რძე ან ხელოვნური საკვები - ხშირად და საკმარისი რაოდენობით.
ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებს პირველი 4 თვის განმავლობაში ყოველ 2-3 საათში ერთხელ, ანუ დღეში 8-12-ჯერ ან მეტჯერ სჭირდებათ კვება.
დარწმუნდით, რომ თქვენი სარძევე ჯირკვალი ბოლომდე იცლება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან რძის ბოლო პორცია უფრო ნოყიერია, ვიდრე წინა პორციები. აცადეთ ბავშვს იკვებოს მანამ, სანამ მკერდი დარბილდება. ეს თქვენს ორგანიზმს მისცემს სიგნალს, რომ მეტი რძის პროდუქციაა საჭირო. შეგიძლიათ მიიღოთ პროდუქტები, რომლებიც გაგიზრდით რძის პროდუქციას. არ ატაროთ მჭიდრო ზედატანი ან ბიუსტჰალტერი. სანამ თქვენი ბავშვი მყარი საკვების მიღებას არ დაიწყებს, მას ცალკე წყლის მიღება არ სჭირდება. წყურვილის მოსაკლავადაც რძე უნდა მისცეთ, რომ მაქსიმალურად ბევრი კალორია მიიღოს. ხელოვნური საკვების არჩევისას დაეკითხეთ პედიატრს.6-9 თვის ასაკი 6 თვის თავზე ბავშვების უმეტესობა უკვე მზად არის მყარი საკვების მისაღებად.
სანამ პატარას მყარ საკვებს შესთავაზებთ, აიღეთ ნებართვა პედიატრისგან.
2. ავოკადო
ავოკადო შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს და შედარებით ნეიტრალური გემო აქვს, ამიტომ პატარებისთვის წონის მოსამატებლად ხელსაყრელი პროდუქტია.
მოამზადეთ მისი პიურე ან დაჭერით პატარა ნაჭრებად. გახსოვდეთ, რომ უმჯობესია ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი ახალი პროდუქტი მისცეთ ბავშვს. თუ მას ალერგიული რეაქცია ექნება, გეცოდინებათ რაზე აქვს ალერგია.
3. შვრია
მოხარშეთ შვრია წყალში, სანამ სუპის კონსისტენციას მიიღებს. უფრო ნოყიერი რომ გამოვიდეს, შეგიძლიათ დედის რძე ან ხელოვნური საკვები დაუმატოთ. შვრია შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს და ბეტა გლუკინს, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიული ფლორის ზრდას. შვრიას ნეიტრალური გემო აქვს, რაც აადვილეს მის სხვა ნოყიერ საკვებთან კომბინაციას. მაგალითად, შეგიძლიათ დაუმატოთ მას ერთი კოვზი ხილფაფა.
4. მიწის თხილის კარაქი
მიწის თხილის კარაქი დახუნძლულია ცილებითა და ცხიმებით. ორივე მათგანი სასარგებლოა წონაში მატებისთვის. გახსოვდეთ, რომ მიწის თხილი 8 ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგენიდან ერთ-ერთია. თუმცა, ამ ალერგიული პროდუქტების აკრძალვა საჭირო არ არის. პოტენციურად ალერგიული პროდუქტი ბავშვს უნდა მისცეთ თითო ჯერზე თითო და მათ შორის ინტერვალი უნდა იყოს სულ მცირე 1 კვირა. დააკვირდით ალერგიის ნიშნებს: გამონაყარს, სიწითლეს პირის ირგვლივ, სუნთქვის გაძნელებას. თუ თქვენს შვილს ალერგიისკენ მიდრეკილება აქვს, ალერგიული პროდუქტის მიცემამდე შეუთანხმდით პედიატრს. მან შეიძლება ალერგიული სინჯის გაკეთება ჩათვალოს საჭიროდ. უკეთესია, თუ მიწის თხილის კარაქს შეურევთ თბილ წყალს, ვაშლის წვენს, დედის რძეს, ხელოვნურ საკვებს ან იოგურტს. ასევე, შეგიძლიათ ის დაამატოთ შვრიაში.
8 ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგენი:
• ძროხის რძე
• კვერცხი
• თევზი
• კრევეტები
• ხორბალი
• სოიო
• მიწის თხილი
• თხილი
5. კვერცხი
კვერცხი სასარგებლოა როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ჩვილი ბავშვებისთვისაც. ის შეიცავს ცხიმებისა და ცილების ჯანსაღ კომბინაციას, მოსამზადებლადაც იოლია და გადასამუშავებლადაც.
როცა ბავშვი ამ პროდუქტს შეეჩვევა, შეგიძლიათ ათქვიფოთ და დაუმატოთ მას ყველი და ბოსტნეული.
6. თევზი
თევზი შეიცავს ჯანსაღ ცილებს და ცხიმებს, რომლებიც აუცილებელია პატარას ზრდისთვის. მათ შორის ყველაზე სასარგებლო ორაგული და კალმახია.
ისინი შეიცავს ტვინის კვებისთვის აუცილებელ ნივთიერებებს: დეკოზაჰექსონურ მჟავას და ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ როცა ბავშვი 12 თვეს მიაღწევს, მისი მადა და დღეში მიღებული საკვების ოდენობა შეიძლება შემცირდეს.
ამის მიზეზი ისაა, რომ ზრდის ტემპი მცირდება. ბავშვები პირველიდან მეორე დაბადების დღემდე მხოლოდ 2-3 კილოს იმატებენ.
ამიტომ არ ინერვიულოთ, თუ ის წინანდელზე ცოტა ნაკლებს მიირთმევს. თუ პატარას თამაშისთვის საკმარისი ენერგია აქვს და აქტიურია, სანერვიულოც არაფერია.
7. ზეითუნის ან ავოკადოს ზეთი
თქვენს პატარას სჭირდება ჯანსაღი ცხიმების დიდი რაოდენობა. მისი კვების რაციონის 30-40%-ს ცხიმები უნდა შეადგენდეს. ბავშვმა დღეში დაახლოებით 1000-1400 კალორია უნდა მიიღოს. აქედან, 30-50 გრამი ცხიმი. თქვენ შეგიძლიათ ზეითუნის ან ავოკადოს ზეთი, დაახლოებით 1/4-1/2 სუფრის კოვზი (4-7მლ), ჩაამატოთ ბავშვის საკვებში, სუპში ან ფაფაში. თუმცა, ფრთხილად იყავით, ძალიან ბევრი ზეთის მიღებამ შეიძლება კუჭის გაღიზიანება ან დიარეა გამოიწვიოს.
უნდა იდარდოთ თუ არა თქვენი შვილის წონაზე?
თუ თქვენს შვილს აქვს ენერგია თამაშისთვის და განვითარების მხრივ არა აქვს ჩამორჩენა, სანერვიულოც არაფერია. თუ პედიატრმა არ გითხრათ, რომ წონაში მომატება აუცილებელია, შეგიძლიათ საერთოდ არ იდარდოთ ამაზე. თუ თქვენი პატარა ლეთარგიულია, უარს ამბობს საკვების მიღებაზე, ან ჩამორჩება განვითარებაში, გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან.
წყარო: healthline.com
სტატიაში მოცემული ინფორმაცია, ზოგადი და ინფორმატიული ხასიათისაა. დეტალური ინფორმაციისთვი კონსულტაცია გაიარეთ პირად ექიმთან.