ბავშვი ემიგრაციაში - როგორ დავეხმაროთ მას სტრესთან გამკლავებაში

27-07-2023

როგორ დავეხმაროთ ბავშვს სტრესთან გამკლავებაში ახალ ქვეყანაში გადასვლისას

დღესდღეისობით ბევრი ოჯახი იცვლის საცხოვრებელ გარემოს, სხვადასხვა მიზეზის გამო საცხოვრებლად გადადის სხვა ქვეყანაში. ახალ ქვეყანაში გადასვლა არა მხოლოდ ახალი შთაბეჭდილებებია, არამედ სტრესიც, თუმცა  ზრდასრულ ადამიანებს შეუძლიათ ამასთან დამოუკიდებლად გამკლავება, ბავშვები კი ძალიან მგრძნობიარეები არიან და უფროსების დახმარების გარეშე ამის გაკეთება გაუჭირდებათ. ამიტომ, მშობლის ამოცანაა, ბავშვის სხვა ქვეყანაში გადასვლა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ მოხდეს.  
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიგრაციის პროცესი ერთგვარი გამოწვევაა მთელი ოჯახისთვის და განსაკუთრებით - ბავშვისთვის. ამიტომ აუცილებელია, რომ ოჯახის წევრებმა ამისთვის მზადება წინასწარ დაიწყონ, ამ შემთხვევაში ჩვენ ფსიქოლოგიურ მზაობაზე ვსაუბრობთ.  მშობელი აუცილებლად უნდა დაუჯდეს ბავშვს და აუხსნას, რომ ოჯახმა სხვა ქვეყანაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. აღუწეროს, სად და რამდენი ხანი მოწევთ სხვაგან ცხოვრება. ისიც უნდა აუხსნას, როგორ შეიძლება შეიცვალოს ოჯახის ცხოვრება მიგრაციის შემდეგ.

ბავშვი ემიგრაციაში,

როგორ შევარჩიოთ სასაუბრო დრო?

ეს საუბარი უნდა შედგეს რაც შეიძლება ადრე, რაც უფრო გვიან შეიტყობს ბავშვი ამის შესახებ, მით მეტად ინერვიულებს მიღებული ახალი ინფორმაციის გამო. ერთი ან ნახევარი წლით  ადრეც რომ დაელაპარაკოთ ბავშვს, კარგი იქნება, მიეცით საშუალება, გარკვეული პერიოდი ამ ინფორმაციით იცხოვროს. არავითარ შემთხვევაში არ აარიდოთ თავი მის შეკითხვებს და ეცადეთ არ დატოვოთ მარტო მის განცდებთან, მასთან მუდამ კონტაქტში იყოთ. ყოველივე ამის შემდეგ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები მისთვის შედარებით უმტკივნეულოდ ჩაივლის.  
აუცილებლად უნდა აუხსნათ ბავშვს გადაადგილების მიზეზი. ეს უნდა მოხდეს მისთვის მაქსიმალურად გასაგებ ენაზე. 
ისიც დაუკონკრეტეთ, დაახლოებით რამდენი ხანი მოუწევს საკუთარი სახლის გარეშე ცხოვრება. მიეცით საშუალება აირჩიოს და თავად გადაწყვიტოს, რა შეიძლება დასჭირდეს თან წასაღებად. შეგიძლიათ ერად შეადგინოთ სია, სად უნდა მოასწროს წასვლამდე მისვლა და ვის უნდა გამოემშვიდობოს აუცილებლად. 

ბავშვი ემიგრაციაში,
 

რა დადებით მხარეებზე შეგვიძლია გავამახვილოთ ყურადღება?

აუხსენით, რომ სხვა ქვეყანაში გადასვლა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნათესავებთან და მეგობრებთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეს. მას ჩვეულებრივად შეეძლება მათთან კომუნიკაცია. ეს დღევანდელ დღეს არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. დაამშვიდეთ და გააგებინეთ, რომ მისი მშობლიური ენა არსად გაქრება, რომ სხვა ქვეყანაში გააგრძელებთ ამ ენაზე საუბარსა და კომუნიკაციას, ასევე - ფიქრს.ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი წინასწარ შეამზადოთ უცხო გარემოსთან ადაპტაციისთვის. ნელ-ნელა დაიწყეთ იმ ენის შესწავლა, რომელ ქვეყანაშიც აპირებთ საცხოვრებლად გადასვლას. აუცილებლად ჰკითხეთ ბავშვს, კონკრეტულად რით შეგიძლიათ მისი დახმარება, როგორც წესი, მათ ზუსტად იციან ხოლმე რა სურთ ამა თუ იმ მომენტში. მიეცით დრო და საშუალება, მოერგოს და გაეცნოს ახალ გარემოს, ხალხს, მეგობრებს. 
ნუ დაელოდებით სკოლაში უმაღლეს შედეგსა და ნიშნებს, თავდაპირველად მას დიდი ალბათობით გაუჭირდება უცხო ქვეყნის სასწავლო პროცესთან შეგუება.

ბავშვი ემიგრაციაში,
ახალი ქვეყნის დათვალიერება, ღირსშესანიშნაობების გაცნობა დაეხმარება ბავშვს ახალი ქვეყნის უკეთ აღქმასა და გაგებაში. ეცადეთ, ინფორმაცია ქვეყნის შესახებ გადასვლამდე მიაწოდოთ წიგნების, მულტფილმებისა თუ ზღაპრების მეშვეობით. ახალი ენის შესწავლა თავისთავად მისასალმებელი და კარგია, თუმცა არც მშობლიური ენა უნდა დაივიწყოს ბავშვმა.

რა უნდა გავითვალისწინოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში?

და ბოლოს, იმისათვის, რომ ბავშვმა სხვა ქვეყანაში გადასვლა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადაიტანოს, აუცილებელია შეინარჩუნოთ ის ყოველდღიური რუტინა, რაც საკუთარ სახლში გქონდათ. ეს მას დაეხმარება იმის გაგებაში, რომ თქვენ ყოველთვის მასთან ხართ და არასდროს მიატოვებთ. მიეცით საშუალება გაიჩინოს ახალი მეგობრები, თუმცა ნუ დააძალებთ ამის გაკეთებას. ეცადეთ, თავდაპირველად მაინც ყოველთვის მის გვერდით იყოთ. თუ ატყობთ, რომ ვერ უმკლავდებით ამ პრობლემას, აუცილებლად მიმართეთ ფსიქოლოგს.