თქვენს შვილს ცუდი მადა აქვს?

19-09-2021

მოდით, თავიდან ცოტა თეორიით დავიწყოთ.  მადა გახლავთ ჭამის სურვილი. სურვილი არის ნორმალური, ფიზიოლოგიური მოვლენა. მადის ფიზიოლოგია მდგომარეობს იმაში, რომ ორგანიზმს გააჩნია ჭამის მოთხოვნილება, თავად კი მზად არის ეს საჭმელი გადაამუშავოს და შეირგოს.ჭამის მადის ორი მხარე ყველასთვის გასაგები და ნაცნობია. პირველი, რომ მადა არის აბსოლუტურად ბუნებრივი მოთხოვნილება, ანუ ჭამის სურვილი იმავდროულად არსებობის, სიცოცხლის სურვილს ნიშნავს. მეორე შემთხვევაში მადა არის შერჩევითი, როდესაც ის არის დაკავშირებული ჭამის პროცესისგან სიამოვნების მიღებასთან, გემოებით ტკბობასთან. 
ყველა ზრდასრული ადამიანი საკუთარი მაგალითით ალბათ ხვდება, რომ ეს ორი სახის მადა მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, რაც უფრო ძლიერია ბუნებრივი მადა, მით ფართოა შერჩევითი მადა. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შიმშილი, როგორც ჭამის მადის უკიდურესი გამოვლინება, ნებისმიერ საკვებს სიამოვნების წყაროდ აქცევს. 
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესმა შეცვალა ადამიანის და ჭამის ურთიერთდამოკიდებულება. წესად იქცა, რომ ადამიანები ჭამენ არა მაშინ, როდესაც ორგანიზმს ამის მოთხვნილება აქვს, არამედ მაშინ, როდესაც სცალიათ, როდესაც ამის დროა და ა.შ. ადამიანები შეგნებულად გამოყოფენ ჭამის საათებს და ამ საათებს უწოდებენ საუზმეს, სადილს და ვახშმას, ამ გამოგონილ გრაფიკს კი - დღის რეჟიმს. ითვლება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეჟიმის დაცვა და საათების მიხედვით კვება. გარდა ამისა, ჩვენი მაცივრები სავსეა ისეთი პროდუქტით, რომელსაც, როგორც წესი, არ გააჩნია არავითარი ფასეული ღირებულება ორგანიზმისთვის და უბრალოდ გემრიელია.
ასე ვზრდით ზრდასრულები შვილებს და თუ ბავშვი საკვების მიღებაზე უარს აცხადებს განვიცდით, ვნერვიულობთ და მიგვყავს ექიმთან. 
მშობელს კარგად უნდა ესმოდეს და ლოგიკურად მიდიოდეს დასკვნამდე, რომ თუ ბავშვი უარს აცხადებს საკვებზე, ეს ნიშნავს იმას, რომ მას არ შია, ანუ ჭამის დრო ჯერ არ მოსულა, ანუ მის ორგანიზმს იმ კონკრეტულ მომენტში საკვები არ სჭირდება და ეს საგანგაშო არ არის, უბრალოდ უნდა აღიჭურვოთ მოთმინებით და დელოდოთ, როდის იგრძნობს ბავშვი შიმშილს. საამისოდ კი საკმარისია მშობელმა, მაგალითად საუზმე, რომელზეც ბავშვმა უარი თქვა, სადილამდე არაფრით ჩაანაცვლოს და მისცეს ბავშვს დრო, მოშივდეს. 
ეს გახლავთ ე.წ. კონფლიქტი ჯანსაღ აზრსა და მშობლის ინსტინქტს შორის, თუმცა გირჩეთ მიჰყვეთ საღ აზრს და ისე იმოქმდოთ, ეს თქვენთვისაც კარგი იქნება და ბავშვის ჯანმრთელობისთვისაც. ჩვენ კი შევეცდებით დაგეხმაროთ და შემოგთავაზოთ რჩევები, როგორ შეიძლება დაეხმაროთ პირველ რიგში საკუთარ თავს და შემდეგ ბავშვს იმაში, რომ ჭამის პროცესი იყოს სასარგებლო და არა მხოლოდ სასიამოვნო.

მაშ ასე, 10 სასარგებლო რჩევა მშობლებისთვის:
1. მინიმუმამდე დაიყვანეთ საუბრები ჭამის აუცილებლობის შესახებ, ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საუბარი იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელოვანია სუნთქვა.
2. არასდროს აგრძნობინოთ ბაშვს, რომ მისი კვების პროცესი თქვენთვის მნიშნელოვანია და ღელავთ იმის გამო, გააღებს პირს საჭმელად თუ არა.
3. არასდროს დააძალოთ ბავშვს ჭამა, რადგან თუ მას არ აქვს ჭამის მადა, ეს ნიშნავს იმას, რომ მისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი არ არის მზად საჭმლის მოსანელებლად.
4. თუ ატყობთ, რომ ბავშვმა დაკარგა ინტერესი ჭამის პროცესის მიმართ, არ აღებს პირს, არ ყლაპავს პირში დაგუბებულ საჭმელს, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა გაიღიმოთ და შეწყვიტოთ ჭამის პროცესი.
5. წესად აქციეთ, არ მისცეთ ბავშვს არანაირი საკვები ულუფებს შორის, მაგალითად სადილსა და ვახშამს შორის, საუზმესა და სადილს შორის, მიეცით დრო, რომ მოშივდეს. 
6. დემოკრატიობანას თამაში სასარგებლოა მხოლოდ საკვების მომზადების პროცესში, როდესაც ეკითხებით ბავშვს, წიწიბურას ფაფა ურჩევნია, ბრინჯის თუ შვრიის. როდესაც ის აკეთებს არჩევანს, მოუმზადებთ ფაფას და შემდეგ გამოაცხადებს, რომ გადაიფიქრა და შვრია კი არ უნდა, არამედ ბრინჯი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაუნაცვლოთ ულუფა. ამის გაკეთება კატეგორიულდ არ ღირს.
7. პორციების შემცირება, მაგალითად ნაკლები წვნიანი და მეტი ინტერვალი ასევე ძალიან კარგი საშუალებაა ბავშვის მოსაშიებლად.
8. მადის გაფუჭების ყველაზე მარტივი გზა არის ტკბილეული, არ გააკაროთ ბავშვი ტკბილეულს კვებებს შორის. 
9. მოძრაობა და ცხოვრების აქტიური წესი პირდაპირ არის დაკავშირებული ბავშვის მადასთან. ბავშვმა უნდა დახარჯოს გარკვეული ენერგია, რათა მისმა ორგანიზმმა მოისურვოს ამ ენერგიის აღდგენა. თბილ ოთახში, დივანზე წამოწოლილი გაჯეტით ხელში ამას ვერ გააკეთებს და მას მადა, რა თქმა უნდა, არ ექნება.  ხშირად უსარგებლო პროდუქტი ამ დროს კიდევ უფრო აქტუალური ხდება და შედეგად ვიღებთ სერიოზულ პრობლემებს ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მაგალითად დიაბეტს და ა.შ.
10. და ბოლოს, მშობელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ბავშვი უარს აცხადებს საკვების მიღებაზე არა იმის გამო, რომ უბრალოდ ვერ ჭამს. უნდა იცოდეთ, რომ თქვენი შვილი არ ჭამს, განა ვერ ჭამს. ვერჭამა დაკავშირებულია პრობლემასთან, ვერ ჭამს იმის გამო, რომ შესაძლოა გრძნობდეს დისკომფორტს ღეჭვის დროს, ყლაპვის დროს, მუცლის ღრუში და ა.შ. თუ ეს შენიშნეთ, არ იცადოთ ბევრი, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. 

წყარო: komarovskiy.net