როგორ ვუმკურნალოთ მშობიარობის შემდგომ ჰემოროიდებს?

25-08-2021

ჰემოროიდები ეწოდება ანუსის მიდამოში განლაგებული ვენების შეშუპებას. ბევრი ქალი ცხოვრებაში პირველად ამ პრობლემას ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდეგ აწყდება. ეს ზედმეტი დისკომფორტია ახალბედა დედისთვის. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ სიმპტომებთან გამკლავების რამდენიმე გზას. 

რა იწვევს მშობიარობის შემდგომი ჰემოროიდების წარმოქმნას?
ჰემოროიდები ხშირად ორსულობის მესამე ტრიმესტრიდან ჩნდება და  მშობიარობის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში გრძელდება. ბევრ ქალს ყაბზობაც აწუხებს.
ჰემოროიდების გაჩენას იწვევს სწორი ნაწლავის და ანუსის ვენებზე ზეწოლა. ვენებს აქვს სარქველი, რომელიც ხელს უწყობს სისხლის გულამდე მიდინებას. მაგრამ ზეწოლის გამო ეს სარქვლები სუსტდება და სისხლი ვენებში გუბდება, რაც მათ შეშუპებას იწვევს. ეს მდგომარეობა ვარიკოზული ვენების მსგავსია.
ორსულ ქალებს საკუთარ წონაზე ნაყოფის წონაც ემატებათ. ეს კიდევ უფრო ართულებს მენჯის ღრუს ვენებიდან სისხლის გამოდინებას.
ბევრ ორსულ ქალს აწუხებს ყაბზობა, ანუ მდგომარეობა, როდესაც  ნაწლავთა მოქმედება არის კვირაში 3-ზე ნაკლები. ამის გამომწვევი შეიძლება იყოს:
•    ჰორმონალური ცვლილებები ახდენს გავლენას საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
•    კვების ჩვევები და რაციონი იცვლება ორსულობისას.
•    ორსულები ნაკლებად  მოძრაობენ.
•    ორსულები იღებენ რკინის დანამატებს, რკინის მოჭარბებული რაოდენობა კი ხელს უწყობს ყაბზობას.
•    ნაყოფი იზრდება, აწვება დედის ნაწლავებს და სხვა ორგანოებს.
ყაბზობა ასევე ხშირია მშობიარობის შემდეგ. ეს შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მიზეზთა კომბინაციამ, ჰორმონების ცვლილებამ, ტკივილგამაყუჩებელმა საშუალებებმა, დეჰიდრატაციამ.
ჰემოროიდები შეიძლება გაუარესდეს დაძაბულობით და ყაბზობით. თუ ორსულობისას გაქვთ ჰემოროიდები, მშობიარობის შემდეგ მდგომარეობა, სავარაუდოდ, გაუარესდება.
სიმპტომები
ჰემოროიდები შეიძლება იყოს შინაგანი, როდესაც ისინი განლაგებულია სწორ ნაწლავში, ან გარეგანი - ანუსის ირგვლივ.
 სიმპტომებია:
•    ტკივილი ანუსის მიდამოში
•    ქავილი ანუსის მიდამოში
•    სისხლდენა დეფეკაციის დროს
•    მგრძნობიარე კვანძები ანუსის ირგვლივ

როგორ მოვიქცეთ სიმპტომების შესამსუბუქებლად?
არსებობს რამდენიმე ხერხი:

უჯრედისით მდიდარი საკვების მიღება. ეს ხელს უწყობს ფეკალური მასების დარბილებას და აადვილებს დეფეკაციას. უჯრედისით მდიდარი პროდუქტებია: ბოსტნეული, ბროკოლი, მწვანე ბარდა, ხილი - ატამი და ვაშლი, მარცვლეული, როგორიცაა ლობიო, გადაუმუშავებელი ბურღულეული, შვრია, პური.
სვით დიდი რაოდენობით წყალი. თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზე გყავთ, დღეში სულ მცირე 8 ჭიქა უნდა დალიოთ. ბავშვის გამოკვების შემდეგ ყოველთვის დალიეთ ერთი ჭიქა წყალი. 
არ იჯდეთ დიდხანს. ძალიან დიდხანს ჯდომა ზრდის ზეწოლას ანუსის მიდამოს ვენებზე. დაწექით ჯდომის მაგივრად, როცა ამის საშუალება გექნებათ. მაგალითად, ძუძუთი კვების დროს.
გამოიყენეთ ბალიში. როცა გიწევთ დაჯდომა, დაჯექით ბალიშზე.
ივარჯიშეთ. შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი ივარჯიშოთ, თუნდაც მხოლოდ სეირნობისას. ვარჯიშს შეუძლია მოახდინოს ყაბზობის პრევენცია. რაიმე სავარჯიშო პროგრამის დაწყებამდე აიღეთ ნებართვა ექიმისგან.
სცადეთ ყინული. დაიდეთ ყინულის პაკეტი 20-30 წუთით, დღეში რამდენიმეჯერ. ყინულის პაკეტი გაახვიეთ ქსოვილში. არ დაიდოთ პირდაპირ შიშველ კანზე. 
ჩაიტარეთ თბილი წყლის აბაზანები. გაავსეთ აბაზანა თბილი წყლით (ან ცხელით) და იწექით 15 წუთით, დღეში რამდენჯერმე. ეს ჰემოროიდების ზომაში შემცირებას უწყობს ხელს.
უმეტეს შემთხვევაში, მშობიარობის შემდგომი ჰემოროიდები რამდენიმე დღეში ან კვირაში უმჯობესდება. თუ ძალიან დიდხანს გაგრძელდა ეს პრობლემა, დაუკავშირდით ექიმს.

 

წყარო: www.webmd.com

სტატიაში მოცემული ინფორმაცია, ზოგადი და ინფორმატიული ხასიათისაა. დეტალური ინფორმაციისთვი კონსულტაცია გაიარეთ პირად ექიმთან.