ბავშვის ცხოვრებაში პირველი და უმნიშვნელოვანესი ადამიანი დედაა. დედის გვერდით ყოფნა უზრუნველყოფს ბავშვის უსაფრთხოების შეგრძნებას და მის განვითარებას. იცოდით, რომ დედის თვალებია ჩვილის პირველი ორიენტირი გარე სამყაროს აღსაქმელად და საკონტაქტოდ? ალბათ ყველა დედას დააინტერესებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს დედის გამოხედვას ბავშვისთვის და როგორ აისახება ის შვილის მომავალზე.
70-იან წლებში ამერიკელმა ფსიქოლოგებმა ჩაატარეს კვლევა სახელწოდებით „გაქვავებული სახე“.
ჩვილების დედებს შესთავაზეს ბავშვთან ურთიერთობა, თამაში. ცოტა ხანში, ფსიქოლოგების თხოვნით, დედები მოშორდნენ ბავშვებს რამდენიმე წამით და დაუბრუნდნენ უკვე გაქვავებული, უემოციო სახით. ჩვილი მყისიერად გრძნობს ცვლილებას დედის გამოხედვაში, შფოთავს, ყველანაირად ცდილობს დაუბრუნოს დედას პირვანდელი გამომეტყველება და საბოლოოდ იწყებს ტირილს. ცოტა ხანში დედას ისევ ეცვლება გამომეტყველება, მის თვალებში იკითხება ზრუნვა და სითბო. ჩვილიც, შესაბამისად მშვიდდება, უხარია და განაგრძობს დედასთან თამაშს.
ეს შთამბეჭდავი ექსპერიმენტები იმის დემონსტრირებაა, თუ რა მნიშვნელოვანია შვილისთვის დედის ემოციები, მისი შინაგანი მდგომარეობა.ისეთი სოციალური უნარები, როგორიც არის ემოციების ამოცნობა, ადამიანების პოზიციების განსაზღვრა, ბავშვს ადრეულ ასაკში უვითარდება მხოლოდ დედასთან ახლო, სრულფასოვანი კონტაქტის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვის ინტელექტუალური და სოციალური განვითარება საგრძნობლად შეზღუდულია. ბავშვი გარე სამყაროს დედასთან ურთიერთობით, დედის მისადმი დამოკიდებულების შედეგად აღიქვამს. სწორედ მშობლებთან და სიცოცხლის პირველ დღეებში - დედასთან ურთიერთობა განსაზღვრავს სამომავლოდ ბავშვის თვითშეფასებასა და მის კავშირს საზოგადოებასთან.
თუ დედა შფოთავს, არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში, მუდმივად ღელავს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბავშვსაც მუდმივად შეშინებული შეჰყურებს, ეს ემოციები გადადის ბავშვზე და ისიც ღიზიანდება, თავს დაუცველად გრძნობს და მუდმივად განიცდის შიშის გრძნობას ზრდასრულ ასაკშიც კი და ეძებს ვინმეს ან რამეს, რომელიც ამ შიშის და შფოთის დაძლევაში დაეხმარება. აქედან ფორმირდება სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულებები ამა თუ იმ ფაქტორის მიმართ. ხშირად გვსმენია იმის შესახებ, რომ მშობლები შვილის მეშვეობით საკუთარი ამბიციების რეალიზებას ახდენენ. ბავშვს მხოლოდ დედ-მამის ჩართულობის და ინტერესის შედეგად შეუძლია საკუთარი ნიჭის განვითარება, ამბიციური მშობლები, როგორც წესი, ძალიან მომთხოვნები არიან. ისინი ბავშვს წარმატებისთვის ძალიან მაღალ თამასას უწესებენ. მათი გამოხედვა ხშირად არის უკმაყოფილო და იმედგაცრუებული.ბავშვი კი ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ დედა გაახაროს, ამავდროულად აწუხებს არასრულფასოვნების კომპლექსი. ასეთი კრიტიკული გამოხედვების შედეგად, საბოლოოდ ის კარგავს საკუთარი თავის და ოდესმე წარმატების მიღწევის რწმენას. რწმუნდება, რომ ვერასდროს გახდება სრულყოფილი, ვერასდროს გაამართლებს დედის იმედებს და უარს ამბობს ამა თუ იმ აქტივობაზე, იქნება ეს შემოქმედებითი თუ სხვა სახის.
უკმაყოფილო დედის გამოხედვის შედეგად აქტიური, ინტერესით აღსავსე ბავშვი აპათიურ, ცინიკურ მოზარდად გადაიქცევა. ასეთი ბავშვების გარდატეხის ასაკში იმედგაცრუებულები არიან ცხოვრებით, არ არიან მზად გახდნენ დამოუკიდებლები, ისინი მუდმივად დაძაბულები არიან, ეჭვი ეპარებათ ყველაფერში და ეს თვითკონტროლი ხელს უშლით ცხოვრების ბოლომდე აღქმასა და მისით ტკბობაში. რაც შეეხება აღფრთოვანებულ გამოხედვას, საწყის ეტაპზე ის ბავშვს აძლევს სტიმულს, თუმცა მიჩვეული მუდმივად აღფრთოვანებას ძალიან მტკივნეულად აღიქვამს მცირე კრიტიკასაც კი. ის მუდმივად მოითხოვს გარშემო მყოფთაგან მისით აღფრთოვანებას და თუ ამას ვერ მიიღებს, გაღიზიანდება და საკუთარ ემოციებს აგრესიით გამოხატავს.ადამიანები, რომლებიც ბავშვობაში მოკლებულები იყვნენ მშობლის ემოციურ ყურადღებას, ზრდასრულ ასაკში ფსიქოლოგებთან ვიზიტისას აღნიშნავენ ხოლმე, რომ თავს ისე გრძნობენ, თითქოს უბრალოდ არ არსებობენ, არ დაბადებულან. რა თქმა უნდა, მსგავსი გრძნობები ყველას არ გააჩნია, თუმცა ქვეცნობიერად ეს განცდა მაინც არსებობს, რაც გამოიხატება აგრესიითა და უხეშობით სხვა ადამიანების მიმართ. დედის სითბო, სიხარული, სიყვარული და მზრუნველობა ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია, რაც ბავშვს საკუთარი თავის პოვნასა და თვითდამკვიდრებაში ეხმარება.
სრულფასოვანი და ბედნიერი ადამიანი დედის ალერსიანი მზერის ქვეშ ყალიბდება.