მოდით, დავიწყოთ ძირითადით, ანუ იმით, რომ უცხო ადამიანი საშიშად არ მოვნათლოთ, რადგან ყველა უცხო ადამიანი ბოროტი და საშიში ნამდვილად არ არის. უცხო ადამიანები და მათთან ურთიერთობა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და თუ ბავშვს ყველა მისთვის უცნობის შეეშინდება, ეს მას ხელს შეუშლის იმაში, რომ საზოგადოებაში თავი კომფორტულად იგრძნოს, ასევე გაურთულებს მეგობრების შეძენის და მათთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბების პროცესს. გვერწმუნეთ, ეს გამოსავალი არ არის.
ცნება „საეჭვო“ ძალიან სუბიექტური კატეგორიაა. ვიღაცას შესაძლოა საეჭვოდ მოეჩვენოს ადამიანი, რომელიც ბევრს ლაპარაკობს, ვიღაცას კი - ის, ვინც კუთხეში დგას ჩუმად. ბავშვებში სიტყვა „საეჭვო“ მხოლოდ ერთ რაღაცასთან ასოცირდება - ეს არის პირობითად კაცი შავ ქურთუკში, შავ სათვალეში და შავი ჩანთით. ბავშვების ყურადღება სწორედ მსგავს ტიპაჟზე კონცენტრირდება და საერთოდ არ მოეჩვენებათ სახიფათოდ ადამიანი, რომელიც მოკრძალებულად, მოწესრიგებულად გამოიყურება.
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი წლის არის ბავშვი. სკოლამდელ ბავშვს შეგიძლიათ აუხსნათ მაგალითად, რომ ადამიანები კანფეტებივით არიან, რომ ტანსაცმელი ადამიანისთვის იგივეა, რაც კანფეტისთვის შეფუთვა. როდესაც შეფუთვა ლამაზი და თვალისმომჭრელია, გგონია, რომ კანფეტიც გემრიელი უნდა იყოს, თუმცა ყოველთვის ასე არ არის, ზოგჯერ მართლა გემრიელია, ზოგჯერ კი - ძალიან უგემური, იმიტომ, რომ ის უბრალოდ გაფუჭდა. ანუ სამოსი არავითარ შემთხვევაში არ განსაზღვრავს ადამიანის ხასიათს. არასდროს არ ღირს იმის შემოწმება, როგორია ესა თუ ის უცნობი ადამიანი, საუკეთესო გამოსავალია მას უბრალოდ გაეცალო.
სკოლის ასაკის ბავშვსაც თითქმის ასევე შეგიძლიათ აუხსნათ, მაგრამ, უნდა დარწმუნდეთ, რომ მან ზუსტად გაიგო, რა უთხარით.
აუხსენით, რომ ყველა ბოროტი ადამიანი ცუდად რომ გამოიყურებოდეს და ასე ადვილად რომ გამოირჩეოდეს ხალხში, მაშინ მას ყველა მოერიდებოდა და მისთვის ბოროტების ჩადენა ძალიან რთული იქნებოდა. ასეთ ადამიანებს სჭირდებათ შენიღბვა, ისინი ცდილობენ ადამიანებს თავი თავაზიანად მოაჩვენონ, რათა ნდობა მოიპოვონ. მსგავს სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდეს და რომ არ შეცდეს, უმჯობესია უცნობ ადამიანებს მოერიდოს და დისტანცია დაიკავოს.
იმიტომ, რომ ბავშვებს არ ესმით აბსტრაქტული ცნებები, მათ სჭირდებათ კონკრეტული, თვალსაჩინო მაგალითი, რომ შეადარონ და დაინახონ სხვაობა. 12-13 წლის ასაკიდან კი მშვიდად შეგიძლიათ დაუჯდეთ და აუხსნათ თქვენს შვილს, რომ ყველა ისეთი როდი არის, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს და სჯეროდეს, რომ დედამიწაზე კეთილი ადამიანები ბევრად მეტნი არიან, ვიდრე ბოროტები, მათი გარჩევა ადვილი არ არის, ამიტომ ამ შემთხვევისთვის წესი უცვლელია დიდებისთვისაც და ბავშვებისთვისაც - მოერიდეთ თქვენთვის უცნობ ადამიანებს.
როცა მის გვერდით არ არიან მისი მშობლები, უცნობ ადამიანს არ უნდა გამოელაპარაკოს, არ გაჰყვეს არსად, თუ იგრძნო რაიმე საფრთხე, იყვიროს ხმამაღლა და ყოველთვის უამბოს მშობლებს ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელოა.