თუ ბავშვი მუდმივად დაკავებულია და სულ მეცადინეობს- რას იწვევს ეს

15-10-2022

„სამის შემდეგ უკვე გვიანია“

ადრეული განვითარების მეთოდიკის შემქმნელი, იაპონელი ინჟინერი მასარა იბუკა ირწმუნება, რომ „სამის შემდეგ უკვე გვიანია“. ამ ადამიანის მეთოდიკით შთაგონებული ახალბედა დედები საკუთარ შვილებს თითქმის ჩვილობიდან  წერენ ამ კურსებზე და ადრეული ასაკიდან ასწავლიან კითხვას, თვლას, სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას და ა.შ. ისინი შვილებს მუდმივად ამეცადინებენ, ყოველ წუთს რაღაცას ასწავლიან. რამდენად გამართლებულია ეს და რა შეიძლება გამოიწვიოს? ამას ნამდვილად არ გულისხმობდა იბუკა. 

რაც უფრო დაკავებულია უფრო განვითარებულია?

ბევრ დედას მიაჩნია, რომ რაც უფრო დაკავებული იქნება მისი შვილი, მით მეტად განვითარდება.  ისინი თვლიან, რომ ბავშვს თავისუფალი დრო არ უნდა ჰქონდეს. ასეთი დედების შვილების დღე, ყოველი წუთი გაწერილია - დილით თუ კითხულობენ, შუადღეს ხატავენ, საღამოს ძერწავენ და ა.შ. თუმცა მსგავსმა მიდგომამ შესაძლოა ძალიან ცუდი შედეგი გამოიღოს და გენიოსი ბავშვის ნაცვლად, ჩამოყალიბდეს უინტერესო, აბსოლუტურად უინიციატივო ადამიანი. 

თავისუფალი დრო, ბავშვი,

რატომ ხდება ასე?

1. როდესაც ვგეგმავთ ბავშვის თითოეულ წუთს, ამით არ ვუტოვებთ მას დროს და საშუალებას, თავად სცადოს რამის გაკეთება, საკუთარი სურვილების გათვალისწინებით. ბავშვი ეჩვევა, რომ მის ნაცვლად გადაწყვეტილებებს სხვა იღებს და მის აზრს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შესაძლოა მას უნდოდეს უბრალოდ მანქანებით ან კუბებით თამაში, მაგრამ ამას ვერ გააკეთებს, იმიტომ, რომ დედამ დაუგეგმა ამ დროს წიგნის კითხვა. 
2. ფანტაზია და დამოუკიდებლობა ის უნარებია, რომლებსაც თავისუფალი თამაშები ავითარებს. როდესაც ბავშვს აქვს სათამაშოები და არ აქვს შეზღუდული თამაშის შესაძლებლობა, არ აქვს დაწესებული რეგლამენტი და შეუძლია ითამაშოს ისე, როგორც მას უნდა, მას აუცილებლად განუვითარდება წარმოსახვა, ააშენებს სასახლეს პრინცესისთვის, დახატავს ფანტასტიკური ჟანრის ცხოველს და ა.შ. 

თავისუფალი დრო, ბავშვი,
3. თავისუფალი თამაში ბავშვისთვის ერთგვარი დასვენებაა, ეს არის მომენტი, როდესაც ბავშვის ტვინი ამყარებს და გამომუშავებულ უნარებს. როდესაც მშობელს ჰგონია, რომ მისი შვილი არაფერს აკეთებს და ღრუბლებში დაფრინავს, ამ დროს ბავშვის ტვინი ინტენსიურად მუშაობს და ვითარდება. 
4. რაც უფრო მეტად დავაკავებთ ბავშვს, მით მეტად გავურთულებთ იმის გაგებას, თუ რა უნდა რეალურად და რისი გაკეთება გამოსდის ან არ გამოსდის. აქედან გამომდინარე ქრება ინტერესი, ის დარწმუნებულია, რომ დედა მის მაგივრად ყველაფერს გადაწყვეტს. 
5. მუდმივად მეცადინეობა იწვევს ქრონიკულ გადაღლას. თუ ბავშვს არ აქვს დრო და საშუალება, რომ დაისვენოს, ის უბრალოდ ვერ აღიდგენს დაკარგულ ენერგიას. დროთა განმავლობაში ეს იწვევს მისი კოგნიტიური შესაძლებლობების დაქვეითებას და ინტერესის გაქრობას. 

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა. ერთის მხრივ ბავშვს უნდა შევუქმნათ გარემო, სადაც ის მოახერხებს სრულფასოვნად განვითარებას და მეორე მხრივ დავუტოვოთ თავისუფალი დრო და სივრცე, რათა მან მოახერხოს საკუთარი ინტერესების რეალიზება და დასვენება, განტვირთვა.

თავისუფალი დრო, ბავშვი,

როგორ ვიპოვოთ ოქროს შუალედი?

ბავშვის აღზრდა და განვითარება მუდმივ კომპრომისებზე წასვლას მოითხოვს. მშობელმა უნდა დააბალანსოს ბავშვის ინტერესების დაცვა და მისი სწორი მიმართულებით წარმართვის აუცილებლობა. ამისთვის კი საჭიროა პირველ რიგში ბავშვზე დაკვირვება. მას ის კი არ უნდა გავაკეთებინოთ, რაც ერთ დროს ჩვენ არ გამოგვივიდა და ძალიან გვინდოდა, არამედ უნდა გავიგოთ, რა აინტერესებს  და რა გამოსდის თავად. უნდა შევთავაზოთ სხვადასხვა ვარიანტი, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ვერც კი მივხვდეთ, რისკენ აქვს მიდრეკილება ბავშვს და რა გამოსდის კარგად. თუ შევატყობთ, რომ ამა თუ იმ საგნის ან აქტივობის  მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს, უნდა ჩავუღრმავდეთ. აუცილებლად უნდა დავუტოვოთ დრო დასვენებისთვის. მას უნდა ჰქონდეს პირადი სივრცე და ამ პერიოდში შეუძლია აკეთოს ის, რაც თავად უნდა იმ მომენტში, შესაძლოა ეს იყოს ეზოში, პარკში, სტადიონზე ან სახლში თამაში. ეს არ არის უქმად დაკარგული დრო, ამ დროს მას უვითარდება ფანტაზია, წარმოსახვა, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი. 

თუ ბავშვს არ მოსწონს რომელიმე წრეზე სიარული, ცოტა ხნით ნუ ატარებთ, არ მისცეთ საშუალება მყისიერად დაანებოს ამ წრეს თავი, მიეცით დრო შეისვენოს და ისევ სცადოს. შესთავაზეთ, სანამ საბოლოოდ მიიღებდეს მისთვის თავის დანებების გადაწყვეტილებას, სცადოს კიდევ ერთხელ. 
ამავდროულად, თუ ატყობთ, რომ მართლაც არ აინტერესებს რაღაც და არც გამოსდის, ნუ დააძალებთ, დაუდგინეთ გამოსაცდელი დრო და თუ ამ დროში ცვლილება ვერ შეატყვეთ, ნუ აწვალებთ. ეცადეთ ენდოთ ბავშვს, მაგრამ თან დააკვირდით. დაკვირვების პროცესი მას ხელს არაფერში შეუშლის. თქვენი ინტუიცია და ბავშვის ინტერესები და მათი რეალიზება განსაზღვრავს საბოლოოდ მის წარმატებას.