ბავშვებს მუდმივად უწევთ ახალ-ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავება - ღილების და ელვის შეკვრიდან დაწყებული თვლა-ანგარიშით და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის სწავლით დამთავრებული. ერთი სიტყვით, მათ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ისეთი სიტუაციაა, როდესაც ბრძოლაზე ადვილი დანებებაა.
გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ზოგიერთი უნარ-ჩვევის შემთხვევაში, ისეთის, როგორიც არის შეუპოვრობა, ბრძოლისუნარიანობა, წინასწარ შეიძლება განისაზღვროს, როგორი მომავალი ექნება ბავშვს.
პენსილვანიის შტატის ერთ-ერთი წამყვანი ფსიქოლოგის მტკიცებით, ადამიანის წარმატებას ცხოვრებაში განაპირობებს არა ჭკუა, არამედ მიზანსწრაფულობა, საკუთარი თავის რწმენა, თვითკონტროლი და მაღალი ამბიციები.
შეაქეთ მცდელობის და არა შედეგის გამო
მეცნიერების დასკვნით, შეუპოვრობა ბავშვს უყალიბდება არა იმის გამო, როდესაც მას თანდაყოლილი ნიჭის გამო აქებენ, არამედ მაშინ, როდესაც უწონებენ მცდელობას. ამიტომ ყოველთვის შეაქეთ ბავშვი იმის გამო, რომ იგი თავდაუზოგავად ცდილობდა რაღაცის გაკეთებას და არა იმის გამო, რომ რაღაც კარგად გამოუვიდა. მხოლოდ ინტელექტის და გამარჯვების გამო შექებამ შესაძლოა ბავშვს ადრე თუ ვიან ჩავარდნის შიში გაუჩინოს. ის ყოველთვის ეცდება ისეთი მარტივი რამ გააკეთოს, რაც ზუსტად იცის, რომ გამოუვა, ყოველთვის თავს აარიდებს რისკებს.
ბავშვს უნდა ესმოდეს, მისი თანდაყოლილი ნიჭი და შესაძლებლობები არ არის რაღაც ფიქსირებული და უცვლელი. ნიჭი უნდა განავითაროს შრომისმოყვარეობით, მუდმივი პრაქტიკით და სიახლისკენ სწრაფვით. როდესაც ჩვენ შვილებს ვუნერგავთ დამოკიდებულებას პიროვნული ზრდის მიმართ, საკუთარი მაგალითით უნდა ვაჩვენოთ, რომ ყველა სირთულის გადალახვა შესაძლებელია, თუ არ დანებდებით. თუ ბავშვი ამას დაინახავს, დიდია ალბათობა იმისა, რომ მომავალში თავადაც არ დაემორჩილება წარუმატებლობას და გააგრძელებს წინსვლას, რაც არ უნდა მოხდეს. შრომას და შეცდომებს ბუნებრივ პროცესად აღიქვამენ და არა წარუმატებლობად.
ადამიანები თავს ყოველთვის უკეთ ვგრძნობთ მაშინ, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ პრობლემები მარტო ჩვენ როდი გვაქვს. გულახდილად მოუყევით ბავშვებს, რა რთულია ზოგიერთ პრობლემასთან გამკლავება. მოუყევით საკუთარი მაგალითები. ისინი უნდა მიხვდნენ, რომ შესაძლოა პრობლემებთან გამკლავება და რომ ეს ქვეყნის დასასრული არ არის.
ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვმა იგრძნოს, რომ რაღაცაში ძლიერია, რაღაც კარგად გამოსდის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გადასაჭრელი ამოცანა ოდნავ აღემატებოდეს მის შესაძლებლობებს, რაღაც უნდა იყოს მარტივი, რაღაც კი - შედარებით რთული, ზუსტად იმდენად რთული, რაც მას ოდნავ გამოიყვანს კომფორტის ზონიდან. ზედმეტად რთული დავალება ბავშვს გაანერვიულებს და მასში შფოთს გამოიწვევს, ზედმეტად მარტივი კი უბრალოდ მოსწყინდება.
ბავშვები და დიდებიც ძალიან ხშირად უბრაზდებიან საკუთარ თავს, თუ მათ რამე არ გამოსდით. თუ ბავშვი ხშირად იმეორებს, რომ მას რაღაც არ გამოუვა, ის საკუთარ თავს წარუმატებლობისთვის განაწყობს. ასწავლეთ, რომ საკუთარი თავი პოზიტიური ფრაზებით გაამხნეოს. მხარდამჭერი ფრაზები უნდა იყოს მარტივი, მოკლე და ადვილად დასამახსოვრებელი.
ფსიქოლოგები გვირჩევენ, არასდროს გავაკეთოთ ბავშვის მაგივრად ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავადაც შეუძლია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი არ არის დაზღვეული ნეგატიური ემოციებისგან. არ არის საჭირო ამისგან დაცვა. სირთულეები და მათი გადალახვა ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნული თვისებების ჩამოყალიბების პროცესში.
ყოველთვის აღნიშნეთ თქვენი შვილის სულ უმნიშვნელო მიღწევაც კი. ასე მას მორალურად გაამხნევებთ.