როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვი საკვებს იატაკზე ყრის

21-04-2022

ეს უნივერსალური პრობლემაა. 6 თვის ბავშვი საკვებს გრავიტაციის შესამოწმებლად ყრის. 9 თვის ბავშვი ერთ ლუკმას იღებს და დანარჩენს აგდებს. 12 თვის ბავშვი საჭმელს მაგიდაზე აგდებს, რათა ნახოს, რა მოხდება - გაგორდება? და, რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა პატარა საჭმელს აგდებს მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენი რეაქცია ნახოს.
საჭმლის დაყრასთან დაკავშირებით თქვენთვის კარგი და ცუდი ამბავი გვაქვს. 
ცუდი ამბავი: ეს კიდევ დიდხანს და ბევრჯერ მოხდება, ამიტომ მოემზადეთ. 
კარგი ამბავი: თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ საკვების გადაყრა თქვენი შვილის სწორი აღზრდით და თქვენი რეაქციების კონტროლით. 

 

ჩვილი ბავშვები, რომლებიც იატაკზე ყრიან საკვებს (6-დან 11 თვემდე) 
ნებისმიერი ქცევის მსგავსად, რომლის შეცვლაც გსურთ, მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რატომ იქცევა თქვენი შვილი ასე. 
ჩვილების უმრავლესობისთვის საკვების გადაყრის სურვილი ახალი მოვლენების შესწავლასთანაა დაკავშირებული. ამ ასაკში ისინი პატარა მეცნიერები არიან. ბევრი რამ არის აღმოსაჩენი, შესამოწმებელი და შესასწავლი. ზოგმა ბავშვმა შეიძლება ჩამოაგდოს ან გადააგდოს საკვები გემოვნების ან ჭამაში გაურკვევლობის გამო. მიზეზი რაც შეიძლება ზუსტად უნდა დაადგინოთ. ის უკვე დანაყრდა? დაიღალა? საკვები არ მოსწონს? მოწყენილია? აინტერესებს, როგორ იგრძნობა საკვები მის ხელებზე? გაარკვიეთ, რატომ და შემდეგ გადადით პრობლემის მოგვარებაზე. მოდით გამოვიკვლიოთ ორი ხშირი მიზეზი, რატომაც ყრიან ბავშვები საკვებს.

ხშირი მიზეზი No. 1: არ შია. 
ბავშვებს მოტივაცია არ აქვთ, რომ საკვები პირთან მიიტანონ, თუ ისინი არ არიან საკმარისად მშიერი. გამოიკვლიეთ, რატომ არ არის მშიერი თქვენი პატარა ჭამის დროს. შეიძლება მისი ასაკისთვის ძალიან ბევრ დედის რძეს ან ხელოვნურ საკვებს იღებს, ან  ძალიან ხშირად ჭამს.  ყურადღებით დააკვირდით მის კვების განრიგს და შეცვალეთ ის საჭიროებისამებრ, რათა კვების დროს მოტივაცია ჰქონდეს. ასევე არ უნდა იყოს ძალიან მშიერი, რათა მყარი საკვების მიღებისთვის მოთმინება ეყოს. კარგი პრაქტიკაა, რომ ბოთლით ან ძუძუთი კვება მყარ საკვებამდე, მივიჩნიოთ, როგორც მადის აღმძვრელი - შეამცირეთ ძუძუთი კვების დრო და ხელოვნური საკვების პორცია - და შემდეგ ბავშვს რძე მიართვით, როგორც დესერტი. 

ხშირი მიზეზი No. 2: უჭირს საკვების ხელში აღება, დაჭერა ან დაღეჭვა.
ჩვილები ხანდახან ისვრიან საკვებს, რომლის აღება, დაჭერა ან დაღეჭვა რთულია. გამოიკვლიეთ საკვების ზომა და ფორმა. ნაჭრები ძალიან პატარაა იმისთვის, რომ თქვენმა პატარამ წარმატებით აიღოს და პირამდე მიიტანოს? ზოგიერთ ბავშვს გამოწვევები ინტერესს უღვივებს, ზოგმა კი შეიძლება სწრაფად დაკარგოს ინტერესი და იმედგაცრუებისგან საკვები იატაკზე გადააგდოს. იმ ბავშვებსაც კი, რომლებსაც უყვართ გამოწვევა, შეიძლება ჰქონდეთ დღეები, როდესაც არ ჰყოფნით მოთმინება და გამძლეობა. გაარკვიეთ, როდის კარგავს ბავშვი საკვების მიმართ ინტერესს და შეეცადეთ შეცვალოთ მისი ფორმა, რათა თავიდან აიცილოთ საკვების სროლის ჩვევა. 

როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი საკვებს ყრის? 
პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია, რომ ბავშვს მყარ საკვებზე გადასვლის პოზიტიური გამოცდილება შეუქმნათ. შეეცადეთ გათავისუფლდეთ შფოთვისგან იმის შესახებ, შეჭამს თუ არა ბავშვი თქვენ მიერ შეთავაზებულ საკვებს და მშვიდი თავდაჯერებულობით მიუდექით ისეთ ქცევებს, როგორიცაა საკვების სროლა. ბავშვს შეიძლება განუვითარდეს არასწორი კვების ჩვევები ან უარი თქვას თავის სავარძელში ჯდომაზე, თუ ის იგრძნობს საყვედურს, კონტროლს ან ზეწოლას ჭამის დროს.
1. არ გქონდეთ რეაქცია
დატოვეთ საკვები იატაკზე ერთი წუთის განმავლობაში. აცადეთ თქვენს პატარას გააცნობიეროს, რომ როდესაც  საკვებს გადააგდებს, ის მისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის (მიზეზი და შედეგი). ერთი წუთის შემდეგ, ემოციების გარეშე თქვით: „საჭმელი იატაკზეა? ასე ხდება, როცა საკვებს იატაკზე ვყრით. მოდი, ავიღოთ. საჭმელი მაგიდაზე უნდა იყოს.”
2. ჩაანაცვლეთ საკვები მაქსიმუმ ორჯერ ან სამჯერ
აიღეთ საკვები და დაუდეთ ბავშვს ახალი ულუფა. სიტყვიერად შეახსენეთ მას მშვიდი და სასიამოვნო ხმით, რომ საჭმელი მაგიდაზე უნდა დარჩეს. ჩაანაცვლეთ გადაგდებული საკვები ორჯერ ან სამჯერ. ამის უფრო მეტჯერ გაკეთებამ შეიძლება აიძულოს ბავშვი მიირთვას სურვილის არქონის მიუხედავად, ან ეს თამაშად აღიქვას. ისევ და ისევ იფიქრეთ ბავშვის ქცევის მიზეზზე. თუ ბავშვი დაღლილი ჩანს, ესე იგი კვების დასრულების დროა და შეგიძლიათ უთხრათ: „როგორც ჩანს, ჭამა დაასრულე. შემდეგ ჯერზე შეგიძლია დამიძახო და მითხრა, რომ მეტი აღარ გინდა, იმის ნაცვლად, რომ საკვები გადააგდო”.
3. აჩვენეთ და ასწავლეთ
ზოგიერთ ბავშვს სწორი ქცევის დემონსტრირება სჭირდება. დადექით თქვენი შვილის გვერდით და ნაზად „დაიჭირეთ“ მისი მკლავი, როცა ის საკვების გადაყრას დააპირებს. შეიტანეთ მისი კუნთების მეხსიერებაში სწორი ქცევის პატერნი. მშვიდად გაუმეორეთ, რომ საკვები მაგიდაზე უნდა იყოს, რათა დაეხმაროთ თქვენს პატარას შინაარსების დაკავშირებაში. 

ბავშვები, რომლებიც იატაკზე ყრიან საკვებს (12-დან 24 თვემდე) 
ამ ასაკში პატარებს უყვართ საზღვრების შემოწმება. მათი ტვინი მზად არის ამ გზით ისწავლოს! საკვების გადაგდება ხშირად უკვე წინასწარგანზრახული ქმედებაა. 
ახლა დროა დააწესოთ ლიმიტები და დაიწყოთ ბავშვის აღზრდა. თქვენი პატარას ამოცანაა საზღვრების შემოწმება. თქვენი ამოცანაა იყოთ თანმიმდევრული და მშვიდი. აუცილებლად უნდა გახსოვდეთ შემდეგი რამ: არ მიიყვანოთ საკუთარი თავი სიბრაზის და იმედგაცრუების იმ დონემდე, როდესაც  შეიძლება იყვიროთ ან უკიდურესად გაღიზიანდეთ. ყოველთვის დააწესეთ თქვენი საზღვრები და წესები. მაგალითად, თუ შეგიძლიათ მშვიდად უთხრათ თქვენს პატარას, რომ საკვები მაგიდაზე უნდა დარჩეს, მაგრამ ამის მესამედ თქმისას უკვე გაღიზიანებას გრძნობთ, უბრალოდ შეიმუშავეთ მოქმედების გეგმა, რომლის დროსაც ამ ფრაზის მხოლოდ ერთხელ გამეორება მოგიწევთ.

ამ ასაკში ბავშვი საკვებს იატაკზე სამი ძირითადი მიზეზის გამო ყრის: 
1. საკვები არ მოსწონს
თუ თქვენს პატარას არ მოსწონს საკვები, ასწავლეთ მას, რომ საკვები თეფშის გვერდზე გადაიტანოს. თუ მას უჭირს ამის სწავლა, გაუმარტივეთ ამოცანა ე.წ. „ნაგვის“ თეფშის შექმნით - დადეთ მაგიდაზე თეფში, სადაც არასასურველი საკვები უნდა გადადოს. სასურველია ამ თეფშის ფერი ან ფორმა განსხვავებული იყოს.
რაც არ უნდა მოხდეს, არ იყვიროთ, არ დაკარგოთ მოთმინება და არ გაკიცხოთ თქვენი შვილი. ამით შეიძლება ბავშვს შეექმნას ნეგატიური გამოცდილება საკვების მიმართ ან დაიწყოს საკვების გამოყენება თქვენს გასაკონტროლებლად. დააწესეთ მკაფიო საზღვრები და დაიცავით ისინი. ეს შეიძლება იყოს ერთი სიტყვიერი გაფრთხილება: „საჭმელი უნდა დარჩეს მაგიდაზე. თუ არ გინდა, შეგიძლია ის ჯამში დააბრუნო. თუ საჭმელს ისევ გადაყრი, შენი კვება დასრულდება“. შემდეგ, თუ ბავშვი ისევ გადაყრის საჭმელს, მშვიდად და თავდაჯერებულად თქვით: „ესე იგი ჭამა დაასრულე. მოდი, ავალაგოთ“. გახსოვდეთ, იყავით თანმიმდევრული. არ გასცეთ ორზე  მეტი გაფრთხილება თუ იტყვით, რომ შემდეგ ჯერზე კვება დასრულდება.   
შენიშვნა: პატარები ძალიან სწრაფად სწავლობენ, რომ საკვების გადაყრამ შეიძლება დაასრულოს კვება. თუ თქვენ მას ხემმს შესთავაზებთ 15 წუთის შემდეგ, მან შეიძლება ეს სტრატეგია გამოიყენოს კვების სწრაფად დასასრულებლად. ამ ქცევის თავიდან ასაცილებლად მოიცადეთ კვების დასრულებიდან მინიმუმ 90 წუთი, სანამ კიდევ შესთავაზებთ განსხვავებულ საკვებს.
2. დანაყრებული და მოწყენილია 
თუ ბავშვი დანაყრებული ან მოწყენილია, ის თამაშს მოინდომებს. და თუ საჭმელი ერთადერთია, რითაც იმ მომენტში შეუძლია ითამაშოს, ის ასეც მოიქცევა. ამ შემთხვევაში ჰკითხეთ მას: „დაასრულე? დანაყრდი? „ და აიღეთ კერძი მაგიდიდან ღიმილით. ისევ და ისევ, არ დაკარგოთ მოთმინება და არ გაკიცხოთ ბავშვი. ასე თქვენ დაეხმარებით მას ისწავლოს დანაყრების სიტყვიერად გადმოცემა და არა საკვების იატაკზე გადაგდებით. 
3. აინტერესებს როგორი იქნება თქვენი რეაქცია
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი გცდით, არ უნდა დანებდეთ. თავი მოაჩვენეთ თითქოს ამ ყველაფრის მიმართ გულგრილი ხართ. ასწავლეთ მას სიტყვიერად, რომ საკვები არის საჭმელად და არა სათამაშოდ და ჰკითხეთ დაასრულა თუ არა კვება. მიეცით ერთიდან სამ შანსამდე, რომ შეწყვიტოს საკვების გადაყრა და დაუბრუნდეს კვებას. არ გირჩევთ სამზე მეტი შანსის მიცემას. 
მთავარია იდგეთ მტკიცედ. შეეცადეთ არ გქონდეთ ძალიან დრამატული რეაქცია (თქვენი შვილისთვის ეს მხოლოდ სასაცილო იქნება და მოუნდება, რომ ისევ განმეორდეს!). იყავით თანმიმდევრული და დაიცავით თქვენი სახლისა და სუფრის წესები. 
დაიმახსოვრეთ: თუ კვება დასრულებული არ არის, არ ეთამაშოთ ბავშვს საკვების გადაყრის შემდეგ, ყურადღების გადასატანად. ეს ასწავლის პატარას, რომ საჭმლის გადაყრას მშობელთან თამაში მოჰყვება. 

წყარო: solidstarts.com