მეგობრობა ურთიერთმიჯაჭვულობა, სულიერი კავშირი და თანადგომაა. რაც მეტი ერთგული მეგობარი გვყავს, მით უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს ადამიანები. როგორ ვასწავლოთ ბავშვებს მეგობრობა?
ყველა ბავშვი არ იბადება ინტუიციური ცოდნით იმის შესახებ, თუ როგორ შექმნას და შეინარჩუნოს ემოციური კავშირები. ამიტომ მეგობრობას სწავლა უნდა. ამაში, ისევე, როგორც სხვა ბევრ რამეში, ბავშვს უფროსი უნდა დაეხმაროს, გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება, დაანახოს საკუთარი მაგალითები და უკარნახოს, როგორ მოიქცეს. ამ შემთხვევაში შესანიშნავი მაგალითია საკუთარი დამოკიდებულება მეგობრების მიმართ. არანაკლებ მნიშვნელოვანია გზავნილები და აქცენტები, რომლითაც ბავშვი იხელმძღვანელებს და რომელსაც დაეყრდნობა ადამიანებთან ურთიერთობაში.
1-3 წლის ბავშვები თამაშობენ ერთმანეთის გვერდით და არა ერთმანეთთან. მათთვის სათამაშოები უფრო საინტერესოა, ვიდრე პარტნიორები. „მეგობრისგან“ ყველაზე ხშირად ელოდებიან გართობაში აყოლას. ამ დროს მშობლის ამოცანაა დაეხმაროს ბავშვს სხვა ბავშვში მასავით „საინტერესო“ ადამიანის ამოცნობაში.
ამისთვის საჭიროა გაამახვილოთ ყურადღება ბავშვის პიროვნულ თვისებებზე. მაგალითად: ნახე, როგორ მოგეფერა, როგორ თანაგიგრძნო და ა.შ. ხაზი გაუსვით მსგავსებას მათ შორის, მაგალითად, ნახე, ისიც შენსავით ცეკვავს, ისიც შენსავით იცინის და ა.შ.
მყარი კავშირები ყალიბდება ბავშვებში მაშინ, როდესაც ისინი ერთად არიან დაკავებული საინტერესო საქმიანობით. და როდესაც საერთო საქმიანობიდან გამომდინარე იზრდება ორი ბავშვის ინტერესი ერთმანეთის მიმართ, იწყება მეგობრობა. სკოლამდელი ასაკის ბავშვების საერთო ინტერესი, როგორც წესი, თამაშებია, სკოლის ასაკის ბავშვებში კი აქცენტი უფრო საერთო აქტივობებზე, სეირნობაზეა გადატანილი. რაც უფრო დიდია ბავშვი, მით მეტი მოთხოვნილება აქვს, რომ სხვა ბავშვთან, მეგობართან დაამყაროს ემოციური კავშირი.
ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ნამდვილი მეგობრობა მაშინ ყალიბდება, როდესაც მეგობარს თავად აირჩევს. მშობლებმა უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვებს, რომლებიც არ არიან დარწმუნებულები საკუთარ თავში და ინიციატივას ყოველთვის სხვისგან ელოდებიან, უჭირთ მეგობრების გაჩენა და ზოგადად საზოგადოებაში ადაპტირება. ამიტომ ეცადეთ ბავშვს აუხსნათ, რომ ფრაზა, მე არავის მოვწონვარ და ჩემთან მეგობრობა არავის უნდა, უბრალოდ არ არსებობდეს მის ლექსიკონში. მას შეუძლია თავად შესთავაზოს სხვა ბავშვს, რომ „მოდი, ვიმეგობროთ“, „მე ვიცი საიდუმლოს შენახვა“, „მე ვიცი კარგი მეგობრობა“.
მშობელმა ბავშვს უნდა ასწავლოს, რომ მეგობრობაში მთავარი სხვისი მოსმენა, გაგება და თანაგრძნობა. არ არის აუცილებელი, ორი მეგობარი იყოს ერთნაირი, მათ შესაძლოა გააჩნდეთ საკუთარი, განსხვავებული მოსაზრებები, არ უნდა ელოდოს, რომ მეგობარი მას აუცილებლად ყველაფერში დაეთანხმება, თუმცა მეგობრებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის აზრს. პატივისცემა ამყარებს მეგობრობას, ამას მოჰყვება ერთგულება და სიყვარული.
მეგობარს არ უნდა მოსთხოვოს, რომ ყველაფერში დაუთმოს. დათმობებზე თავადაც მოუწევს წასვლა. მეგობრობა ორმხრივი პროცესია, რომელსაც მოფრთხილება უნდა.