„რატომ ატირებ?“ „ხელში არ მიაჩვიო“, „ფეხზე ჩააცვი, გაცივდება“... - ახალბედა დედის ტვირთი, მუდმივი მითითებები და... საბანში გახვეული ქმარი

23-10-2021

გამარჯობა. მე ახალბედა დედა ვარ, ცოტა დაბნეული, უძინარი, დაღლილი და შეიძლება, დეპრესიულიც კი. რატომღაც არ მიხარია დილით 5 საათზე გაღვიძება და ატირებული ბავშვის დამშვიდება, დილამდე ხელში ჭერა, საბანში გახვეული ქმარი და ოცნება დილის ყავაზე.  წვალება ძუძუთი კვებაზე და ინტერნეტში გადაქექილი ათობით სტატია სწორ მოჭიდებასა და ძუძუთი კვების სასწაულზე... ამავდროულად უფროსი თაობის მონოლოგები, რომ ჩემი რძე სწყენს, რომ დიეტაზე უნდა ვიყო, რომ რძე უნდა შევამოწმო ლაბორატორიაში, რომ „მე არ მეხმარებოდნენ, მე არ მქონდა სარეცხის მანქანა, მე ყველაფერს ვასწრებდი“... სიმღერასავით ჩაესმის წნევისგან დაგუბებულ ყურებს. არ მიხარია ჩემი გათანგული თავის ყურება სარკეში, ყოველდღიური ლუქი „თმა ცხენის კუდივით აწეული და პიჟამოები“. დაღლილი ვარ, ვნერვიულობ, ჩემს თავს ვადანაშაულებ რომ არ ვარ კარგი დედა. მე ხომ არ მიხარია უძილობა? ვწუწუნებ არასწორი მოჭიდების შედეგად დახეთქილ ძუძუს თავებზე და ყოველი კვება ძალიან ძალიან მტკივა. ხანდახან მინდა, მეც ჩემი ქმარივით გავეხვიო ორსაწოლიან დიდ საბანში და მთელი დღე ვიძინო.  „ნერვიულია?“ „რატომ ატირებ?“ „ხელში არ მიაჩვიო“, „ფეხზე ჩააცვი, გაცივდება“, „ორპირში არ გყავდეს“ - სეტყვასავით ეხეთქება ჩემს ისედაც დამძიმებულ თავის ქალას და სადაც არის გასკდება. გამარჯობა! მე ახალბედა დედა ვარ  და მე მესმის შენი!