სიკვდილის წინ, თითქოს გრძნობდა, რომ მალე აღარ იქნებოდა, სამეფო ოჯახის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ადამიანმა და ბრიტანეთის მთავარმა ქალბატონმა წიგნის წერა დაიწყო. წიგნს პრინცესა დაიანას სულის ძახილს უწოდებენ, „პრინცესა დაიანა. მის მიერ მოყოლილი ცხოვრება“. ჩვენ შევკრიბეთ დიანა სპენსერის გულწრფელი ციტატები ავტობიოგრაფიული წიგნიდან:
1. ერთია, უყურო სამეფო ოჯახს გარედან და სულ სხვაა მის შიგნით ყოფნა! ბალმორალში არანაკლებ სიმკაცრეა, ვიდრე ბუკინგემის სასახლეში; დედოფალმა უბრალოდ არ იცის მკაცრი შინაგანაწესის გარეშე ცხოვრება, აქ ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იდოს და ყველაფერი წუთი-წუთში უნდა ხდებოდეს.
2. ჩარლზს პირველად ჩემი დის წყალობით შევხვდი. ნოუბოტლის ტყეში, ალთორპთან ახლოს, მელიებზე ნადირობა გაიმართა. ერთ-ერთი სტუმარი პრინცი ჩარლზი გახლდათ, როგორც სარას მეგობარი ბიჭი. ამის შესახებ რომ გავიგე, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ სკოლიდან ალთორპში მოვხვედრილიყავი. რომ არ გავეშვი, გავიქცეოდი. რა გამაჩერებდა სკოლაში იმ დროს, როდესაც პრინცი ჩვენს მამულში იყო?! არა, ეს შეუძლებელი გახლდათ"
3. ღმერთო! მისი გულისთვის ყველაფრისთვის მზად ვიყავი, თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მისი ღალატი ჩემზე დამღუპველად მოქმედებდა, ამას ვერ ვეგუებოდი, მაგრამ ამას გვიან მივხვდი, მანამდე კი... მანამდე ათასი ძახილის ნიშნითაც კი ვერ გამოვხატავ ჩემს ემოციებს.
4. ჩარლზი რბილი და თბილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი ისეა, როგორც მას უნდა. მეგობრებთან, საზოგადოებში თავაზიანი და თავშეკავებულია, ხმას არასდროს უწევს, არავის უყვირის ჩემ გარდა. ჩემთან ხმის აწევა კი სხვების თანდასწრებითაც შეიძლება, თან მორიდების გარეშე. იმიტომ ხომ არა, რომ ხალხმა იფიქროს, რომ არარაობა ვარ და ნაკლები ყურადღება მომაქციოს, მომესალმოს, გამიღიმოს, მესაუბროს, ბოლოს და ბოლოს, აღფრთოვანდეს ჩემით?
5. საკურთხეველთან, სადაც პრინცი მელოდებოდა, ნელა მიმავალმა, ნაცრისფერებში გამოწყობილი კამილა შევნიშნე, უაზრო შლაპასა და ვუალში, რომლის მიღმაც თითქოს თავისი მასიური ყბის დამალვა უნდოდა. ვაჟთან, ტომთან ერთად იყო. ვიცი, რომ კამილა ნაცრისფერ ვირთხად მომიხსენიებდა, თუმცა იმ დღეს ნაცრისფერი ვირთხა თავად იყო.
6. ძალით შერჩეული, მოვალეობის მოხდის მიზნით ნაჩუქარი საჩუქრების ნაცვლად ქმარს ხანდახან მაინც რომ ეთქვა ჩემთვის, რომ ვუყვარვარ, ამაზე იშვიათად მაინც რომ გვესაუბრა, ჩემზე ბედნიერი ქალი არ იქნებოდა, გავიფურჩქნებოდი ბედნიერებისაგნ, მაგრამ სამეფო ოჯახში გრძნობებზე არ საუბრობენ.
7. ჩემს სანახავად შეკრებილი ხალხის, ბრბოს აღფრთოვანება და სიყვარული მე არ მეკუთვნის, მათ მე კი არ ვუყვარვარ, არამედ პრინცესა, რომელიც იყო კონკია, იმას კი ვერავინ ამჩნევს, რომ ყოფილი კონკია ძალიან უბედურია.
8. არა, მე ჩემი ქმარი ძალიან მიყვარდა და განზრახული მქონდა ვყოფილიყავი ბედნიერი ცოლი, დედა, საბოლოოდ - დედოფალი. როდესაც საკუთარ თავს ამას ვპირდებოდი, დამავიწყდა დამედო იმის პირობა, რომ ბედნიერი საყვარელიც ვიქნებოდი ჩემი ქმრისთვის. არადა, ბედნიერი ცოლი ვერ იქნები, ბედნიერი საყვარელი თუ არ ხარ.
9. ჩვენი პირველი შეხვედრის დროს საოცარმა გრეის კელიმ გამამხნევა, ნუ გეშინია, უარესი წინ გელოდებაო. ღმერთო, რამდენჯერ გამხსენებია მისი სიტყვები.
10. სამეფო ოჯახის ქალები ფოლადისა და ბეტონისგან არიან შექმნილები, ისინი არ ნერვიულობენ, არ ავადმყოფობენ, მათ არ აქვთ ნერვები და გრძნობები, ისინი მზად არიან მშობიარობიდან ან ინფარქტიდან ნახევარ საათში გააგრძელონ თავიანთი მოვალეობის შესრულება.
11. სამეფო ბაღი ყველაზე მოსაწყენი ადგილია მსოფლიოში, ყველაზე ცივი, მდორე აუტანლად მშვიდი. ბუკინგემის სასახლეში, ბალმორალში, სანდრინჰემში, ნებისმიერ რეზიდენციაში აუტანელი სიჩუმე და სიცარიელეა.
12. ბედნიერება ძალდატანებით არ არსებობს. არ ღირს ამის თაობაზე ილუზიები. მიჩვევას, ატანას ძალიან ბევრი დრო დასჭირდება, ბედნიერებისთვის კი დრო უბრალოდ არ დაგრჩებათ.
13. ჩემს ვაჟებს მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვურჩიო - სანამ რჩეულს ხელს სთხოვენ ჯერ დარწმუნდნენ, რომ გოგონებს ვარდისფერი სათვალე არ უკეთიათ და ისე აღიქვემან მათ, როგორებიც სინამდვილეში არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაზე წრფელი სიყვარულიც კი კრახით დასრულდება.
14. ბებიაჩემმა ერთხელ სარკასტულად მითხრა, შენი მთავარი უბედურება ის არის, რომ არ შეგიძლია იყო ედინბურგის ჰერცოგიო. მე მივხვდი, რას ნიშნავდა ეს სიტყვები. მე არ შემეძლო არ დამეჩრდილა ჩემი მეუღლე ზუსტად ისე, როგორც პრინც ფილიპს არ შეუძლია დაჩრდილოს დედოფალი... იშვიათი ღირსებაა შეგეძლოს იყო ნახევარ ნაბიჯით უკან, თუმცა დედოფალი არასდროს სწევს თავის ქმარს უკან, მით უმეტეს ოჯახში.